Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის სანავსადგურო ქალაქ უმ ყასრში ბრიტანეთის ახალ ადმინისტრაციას თავშეკავებით შეხვდნენ


სამხრეთ ერაყის სანავსადგურო ქალაქი უმ ყასრი პირველი და, ჯერჯერობით, ერთადერთი ქალაქია, რომელსაც აშშ-ისა და ბრიტანეთის ჯარები მთლიანად აკონტროლებენ. ქალაქში ბრძოლების

შემდეგ უმ ყასრი იწყებს ნომალური ცხოვრების აღდგენას, თუმცა უკვე სხვა - არა სადამ ჰუსეინის, არამედ ბრიტანეთის არმიის - ხელისუფლების ქვეშ. ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ჩარლზ რეკნაგელი უმ ყასრში იმყოფებოდა და რეპორტაჟი გამოგვიგზავნა იქაური ცხოვრების შესახებ.
[რეკნაგელის ხმა]
"მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მთავარ ქუჩებზე ბრიტანეთის არმიის ავტომანქანები მოძრაობს და დგას გზაჯვარედინებზე, უმ ყასრი, ერთი შეხედვით, უფრო მეტად კვლავ სადამ ჰუსეინის კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილს ჰგავს".
სადამ ჰუსეინის პორტრეტებს შეხვდებით ქალაქში ნავსადგურის შესასვლელთან, ასევე დიდ შენობებზე, უფრო ხშირად კი პატარა შენობების კედლებზე, მოზაიკის სახით. სადამი სურათებზე იღიმება, კოსტიუმშია გამოწყობილი, ან ერთი ხელით თოფს ისვრის და ყოველთვის ენერგიულ და ცოცხალ შთაბეჭდილებას ტოვებს. ბრიტანელები შეუდგნენ ამ 40 ათასიანი ქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მის მომარაგებას.
ქალაქის ცენტრში, სადაც ბრიტანელებმა შტაბბინა მოაწყვეს, მამაკაცთა ჯგუფია შეკრებილი და ახალ ხელისუფლებასთან პირველ კონტაქტს ამყარებს. საზოგადოება ჭრელია - განათლებულ მოქალაქეებთან ერთად ღარიბად ჩაცმული მუშები და პატარა ბიჭებიც დგანან. თითოეულ მათგანს ბრიტანელი ოფიცრისთვის, რომელიც შეიარაღებული ჯარისკაცებით დატვირთულ მანქანებს შორის მიდი-მოდის, რაღაც მნივშნელოვანის თქმა სურს. მოჰამედი, რომელიც თავს ნავსადგურის ინჟინრად წარმოადგენს, ამბობს, რომ სურს სთხოვოს ბრიტანელებს, ნუ ესვრიან მაროდიორებს. მას მერე, რაც ქალაქი ერაყის არმიამ და ხელისუფლებამ მიატოვა, უმ ყასრში მაროდიორობა გავრცელდა. ორგანიზაციების შენობები და მაღაზიები გაძარცვეს, იპარავდნენ ტექნიკას და ავეჯს. ბრიტანელების შტაბი ნავსადგურის ადმინისტრაციულ შენობასა და ერაყის სადაზვერვო სამსახურის სასტუმროში მდებარეობს. ეს შენობები მთლიანად გაიძარცვა, ტუალეტების ჩათვლით. წაიღეს ყველაფერი, საწოლებიც კი. ორდღიან მაროდიორობას მოსულმა ჯარისკაცებმა მოუღეს ბოლო, დააპატიმრეს რა ბევრი ქურდი. მოჰამედს არ ესმის, რატომ ესვრიან ჯარისკაცები მაროდიორებს. [მოჰამედის ხმა]
"როცა ვინმე კონდიციონერს იპარავს, არ არის სწორი, მაგრამ არ მოკლათ, კარგი? დაიჭირეთ. ბოლო დღეებში ხალხი ამის გამო დახოცეს, სხვათა შორის, 16 წლის გოგო, 32 და 45 წლის კაცები. რატომ აკეთებენ ამას? ვინმეს დაჭერა თუ გსურთ, გვითხარით, ჩვენ დავიჭერთ, მარგამ ასე ნუ იქცევით, ყველა შეშინებულია."
მოჰამედის ბრალდებას უარყოფენ ბრიტანელები და, ალბათ, მომავალშიც ძნელი იქნება მტყუან-მართლის გარკვევა.
ქუჩაში შეკრებილთა შორის არის ღარიბად ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც ნათესავი დაეკარგა ქალაქში ბრძოლების დროს. მას მერე, რაც ერთ-ერთი ოფიცერი, რომლის სამკერდე ნიშანი გვამცნობს, რომ ის სამოქალაქო საქმეთა პასუხისმგებელია, მიასწავლის, სად უნდა ეძებოს ნათესავი. ის, მეტად კმაყოფილი, ათას მადლობას ეუბნება ოფიცერსა და ახალი, თვითგამოცხადებული, ხელისუფლების წარმომადგენლებს. სამოქალაქო საქმეთა პასუხისმგებელმა, კაპიტანმა ჯონ თომპსონმა ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ დაკარგულები შეიძლება ბრძოლების დროს აიყვანეს ტყვედ ან მაროდიორობისთვის დაიჭირეს. თომპსონის თქმით, მათ ეშინიათ, რომ ხალხი დაიკარგება, როგორც ეს ჰუსეინის დროს ხდებოდა, და ვეღარასოდეს ნახავენ. თომპსონი ცდილობს იქ მყოფთ აუხსნას, რომ ასე აღარ იქნება, მაგრამ შეკრებილთა მხოლოდ მცირე ნაწილს სჯერა ახალი წესწყობილებისა. ერთ-ერთი მათგანი, პროფესიით ინგლისურის მასწავლებელი, ამბობს, რომ ხალხი სადამ ჰუსეინის კრიტიკას კვლავაც თავს არიდებს და თვითონაც უარს ამბობს, ვინაობა გაამხილოს, თუმცა რეჟიმის დიდი უკმაყოფილოა. მისეულ კრიტიკას იქ მყოფნი არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ მხარსაც ერთი-ორი თუ უბამს. ჩვენი ნაცნობი ნავსადგურის ინჟინერი მოჰამედი, ერთი კორესპონდენტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს უმ ყასრში ხელისუფლების ცვლაზე, უპასუხებს, რომ ადრეა ასეთი სახიფათო შეკითხვების დასმა:
[მოჰამედის ხმა]
"გთხოვთ, ნუ მეკითხებით ასეთ რამეს, რადგან ერთ კვირაში შეიძლება მქონდეს პასუხი. ერთ ან ორ კვირაში გეტყვით, რას ვფიქრობ. ახლა კარგად ვფიქრობ".
ინჟინერს და მის თანაქალაქელებს ვერ დაუმტკიცებ, რომ ახლად მოსულები ისევე სწრაფად არ წავლენ, როგორც მოვიდნენ. ან, შეიძლება, მათი სიფრთხილის წყარო უნდობლობაა ახალმოსულთა მიმართ. მოჰამედმა ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, ამერიკელები და ბრიტანელები მხოლოდ რამდენიმე თვე უნდა დარჩნენ, შემდეგ კი წავიდნენ, თორემ მათ მიერ, ვინც ისინი კარგად მიიღო, დამპყრობლებად იქნებიან მიჩნეულებიო.
ჩვენი კორსპონდენტი ერაყში ჩარლზ რეკნაგელი თავისი რეპორტაჟის ბოლოს ამბობს, რომ უმ ყასრელების განწყობილებისგან განსხვავებულია მეზობელი ქალაქის საფვანის მოსახლეობის დამოკიდებულება. ამ ქალაქში აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედროებმა ძველი ხელისუფლება დატოვეს, თვითონ მხოლოდ მაგისტრალებს აკონტროლებენ. ჩარლზ რეკნაგელი შეესწრო, როგორ გაჰყვიროდა ხალხი იქ სადამის მომხრე ლოზუნგებს, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების გასაგონად.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG