Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო მოძღვრისა და რელიგიის როლი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში


მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის

უდიდეს უმრავლესობას მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებლები წარმოადგენენ, აღდგომის დღესასწაული სამხედრო ნაწილებში დიფერენცირებულად აღინიშნება: თუ მეთაური მოხერხებული და თადარიგიანია, ჯარისკაცებს სადღესასწაულო სუფრაზე შეიძლება სააღდგომო კვერცხები და პასქაც დაახვედროს; რამდენიმე ნაწილში, და ისიც გამონაკლისის სახით, მოკრძალებული სადღესასწაულო მოსაკითხი მახლობლად მდებარე ეკლესიის მღვდელმსახურებს მიაქვთ, მაგრამ ბევრგან ჯარისკაცების მიმართ ასეთი ელემენტარული ყურადღებაც არ არსებობს. თუმცა გავრცელებულია აზრი, რომ საქართველოში ჯარი და ეკლესია ერთმანეთთან მჭდროდ თანამშრომლობს.

სამხედრო სისტემისა და რელიგიური ინსტიტუტების ურთიერთობა მეტად ფაქიზი თემაა. როგორც გამოცდილება ცხადყოფს, პირადი შემადგენლობის ფსიქოლოგიური და პატრიოტული მოტივაციის გასაძლიერებლად, საჯარისო ქვედანაყოფებში სამხედრო მოძღვრის ინსტიტუტის დანერგვა უმტკივნეულოდ მხოლოდ დემოკრატიის მრავალწლიანი ისტორიის მქონე ქვეყნებში მოხდა. სხვაგან კი სამხედრო მოსამსახურეს ან საერთოდ ეკრძალება რელიგიურ მსახურებაზე დასწრება, ან უფლება ეძლევა სულიერ მოძღვარს ინდივიდუალურად, სამხედრო ნაწილის ტერიტორიის გარეთ შეხვდეს. საქართველო, ამ მხრივ, ცდილობს განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებს მიბაძოს, ოღონდ საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებით.

თუმცა ეს "სპეციფიკურობა" სხვა არაფერია, თუ არა მართლმადიდებელი სარწმუნოების განსაკუთრებული როლის გამოკვეთა, რაც შარშან სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ხელმოწერილი კონკორდატით დაგვირგვინდა. უფრო ადრე, 1998 წლის 23 ნოემბერს, თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმდა.

შეთანხმების მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვალდებულებას იღებდა, როგორც გაწვევის პერიოდში, ისე საბრძოლო მდგომარეობასა და განსაკუთრებულ გარემოებებში "აქტიური დახმარება გაეწია სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელობისთვის მებრძოლთა შორის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის ფორმირებაში."

სამხედრო უწყებას და ეკლესიას ასევე ერთად უნდა ეზრუნათ "დაჭრილი და ტრავმირებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციაზე ", საქველმოქმედო ერთობლივი აქციებით დახმარებოდნენ "დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებს, ეზრუნათ მათი საფლავების მოვლა-პატრონობაზე."

დოკუმენტის თანახმად, შეთანხმების შესრულება ორ სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაეკისრა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან - საქართველოს საპატრიარქოს შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის სინოდალურ განყოფილებას, ხოლო თავდაცვის სამინისტროს მხრიდან - აღმზრდელობითი მუშაობის მთავარ სამმართველოს. მაგრამ სულ მალე ცხადი გახდა, რომ შეთანხმებას აკლდა მთავარი პუნქტი - სამხედრო ნაწილებში სამხედრო მოძღვრის(კაპელანის) ინსტიტუტის შემოღების შესახებ, რის გამოც ამ შეთანხმებაში ჩამოთვლილ ვალდებულებათა უმრავლესობა ქაღალდზე დარჩა.

თუმცა უკვე 1999 წელს, ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს ოცკაციანი ჯგუფი სასულიერო აკადემიაში გაიგზავნა რელიგიათმცოდნეობის დარგში ცოდნის შესაძენად. როგორც საპატრიარქოს შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელი, მეუფე გრიგორი აღნიშნავს, ამგვარი გადამზადება სწორედ მოძღვრის ინსტიტუტის თანმიმდევრული დანერგვის საფუძველი უნდა გამხდარიყო. მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა.

[მეუფე გრიგორის ხმა]: "მე მიჭირს დაკონკრეტება. მაგრამ რაღაცნაირად ტემპი რომ შენელდა, გასაგებია და ეს ჩვენც გვაფიქრებს და გვაწუხებს. თუმცა უკვე ძალიან ჩაუფიქრდნენ ამ ინსტიტუტს, მის მნიშვნელობას და მისი ხორცშესხმის გზებზეც დაიწყო ფიქრი. ოღონდ, მე ვფიქრობ, რომ უკვე პრაქტიკული, რეალური ნაბიჯებია გადასადგმელი."


სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა აღმზრდელობითი სამმართველოს გაუქმებამ თავდაცვის სამინისტროში, რის შემდეგაც ჯარისკაცთა პატრიოტული და სულიერი აღზრდის საქმე საერთოდ თვითდინებაზე აღმოჩნდა მიშვებული. თუმცა "დაბრკოლების ლოდად" მაინც მომავალ სამხედრო მოძღვართა სტატუსის და დაქვემდებარების საკითხი იქცა. თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე მხარს უჭერს ამერიკულ მოდელს, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ სამხედრო ნაწილის მოძღვარი არა მხოლოდ არმიის ბიუჯეტიდან ფინანსდება, არამედ სამხედრო ფორმასაც ატარებს და სამხედრო ბრძანებებსაც ემორჩილება. ამ ინსტიტუტის ასეთი ფორმით შემოღებას მიზანშეუწონლად მიიჩნევენ საეკლესიო წრეები. მათი აზრით, მოძღვრის ინსტიტუტი აუცილებლად უნდა დაინერგოს არმიაში, მაგრამ ისინი უნდა ექვემდებარებოდნენ ეკლესიას და მეთაურებს სასულიერო პირებზე გავლენა არ უნდა ჰქონდეთ.

ასეთი "თანამშრომლობის" სიმბიოზს წარმოადგენს თავდაცვის ეროვნული აკადემიის ექსპერიმენტი. აკადემიის მოძღვარი ყველა მნიშვნელოვან საჯარო ღონისძიებას ესწრება, მაგრამ არ ატარებს სამხედრო ფორმას, არ მონაწილეობს აკადემიის ყოველდღიურ ცხოვრებაში და უფრო მეტად გარედან მოსული მრევლის სულიერ მოთხოვნილებაზე ზრუნავს.

"ტრადიციისა და სპეციფიკის" გათვალისწინებით, სამხედრო მოძღვრის ინსტიტუტის დანერგვა კიდევ ერთ პრობლემას უკავშირდება. ეს არის არამართლმადიდებელ სამხედრო მოსამსახურეთა აღმსარებლობითი თავისუფლება. უფრო ზუსტად, ამ უფლების განხორციელება სამხედრო ნაწილის კედლებში, მაშინ როცა ეს ადამიანს ესაჭიროება და არა მხოლოდ "კონკრეტულ შემთხვევებში", როგორც ეს შეთანხმებაშია აღნიშნული. ასე რომ, დღის წესრიგში დგება სხვა რელიგიის მსახურების ფაქტორის გათვალისწინება კაპელანის ინსტიტუტში.

აღსანიშნავია, რომ საკაპელანო სამსახურის ქართული მოდელის შესახებ არსებული მოსაზრებები და გამოცდილება, დოკუმენტის სახით, პარლამენტის შესაბამის კომიტეტს საქართველოს საპატრიარქომ ჯერ კიდევ მაისში წარუდგინა. როგორც ირკვევა, ანალოგიურად ესმის ამ პრობლემის მოგვარება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს. მაგრამ ირაკლი ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ კაპელანის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას წინ უნდა უძღოდეს სერიოზული მოსამზადებელი სამუშაო, არასამთავრობო სექტორისა და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლების მონაწილეობით. საკითხის ფორსირების წინააღმდეგია საქართველოს საპატრიარქოც. თუმცა ყველას ესმის, რომ ამ უწყებრივ დაპირისპირებაში წაგებული რჩება სამხედრო მოსამსახურე, რომლის სულიერი აღზრდისათვის დიდი ხანია აღარავინ ზრუნავს საქართველოში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG