Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები და დესტაბილიზაციის შიში


ვინ არის დაინტერესებული ქვეყანაში არეულობით, ვის ინტერესებზე შეიძლება დაასხას წყალი წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციამ, თუკი ასეთი რამ მოხდება? ამ შეკითხვის საპასუხოდ ოპოზიცია ხელს მთავრობისკენ,

შევარდნაძისა და სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკისკენ იშვერს, პრეზიდენტი - ოპოზიციისკენ. ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათს "უსინდისო" უწოდა ყველა იმ პირს, ვინც ცდილობს მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ხელისუფლება არჩევნების წინ დესტაბილიზაციის პროვოცირების მეთოდით ისარგებლებს.

არჩევნებამდე 6 თვეზე ცოტა ნაკლები რჩება. წინასაარჩევნო კამპანია არაოფიციალურად უკვე დაწყებულია. დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები თამაშის საკუთარ წესებს აყალიბებენ. ერთმანეთთან, ერთმანეთის წინააღმდეგ და საზოგადოებასთან მუშაობის მეტ-ნაკლებად განსხვავებულ მეთოდებს ამუშავებენ და ამ უკანასკნელს (ვგულისხმობთ საზოგადოებას, ამომრჩეველს) დესტაბილიზაციის მოახლოებით აშინებენ. განსხვავება იმაშია, რომ ოპოზიცია დესტაბილიზაციის საფრთხეს ხელისუფლებაში ხედავს, პრეზიდენტი და მის ირგვლივ გაერთიანებული ძალები, პირიქით, ოპოზიციაში. ოპოზიციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სახელისუფლებო ბლოკის უცილობელი წაგების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა და მის ირგვლივ დარაზმული ძალები დესტაბილიზაციის პროვოცირებაზე წავლენ, რასაც შევარდნაძე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებით უპასუხებს. პრეზიდენტი კი ყველაფერ ამას "თითიდან გამოწოვილ ზღაპარს უწოდებს". მან თავის - არცთუ ახლხან, მაგრამ მაინც გვიან გამოცხობილ - ოპოზიციას, დესტაბილიზაციის პროვოცირების ბრალდებასთან დაკავშირებით, მარტივი პასუხი დაუბრუნა, ერთგვარი სამშვიდობო წინადადების თანხლებით.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "ვიღაცას თვითონ აინტერესებს მოხდეს დესტაბილიზაცია. ან გამარჯვების იმედი არა აქვთ, ან ხმების მოპოვების იმედი და ამ გზით მიდიან, ძალიან ცუდი გზით. მიუხედავად ამისა, მე მზად ვარ ყველა ჩვენს ოპონენტს პირველმა გავუწოდო ხელი და დავსხდეთ და ვისაუბროთ, როგორ ჩავატაროთ არჩევნები ნორმალურ პირობებში."

ედუარდ შევარდნაძის ეს, ასე ვთქვათ, სამშვიდობო ინიციატივა მიღებული არ იქნა. ვინაიდან ორშაბათის ტრადიციულ გამოსვლაში პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ პოლიტიკოსს, ვინც საკადრისი პასუხი გასცა ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდებას - მათ შორის, სახელმწიფო მინისტრს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს და პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს; ვინაიდან მოქმედ პარლამენტს, ბოლო დროს იქ განვითარებული მოვლენების გამო, მან შემარცხვენელი უწოდა, ხელისუფლების მიერ დესტაბილიზაციის პროვოცირების შესაძლებლობაზე ალაპარაკებულებს კი - უსინდისოები, "გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერმა ზურან ჟვანიამ დაასკვნა:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] "თუ აქამდე საზოგადოებაში იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო უშუალოდ პრეზიდენტი ჩართული იმ ბინძურ კამპანიაში, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს, თითოეული მადლობა, თოთოეული აქცენტი, რაც მან დღევანდელ რადიოინტერვიუში გააკეთა, აშკარას ხდის, რომ ამ კამპანიას სათავეში უდგას უშუალოდ პრეზიდენტი. "

"გაერთიანებულმა დემოკრატებმა" მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომლითაც ამავე დღეს "ახალი მემარჯვენეები გამოვიდნენ" და რომელიც, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვისაკენ არის მიმართული.
XS
SM
MD
LG