Accessibility links

logo-print

ხელისუფლების დინამიკა საქართველოში


იმის მიუხედავად, თუ როგორ გადანაწილდება პოლიტიკური სპექტრი საპარლამენტო არჩევნების წინ, უკვე რეალურად არსებობს ორი ბანაკი

- სახელისუფლო და ოპოზიციური. წინასწარ არავინ იცის, ვინ დარჩება გამარჯვებული, რადგან ორივე ბანაკს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. მაგრამ პოლიტიკური ლოგიკა გვიკარნახებს, თვალი გავადევნოთ ხელისუფლების ბუნებას საბჭოთა პერიოდიდან დღემდე და ვივარაუდოთ, რით შეიძლება დასრულდეს მომავალი არჩევნები.

საბჭოთა ხელისუფლება ტრადიციული ხელისუფლების ერთ-ერთ სახეობას უნდა მივაკუთვნოთ. ეს ნიშნავს, რომ საბჭოთა პერიოდში ხელისუფლება კანონიერი და ლეგიტიმური იყო, ძირითადად, ტრადიციის ძალით. მას კვებავდა "წარსულის ავტორიტეტი": დღეს იგივეა, რაც იყო გუშინ და ხვალ იგივე იქნება, რაც დღეს არის. კომუნისტური პარტიის პოლიტბიურო იმეორებდა ოჯახის მოდელს, სადაც გადამწყვეტია მამის ავტორიტეტი. ტრადიციული ხელისუფლება, როგორც წესი, სტაბილურია და მასში წლიდან წლამდე არაფერი იცვლება. პოლიტბიუროს წევრების ღრმად ხანდაზმული ასაკი კარგად წარმოაჩენდა სისტემის ჭეშმარიტ ბუნებას.

საბჭოთა კავშირის ნგრევის პროცესში საქართველოში ხელისუფლება თვისებრივად შეიცვალა. ქვეყნის პრეზიდენტი გახდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველი ლიდერი - ზვიად გამსახურდია. როგორი იყო მისი ხელისუფლება? პასუხი ეჭვს არ იწვევს - ქარიზმატული. ასეთ ხელისუფლებას, ტრადიციულისგან განსხვავებით, ჰყავს ლიდერი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას განსაკუთრებული მისიის მატარებელ ადამიანად მიაჩნია. ქარიზმატული ლიდერის საქმიანობა საზოგადოების მხრიდან ღვთის მიერ კურთხეულად აღიქმება, რადგან ასეთი ლიდერის ფუნქცია ძველის ნგრევა და ახლის შენებაა. ქარიზმით შემკული პიროვნება ყოველთვის პირველდამწყებია, საზოგადოების თვისებრივი ცვლილების წყარო და საძირკველი; პირობითად თუ ვიტყვით, გზა ტაძრამდე მხოლოდ მან იცის.

მაგრამ ქარიზმატული ხელისუფლების არსი ისაა, რომ იგი საზოგადოების მოწყობის იდეალურ მოდელს მისდევს და პრაქტიკული საქმიანობის ჩვევებს უგულებელყოფს. ასეთი ხელისუფლების გეგმებში უტოპია მეტია, ვიდრე რუტინა. შედეგად, ქარიზმატული ხელისუფლება ხანმოკლე არსებობისთვის არის განწირული. საქართველომაც ეს ეტაპი სწრაფად, მაგრამ მეტად მტკივნეულად გაიარა.

როგორი ხელისუფლება მოვიდა ქვეყანაში ედუარდ შევარდნაძის სახით და მასთან ერთად? ახალ პრეზიდენტს გადაჭრით სურდა, რომ მისი მმართველობა შეფასებულიყო, როგორც რაციონალურ-სამართლებრივი. სწორედ ამისათვის შეიქმნა ახალი კონსტიტუცია. დღეს, ათწლიანი გადასახედიდან, შევარდნაძის ხელისუფლება ატარებს როგორც ტრადიციული, ისე ქარიზმატული და რაციონალური ხელისუფლების ნიშნებს, მაგრამ არ არის სამართლებრივი. ტრადიციულია ეს ხელისუფლება, პირველ რიგში, მისი ისტორიზმის წყალობით - ამჟამინდელი პრეზიდენტი, უკვე ოცდაათი წელია, ქვეყანას ხელმძღვანელობს. მეორე ნიშანი ისაა, რომ მთავრობა კვლავ დაემსგავსა ტრადიციულ ოჯახს, სადაც ყველაფერს ერთი ადამიანის - მამის ნება წყვეტს.

ქარიზმატული შევარდნაძის ხელისუფლება არის იმ ნიშნით, რომ პრეზიდენტს უყვარს თავისი შეუცვლელი მისიის ხაზგასმა: ასე იყო ტერაქტების დროსაც და, განსაკუთრებით, მეორე ვადით ინაუგურაციის დღეს. რაც მთავარია, ედუარდ შევარდნაძე დარწმუნებულია, რომ სწორედ მას დარჩება ახალი ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი მამის სახელი.

უეჭველია, რომ ედუარდ შევარდნაძემ საკუთარ თავში შეითავსა ხელისუფლების სამივე სახეობა: ტრადიციულობა, ქარიზმატულობა და რაციონალურობა. პოლიტიკური ლოგიკა მიუთითებს, რომ სამომავლოდ საქართველოს სჭირდება თვისებრივად ახალი, სამართლებრივი ხელისუფლება. შეძლებს კი ქვეყანა, ისეთი ხელისუფლება აირჩიოს, როგორიც სჭირდება? ან რომელია ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ზუსტად ესმის მიმდინარე პოლიტიკური მომენტის არსი? ამ კითხვებს პასუხი უახლოეს თვეებში უნდა გაეცეს.
XS
SM
MD
LG