Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო ძალების დაუფინანსებლობა საქართველოს ნატოსკენ გზას უღობავს


ბოლო თვეების განმავლობაში გაცხოველებული მიმოსვლა თბილისსა და ბრიუსელს შორის უბრალო ადამიანს აფიქრებინებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სიტყვიდან საქმეზე გადავიდა და

რეალურად იწყება მოძრაობა ალიანსისკენ. მაგრამ ვინც საქართველოს სამხედრო ბიუჯეტის პარამეტრს და მისი შესრულების დინამიკას ჩახედავს, კვლავ აღმოაჩენს, რომ ეს მხოლოდ ილუზიაა. თუმცა დაუფინანსებლობა არ არის ერთადერთი დაბრკოლება, რაც საქართველოს ნატოსკენ უღობავს გზას.

ახალი საფინანსო წლის დაწყებიდან პირველი კვარტალის გასვლის შემდეგ საქართველოს სამხედრო უწყებებმა სასოწარკვეთილ მოწოდებებს უმატეს. პირველი შეშფოთება დაეუფლა საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, რომელსაც კავკასიონის ქედზე დაწყებული თოვლის დნობის გამო განსაკუთრებით აფიქრებს ოპერატიული ვითარების გართულება რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე.


არადა, საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომლის პირადი შემადგენლობა დაახლოებით 7ათას კაცს შეადგენს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 მილიონი ლარით ფინანსდება. რეალურად კი, ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ქართველ მესაზღვრეებს სამჯერ უფრო მეტი თანხა, 26-27 მილიონი ლარი, ესაჭიროებათ. სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, ეს ფული არ გააჩნია. მესაზღვრეებსაც, რასაკვირველია, ესმით სახელმწიფოს გასაჭირი და, ბედს შეგუებულები, ზედმეტს არ ითხოვენ. მაგრამ იმის გაგება კი ნამდვილად უჭირთ, თუ წლიდან წლამდე რატომ ვერ ღებულობენ ამ მწირი ბიუჯეტის 30 პროცენტს, მაშინ როცა მესაზღვრეთა წინაშე მდგარი ამოცანები ყოველწლიურად იზრდება. მაგალითისთვის, გასული წლის აგვისტოში, ილტოს ხეობის დაბომბვის შემდეგ, ოპერატიული ვითარება საქართველო-რუსეთის ჩეჩნეთის მონაკვეთზე იმდენად გართულდა, რომ მაღალმთიანი ომალოს, შატილისა და მუცოს საგუშაგოების გასაძლიერებლად, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი იძულებული გახდა უპრეცედენტო ნაბიჯი გადაედგა - გაეძლიერებინა აღნიშნული მიმართულება, სხვა საგუშაგოების დასუსტების ხარჯზე.



ანალოგიური ვითარებაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც, სადაც დაუფინანსებლობის გამო, გაჩერებულია თითქმის ყველა პროგრამა, მათ შორის, პანკისის ხეობის მისადგომებთან დაგეგმილი სამხედრო მანევრები, რასაც, ანტიტერორისტული ოპერაციის მესამე ფაზის გეგმით, საზღვრის დაცვის მეორე ეშელონი უნდა უზრუნველეყო.

ფინანსური საშუალებების უქონლობის გამო, ჯერჯერობით ხელისუფლებას ასევე არ დაუმტკიცებია უკრაინა-საქართველოს ერთობლივი პროგრამა, რომელიც ზოგიერთი სახეობის მობილური საჰაერო თავდაცვის კომპლექსის შესყიდვას და სარადარო სისტემის აღდგენას ითვალისწინებს.

საფინანსო და სამეურნეო დარგში თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერალ ნუგზარ ქევხიშვილის თქმით, დაპირებისა და სურვილის მიუხედავად, არაფერი შეიცვლება სამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მომატების მხრივაც, ვინაიდან ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტრო შესაძლებლად მხოლოდ "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში მონაწილე სამხედროების სახელფასო ფონდის დაფინანსებას მიიჩნევს.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0,5 პროცენტს შეადგენს, მაშინ როცა ნატოს წევრობის მსურველ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 2 პროცენტს უნდა შეადგენდეს. მარტივი ლოგიკით გამოდის, რომ ამ ბიუჯეტით საქართველო დიდხანს ვერ ეღირსება ნატოში გაწევრიანებას.
სამაგიეროდ, როგორც შარშან, ისე წელს, ქართველი სამხედროები უხვად მოისმენენ მათი მისამართით გამოთქმულ ისეთი ტიპის შაბლონურ სენტენციებს, როგორიცაა: "სახელმწიფო საზღვრიდან იწყება" და "ძლიერი სახელმწიფო წარმოუდგენელია ძლიერი სამხედრო ძალების გარეშე". თუმცა ამით საქმის არსი არ იცვლება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG