Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში მიმდინარე ცვლილებები


საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით იმყოფებოდა სამხრეთ კავკასიის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელი ბრაიან ფოლი. მისი სტუმრობის მთავარი მიზანი აფხაზეთის

კონფლიქტის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და კონფლიქტის პრობლემის გადაწყვეტაში დიდი ბრიტანეთის როლის გააქტიურებისთვის მზადება იყო. ბრაიან ფოლი სოხუმსაც ეწვია და გალის რაიონიც მოინახულა.

ივნისის თვეში აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ჯარების მანდატი იწურება. თუ გავიხსენებთ აფხაზეთიდან დევნილთა საპროტესტო აქციებს, რომელიც მშვიდობისმყოფელთა ამჟამინდელ მანდატს უძღოდა წინ, სავარაუდოა, ივნისის თვისთვის დევნილთა საპროტესტო აქციები კვლავ განახლდეს.

შეგახსენებთ, რომ იანვრის თვეში ენგურის ხიდზე საპროტესტო აქციის შეწყვეტა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის აქტიური ჩარევის შედეგად მოხერხდა. მაგრამ თუ ივნისამდე კონფლიქტის მოგვარების პროცესში არაფერი შეიცვალა, ლტოლვილთა ლიდერების მწვავე პროტესტს მეგობარი ქვეყნების ელჩებიც ვეღარ შეაჩერებენ.

ჯერჯერობით ნაადრევია ლაპარაკი აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის პროცესში მეგობარი ქვეყნების ძალისხმევით მომხდარ რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებაზე, თუმცა უცხოეთის სახელმწიფოთა წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები ცდას არ აკლებენ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერები კონფლიქტის მოგვარების გაეროსეულ პროექტზე დაიყოლიონ.

გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე იმედს გამოთქვამდა, რომ, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობის შედეგად, აფხაზური მხარის პოზიცია ბოდენის დოკუმენტის მიმართ შერბილდება:

[სიხარულიძის ხმა] „გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, თითქოს აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ „ჯერჯერობით მზად არ არიან ბოდენის დოკუმენტის განხილვისთვის". ჩვენ დავადგენთ, რამდენად შეესაბამება ეს განცხადება სინამდვილეს. თუმცა წინა განცხადებასთან შედარებით, როდესაც საუბარი იყო ბოდენის დოკუმენტის მიუღებლობაზე, ახლა არის პრინციპული სხვაობა. უბრალოდ, როდესაც ამას დავაზუსტებთ, ეს, ალბათ, სერიოზული განსჯის თემა იქნება." [სტილი დაცულია]

სოხუმში ჯერ რუსეთის დიპლომატის ვალერი ლოშინინის ვიზიტმა, შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის ბრაიან ფოლის მოგზაურობამაც აჩვენა, რომ სეპარატისტული ხელისუფლება კვლავ უარს აცხადებს იმსჯელოს აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრაზე.

7 მაისს დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელ ბრაიან ფოლისთან და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ დებორა ჯონსთან გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე კვლავ უარს ამბობს ბოდენის პროექტის განხილვაზე, თუმცა კი მზადყოფნას გამოთქვამს აქტიური მონაწილეობა მიიღოს სოჭის შეთანხმებების შესრულებასა და საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში, საბჭოსი, რომელიც აგერ უკვე 2 წელია აღარ ფუნქციონირებს.


აფხაზური მხარე გამოვიდა, აგრეთვე, გალის რაიონში დაბრუნებული ქართული მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ინიციატივით და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დახმარება მოითხოვა აფხაზური მილიციის გასაძლიერებლად. სოხუმის ხელისუფლების აზრით, ეს საჭიროა მათთვისაც, ვინც მომავალში გალის რაიონში დაბრუნდება და კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია სამშვიდობო ძალებისთვის პოლიციური ფუნქციის მინიჭება. საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლის კახა სიხარულიძის განცხადებით:

[სიხარულიძის ხმა] „სტატუსი მოსალაპარაკებელია. ძალიან კარგი იქნება, თუკი პარალელურად ჩვენ ამას მივაღწევთ, მაგრამ სტატუსის განსაზღვრამდე დევნილების დაბრუნებას ჩვენ ვერ დავუცდით, იმიტომ რომ დევნილები ბრუნდებიან იქ, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში, თავიანთ ქვეყანაში."

დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა ბრაიან ფოლიმ გალის რაიონიც მოინახულა და თბილისში დაბრუნების შემდეგ, 9 მაისს, დახურულ კარს მიღმა პრეზიდენტ შევარდნაძესაც შეხვდა. თუ რა ფორმით ჩაერთვება დიდი ბრიტანეთი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში, ჯერჯერობით უცნობი რჩება. თუმცა დიდი ბრიტანეთის დელეგაციასთან აფხაზ სეპარატისტთა ლიდერების მიერ გამოთქმული განწყობა ლტოლვილთა დაბრუნებასა და მოლაპარაკებათა განახლებასთან დაკავშირებით, სოჭის შეთანხმებების რეალიზების წინაპირობებს ქმნის. ქართული მხარე კი სოჭის შედეგებს განიხილავს როგორც შემადგენელ ნაწილს ჟენევის პროცესისა, რომელიც სტატუსის განსაზღვრით, ანუ ბოდენის დოკუმენტზე შეთანხმებით, უნდა დამთავრდეს.
XS
SM
MD
LG