Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აღინიშნა 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე


26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, წელსაც სამხედრო აღლუმის გარეშე, დაქსაქსულად, სხვადასხვა სადღესასწაულო, საპროტესტო თუ სანახაობრივი ღონისძიებებით აღინიშნა.

26 მაისი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული. ამდენად, ამ დღეს მოსახლეობას ჰქონდა საშუალება აქტიური მონაწილეობა მიეღო იმ ღონისძიებებში, რომლებიც ცალკე ხელისუფლებამ, ცალკე კიდევ ხელისუფლებასთან დაპირისპირებულმა ძალებმა შესთავაზეს. თუმცა საქართველოს მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილისთვის ყოველი დღე ისედაც უქმეა. როგორი იყო წლევანდელი 26 მაისი საქართველოში?


26 მაისი ის დღეა, როცა საქართველოს მოსახლეობა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა დაფიქრდეს მის მნიშვნელობაზე. ეს დღე წელიწადში ერთხელ მაინც უნდა აღუძრავდეს მას სიამაყის განცდას, განცდას იმისას, რომ, მთელი რიგი პრობლემების მიუხედავად, დამოუკიდებელ საქართველოში უწევს ცხოვრება და ამ მონაპოვრის - დამოუკიდებლობის - განმტკიცებაზე ყველა ერთად, საქართველოს თითოეული მოქალაქეა პასუხისმგებელი.

სამწუხაროდ, მოსახლეობას ხელისუფლებამ წელსაც გაუცრუა მოლოდინი და წელსაც უარი თქვა საოცდაექვსმაისო სამხედრო აღლუმის ჩატარებაზე. მიზეზი ტრადიციულია, უსახსრობიდან მომდინარეობს და, ამ მიზეზის გამო, წლევანდელი 26 მაისიც, ედუარდ შევარდნაძის სიტყვებით, "უპირველესი დღესასწაული", შესაფერისი საზეიმო ღონისძიების გარეშე მიილია. დაწყებით კი, ეს დღე მთაწმინდის პანთეონში ხელისუფლების წარმომადგენელთა ასვლით დაიწყო. იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც დამოუკიდებელ საქართველოზე ოცნება საფლავებში ჩაიყოლეს, პატივი მიაგეს იმათ, რომელთაც, თავის მხრივ, ერგოთ პატივი დამოუკიდებელი საქართველოს სათავეებთან იდგნენ, მაგრამ საიმისო პირობები კი ვერ შექმნეს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეები ღირსეული სახელმწიფოს ღირსეული საზოგადოების წევრებად გრძნობდნენ თავს. წლევანდელ 26 მაისს მაინცდამაინც ამაყად თავს ვერც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გრძნობდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ საზეიმო სამხედრო აღლუმით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელსაც ვერ აღინიშნა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "მე გამიხარდებოდა, რომ ეს აღლუმი ტარდებოდეს, რადგან ეროვნული სიამაყის თვალსაზრისითაც აქვს ამას მნიშვნელობა. მაგრამ, თუ არ არის საშუალება, რას ვიზამთ. ცუდია, რომ არ ტარდება. "


ცუდი სხვაც ბევრია. მაგალითად : დამოუკიდებლობის დღეს ერთ-ერთი თბილისელი საკრებულოს თავმჯდომარეს ნარდს ეთამაშა იმ პირობით, რომ მოგების შემთხვევაში წაგებული სამსახურის შოვნაში დაეხმარებოდა. ეს მოხდა 300 არაგველის ობელისკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც, თბილისის საკრებულოს ინიციატივით, სადღესასწაულო სახალხო სეირნობა და თბილისის ბულვარის პროექტის პრეზენტაცია შედგა. 26 მაისი რესპუბლიკის მოედანზე თავისებურად აღნიშნეს ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა. გამსახურდიას ქვრივმა იქ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ "დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები 26 მაისს ფაშისტ შევარდნაძეს ულოცავენ, ადამიანს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას ყოველთვის ებრძოდა." მაგრამ თავად შევარდნაძემ საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების დათვალიერებისას სიამაყით აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, აშენდა. როგორ, რამდენად მყარი საფუძვლით, ცალკე თემაა. წლევანდელ 26 მაისს, საღამოს, თბილისელი ახალგაზრდები რესპუბლიკის მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გრანდიოზულ კონცერტზე მიიწვიეს და იქ მისულ "თინეიჯერებს" ვერავინ მიმართავდა შეკითხვით, რა შეცვალა მათ ცხოვრებაში საქართველოს დამოუკიდებლობამ: ისინი დამოუკიდებელ ქვეყანაში გაიზარდნენ.
XS
SM
MD
LG