Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ერაყის ომთან დაკავშირებით განვაგრძობთ უცხოეთის პრესის მიმოხილვას. როგორც გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, ამჯერად,

როცა ომი ერაყში დღითიდღე უახლოვდება დასასრულს, გასარკვევი ისაა, მართლაც ფლობს თუ არა ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღს, რაც საომარ მოქმედებათა დაწყების ძირითად მიზეზად იყო მოხსენიებული.
გაზეთი წერს:

"უმრავლესობა დასავლელი მიმომხილველებისა დარწმუნებულია იმაში, რომ ბაღდადს, ყოველ შემთხვევაში, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გარკვეული რაოდენობა გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში ერაყის ხელმძღვანელობა თავიდან აიცილებდა სამხედრო ოპერაციას და ოფიციალურად დაადასტურებდა, რომ ადრე მიკვლეული ქიმიური და ბიოლოგიური ირაღი ერაყში, ლიკვიდირებულ იქნა. ხოლო თუ ერაყი ფლობს აკრძალულ იარაღს, მაშინ ბატონ ჰუსეინს არნახული თავშეკავების უნარი ჰქონია, როცა ეს იარაღი არ გამოიყენა".

ხოლო გაზეთი "ჩიკაგო ტრიბიუნი" იმითაა შეშფოთებული, ვაი თუ ამ ომის, ან უშუალოდ მისი დამთავრების შემდეგ, მასობრივი განადგურების იარაღის ფართომასშტაბიან გავრცელებას ექნეს ადგილი. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"კოალიციის ძალებმა უკვე ნახეს ერაყში სარწმუნო სამხილი იმისა, რომ სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების იარაღს ფლობს. ახლახან, ბრიტანელმა ჯარისკაცებმა ქალაქ საბრაში ნახეს აირწინაღები, ქიმიური იარაღის ანტიდოტები და დამცავი ტანსაცმელი, თითქმის ყველაფერი, თავად იარაღის გარდა. მაგრამ ჰუსეინისაგან მომდინარე საფრთხე ერთი ხელის მოსმით როდი გაქრება მისი მოკვლის, ან დატყვევების შემდეგ... დღეს, როცა ერაყის მთავრობა დემორალიზებული დაშლილია, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი იმ ოფიცრებს ჩაუვარდებათ ხელში, არავის წინაშე რომ არ აგებენ პასუხს. და ამ ადამიანებმა ანგარების, ან კიდევ შეერთებული შტატებისადმი სიძულვილის მოტივით შესაძლოა, ტერორისტულ დაჯგუფებებს მიჰყიდონ, ან სულაც აჩუქონ ეს იარაღი".

ბედის ირონიით, ქურთებს, წლების მანძილზე რომ დევნიდა და ავიწროებდა ბაღდადი, კარგს არაფერს უქადის სადამ ჰუსეინის დამხობა -მიიჩნევს ბრიტანეთის გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" და სარედაქციო სტატიაში დასძენს:

"თუ სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაემხობა, ქურთების ოცნებაა საკუთარ კონტროლქვეშ მოაქციონ ქალაქი კირკუკი და მიმდებარე ნათვობსაბადოები, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფო დააარსონ. თუმცა, სწორედ ამგვარმა პერსპექტივამ შეიძლება ომისკენ უბიძგოს თურქეთს. ხოლო თუ თურქები ჩრდილოეთ ერაყს დაიკავებენ, კონფლიქტში შესაძლოა ირანიც აღმოჩნდეს ჩათრეული."

გაერთიანებული არაბული საამიროების გაზეთ "ალ-ითიჰადში" გამოქვეყნებულია ქუვეითის ინფორმაციის ყოფილი მინისტრის დოქტორ საიდ ბინ თიფლაჰ ალ-აჯამის წერილი, რომელშიც ერაყის ინფორმაციის მინისტრი მოჰამად საიდ ალ-საჰაფია გაკრიტიკებული ერაყის ომთან დაკავშირებით გაკეთებული უსაფუძვლო და გამომწვევი განცხადებებისთვის.

"ერაყის ინფორმაციის მინისტრი არაბული მედიის ისტორიაში დამიკვიდრებს ნამდვილად სამუდამო ადგილს. მის სახელს ბევრჯერ ახსენებენ არაბეთში, ისევე, როგორც ნაცისტების პროპაგანდის მინისტრის გებელსის სახელს იმეორებენ დასავლეთში" - დასძენს გაზეთი "ალ-ითიჰადი".
XS
SM
MD
LG