Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეპოტიზმი ავღანეთის მთავრობაში


ანდრო ეული, პრაღა ახლა ახლო აღმოსავლეთიდან კიდევ უფრო აღმოსავლეთით - ავღანეთში გადავინაცვლოთ. ჩვენი საუბრის თემა იქ გამეფებული ნეპოტიზმი, ან, როგორც ამ მოვლენას სხვაგვარად უწოდებენ, "ნათლიმამობაა".

ავღანელელთა ნაწილი აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ნეპოტიზმმა ავღანეთის მთავრობაში ეპიდემიის ხასიათი მიიღო. ეს ადამიანები ქვეყნის ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის გარდამავალი მთავრობის მეთაურს ჰამიდ კარზაის, ხელმძღვანელ თანამდებობებზე კვალიფიციური პროფესიონალების ნაცვლად, თავიანთი მეგობრებისა და ნათესავების დანიშვნაში ადანაშაულებენ.

როგორც ქაბულის უნივერსიტეტის პროფესორი აბდულაჰრარ რომიზპური აღნიშნავს, წარმოუდგენელია ავღანეთში ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშნონ ადამიანი, თუ მას მთავრობაში მყოფი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი არ უმაგრებს ზურგს. აი, რას ამბობს აბდულაჰრარ რომიზპური ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში: [აბდულაჰრარ რომიზპურის ხმა] "ხელმძღვანელ თანამდებობაზე ამა თუ იმ პირის დანიშვნისას მთავრობამ ამ ადამიანის პროფესიულ გამოცდილებასა და განათლებას უნდა მიაქციოს ყურადღება. საუბედუროდ, ჩვენში ასე არ ხდება. ადამიანები სამსახურს ნაცნობობით შოულობენ, და არა პროფესიული ცოდნისა თუ გამოცდილების წყალობით."

ავღანელმა ექსპერტები, რომლებსაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტებმა ჩამოართვეს ინტერვიუ, ერთხმად აღიარებენ, რომ მთავრობის ყველა დონეზე და მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციაშიც კი, ნეპოტიზმმა და პროტექციონიზმმა მეტად ფართო ხასიათი მიიღო. მათივე თქმით, თითქმის ყოველი ავღანელი მინისტრი, გუბერნატორი თუ ორგანიზაციის უფროსი ცდილობს, თავისი ოჯახის წევრი, მეგობარი ან ახლობელი ადამიანი დანიშნოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

მძაფრად აკრიტიკებს აბდულაჰრარ რომიზპური ავღანეთის ვაჭრობის მინისტრს საიდ მუსტაფო ყოზიმის, რომელმაც, სადაც კი შეძლო, ყველაგან თავისი ნათესავები დანიშნა [აბდულაჰრარ რომიზპურის ხმა]: "ჩვენი ვაჭრობის მინისტრი ამბობს, რომ ავღანეთის პატრიოტია. ამ დროს, ჩვენი ვაჭრობის წარმომადგენელი გერმანიაში, საიდ მუჯაბო ჰაშემი, ვაჭრობის მინისტრის ბიძაშვილია. ხოლო მინისტრის მეორე ბიძაშვილი - მუსლიმი - დუბაიშია ასეთივე წარმომადგენელი. მინისტრის კიდევ ორი ბიძაშვილი ჩვენს სავაჭრო წარმომადგენლობაში მსახურობს ირანის ქალაქ მაშჰადში. ქაბულის საბაჟოს უფროსი ბატონი დალერიც ვაჭრობის მინისტრის ბიძაშვილია. სავაჭრო პალატის უფროსი, ბატონი ჰუსეინ აღა, ვაჭრობის მინისტრის სიძეა; დაბოლოს, სურსათით მომარაგების უწყების უფროსი საიდ ჰაშემ ჰაშემი ვაჭრობის მინისტრის ბიძაშვილია."

მოჰამად ყაზიმ ფაჰიმი ავღანეთის თავდაცვის მინისტრია. მისი ბიძაშვილი, სულთან მაჰმუდ დიდარი, ავღანეთის სამხედრო ატაშედ დანიშნეს ბერლინში. ფაჰიმი და მისი ორი მოადგილე - ათიქულა ბარიალაი და ბისმილა ხანი, აგრეთვე, აბდულ ლატეფი, მაღალი თანამდებობის პირი თავდაცვის სამინისტროში, პოლიტიკური დაჯგუფების "შურა-ი-ნეზარის" წევრები არიან. ამ დაჯგუფებაში ყოფილი მუჯაჰედების პარტიებია წარმოდგენილი.

ლატეფი, ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აბდულა აბდულას ძმაა. აბდულა აბდულა, "შურა-ი-ნეზარის" წამყვანი წევრია. სხვა გავლენიანი პირების, მათ შორის ჰერათის პროვინციის გუბერნატორის ისმაილ ხანის, აგრეთვე ჩრდილოეთ ავღანეთში გავლენიანი საველე მეთაურის აბდულ რაშიდ დოსთუმის ნათესავებსა და ოჯახის წევრებს მაღალი თანამდებობები უკავიათ. ისმაილ ხანის შვილი სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის მინისტრად დანიშნეს მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ამ მხრივ არც სათანადო გამოცდილება აქვს და არც შესაბამისი განათლება. ხოლო აბდულ რაშიდ დოსთუმის ძმა, აბდულ ქადერი, ავღანეთის ელჩია ყირგიზეთში.

ფაქტობრივად, ავღანეთის თითქმის ყველა ელჩი მთავრობის რომელიმე წევრის ნათესავია. განათლების მინისტრის იუნუს ყანუნის ორი ბიძაშვილი - საიფი და მოჰამად ჰასანები - ავღანეთის ელჩებად მსახურობენ, პირველი - ბულგარეთში, მეორე - უკრაინაში. რაც შეეხება ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურს ჰამიდ კარზაის, მან თავისი ორი ბიძა - აბდულ აზიზი და აბდულ ღაფორი - ელჩებად დანიშნა, პირველი - ჩეხეთის რესპუბლიკაში, ხოლო მეორე - ეგვიპტეში.

ავღანეთის მშენებლობის მინისტრი მირ მოჰამად ამინ ფარანგი აღიარებს, რომ ნეპოტიზმმა ღრმად გაიდგა ფესვები ავღანეთის მთავრობაში. ჩვენი რადიოს კორესპონდენტს ამინ ფარანგიმ უთხრა: "როგორც მთავრობის წევრმა, უნდა ვაღიარო, რომ ნეპოტიზმმა, საუბედუროდ, მეტად ფართო მასშტაბები მიიღო ჩვენს დაწესებულებებში. მას შემდეგ, რაც აქ გარდამავალი მთავრობა შეიქმნა, იმედი აღგვეძრა, რომ არსებული სისტემა ძირფესვიანად გარდაიქმნებოდა. სამწუხაროდ, რეფორმები არ განხორციელებულა და შედეგიც აშკარაა: ნეპოტიზმი სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს ავღანეთში."

როგორც ავღანეთის ურბანული განვითარების მინისტრმა მოჰამად იუსუფ პაშტუნმა განაცხადა ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში, ნეპოტიზმმა ავღანეთში მაშინ მოიკიდა ფეხი, როცა ქვეყანაში ჯიჰადი, ანუ წმიდა ომი მძვინვარებდა მოსკოვის მიერ ზურგგამაგრებული მთავრობის წინააღმდეგ. ხოლო მშენებლობის მინისტრის, მირ მოჰამად ამინ ფარანგის აზრით, უმთავრესი ფაქტორები, რომლებმაც ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა ავღანეთში ნეპოტიზმს, უმუშევრობა და სიღატაკეა.
XS
SM
MD
LG