Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე - სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის დროებითი თავმჯდომარე. ვინ დაიკავებს ვაკანტურ პოსტს?


იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით მინისტრის მოადგილე კახა კობერიძე შეასრულებს. მან სამინისტროდან უკვე გადაინაცვლა დეპარტამენტში,

რომელსაც მანამდეც უშუალოდ კურირებდა. დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ პაატა მხეიძემ თანამდებობა საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრის სურვილით დატოვა. ამჟამად იგი იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის დირექტორია და ნაკლებსაპასუხისმგებლო თანამდებობიდან იწყებს თერჯოლის მაჟორიტარის წინასაარჩევნო კამპანიას. რაც შეეხება სასჯელაღსრულებით დეპარტამენტს, მისი თავმჯდომარეობის მოსურნეთა რიცხვი მოსალოდნელზე გაცილებით მცირეა.

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიერ სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობის შეთავსება ექსტრემალური ვითარებით განპირობებული დროებითი ნაბიჯია, ამ შეთავსებას ექსპერტები ოპტიმალურ აუცილებლობად განიხილავენ. მათი მოსაზრება ეყრდნობა ევროსაბჭოს რეკომენდაციას დეპარტამენტის, როგორც ზედმეტი ბიუროკრატიული რგოლის, გაუქმების თაობაზე. რეკომენდაცია პირველად ამ ორიოდე წლის წინ ევროსაბჭოს სემინარზე გაისმა და საქართველოს ხელისუფლებამ მისი სრული იგნორირება მოახდინა. შესაბამისად, დღეისათვის აქტუალურია საკითხი, ვინ დაიკავებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ვაკანტურ სავარძელს, რომელიც უკანასკნელ წლებში საკმაოდ ხშირად ირყევა. სამინისტრო ამ ეტაპზე სავარაუდო კანდიდატთა ვინაობის გამხელას არ აპირებს, რაც, თავის მხრივ, არასამთავრობო სექტორის გააქტიურების საბაბი ხდება - არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარის პოსტზე რეკომენდაციას უწევს ცნობილ უფლებათდამცველ პაატა ზაქარეიშვილს. პაატა ზაქარეიშვილი ამ წელიწად-ნახევრის წინ, პაატა მხეიძის დანიშვნამდე, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. ამ თანამდებობაზე მოსასვლელად მას მაშინაც არასამთავრობო სექტორი ლობირებდა, რასაც ნანა კაკაბაძეც ადასტურებს.
[ნანა კაკაბაძის ხმა]"მანამდე კიდევ ეს ადამიანი იყო, საერთოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატურა. მიშა სააკაშვილის დროს დაინიშნა თავმჯდომარის მოადგილედ, სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციით დაინიშნა მოადგილედ. რადგან მას არ ჰქონდა არანაირი გამოცდილება, ჩვენ გაგვიჭირდა პირდაპირ მისი წამოყენება კანდიდატურად და ამიტომ ვთხოვეთ, რადგან პაატას ჰქონდა გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, დანიშნულიყო მოადგილედ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. და ეს ესეც მოხდა. იმ პერიოდში მან იქ იმუშავა, იმუშავა საკმაოდ წარმატებულად. არანაირი ლაქა მას იქიდან არ წამოუღია, არც კორუფციის თვალსაზრისით, არც სხვა რამე დარღვევის თვალსაზრისით. ვიფიქრეთ, რომ დღეს უკვე შესაძლებელია, მას შემდეგ, რაც იგი ამ სისტემას გაეცნო, რომ შესაძლებელია, მისი კანდიდატურა იქნეს განხილული, როგორც ერთ-ერთი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე."[სტილი დაცულია]
პენიტენციალური დაწესებულებების მდგომარეობა საქართველოში დღეს ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, როგორც ქართველი, ისე ევროსაბჭოს ექსპერტების მხრიდან. სისტემაში არსებული კორუფცია და ფინანსური სიდუხჭირე იმდენად მძიმეა, რომ პატიმრები სასჯელს ფაქტობრივი წამების პირობებში იხდიან. ასეთ ვითარებაში კარგი ადმინისტრატორის ფაქტორი გადამწყვეტია, თუმცა ამჟამად ძნელია ითქვას, ვისზე შეჩერდება არჩევანი.
XS
SM
MD
LG