Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა რამდენად რეალურია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების პერსპექტივა, ეს საკითხი მოექცა მიმომხილველთა ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ,

კვირას, "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმა მოიწონა. ეს გეგმა, სხვა პირობებთან ერთად 2005 წლისთვის პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებას ითვალისწინებს. როგორც გაზეთი "ლოს ანჯელეს ტაიმსი" წერს სარედაქციო სტატიაში, ისრაელის მთავრობის კაბინეტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, როცა მწვანე შუქი მისცა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებას. გაზეთი განაგრძობს:

"მეორე დღეს, პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა განაცხადა, რომ მტრობას ისრაელსა და პალესტინელებს შორის წერტილი უნდა დაესვას, რათა ისრაელის ეკონომიკა ფეხზე დადგეს. სწორად მოიქცა შარონი, როცა გააფრთხილა მთავრობის კაბინეტის მემარჯვენე მინისტრები, რომლებიც წინააღმდეგი არიან პალესტინელებთან მოლაპარაკებისა, რომ ძალადობის გაგრძელება კიდევ უფრო დააზარალებს ისრაელის ისედაც საკმაოდ გაჩანაგებულ ეკონომიკას. ორი წლის წინათ, როცა პალესტინელთა თავდასხმები განახლდა, ისრაელი იძულებული გახდა კვლავ შეეყვანა ჯარი პალესტინელთა ტერიტორიებზე,
საგუშაგოები მოეწყო გზებზე და მკაცრი კონტროლი დაეწესებინა პალესტინელთა გადაადგილებაზე. ამის გამო მრავალი საწარმო, სადაც პალესტინელები იყვნენ დასაქმებულები ისრაელში, მუშახელის გარეშე დარჩა."

გაზეთ "ტაიმსის" მიმომხილველს ამირ თაჰერის არარეალურად ეჩვენება ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის დამყარების პერსპექტივა. "სახიფათო ილუზიაა იმის გაფიქრება, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია მშვიდობა მოახვიოს თავს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებს"- აღნიშნავს ამირ თაჰერი. ბრიტანელი ჟურნალისტი განაგრძობს:

"ვერავითარი გზამკვლევი ვერ გაუძღვება მხარეებს, ვიდრე ისრაელიცა და პალესტინელებიც მშვიდობისთვის არ გააკეთებენ სტრატეგიულ არჩევანს. ხოლო მხარეების სწრაფვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ "საეჭვოდ" გვეჩვენება. "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ერთობლივად შეიმუშავეს აშშ-მა, გაერომ, ევროკავშირმა და რუსეთმა, წინააღმდეგობებითაა აღსავსე. სამშვიდობო გეგმაში თარიღებია დადგენილი ისეთი მიზნების მისაღწევად, ილუზიად რომ რჩებოდა ნახევარი საუკუნის მანძილზე. ყველა, ვინც კი "გზამკვლევით" იხელმძღვანელებს, კედელს დაეჯახება ან დაიკარგება."

გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" შეფასებით, შეერთებული შტატების ხელახალმა ჩართვამ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში "მოკრძალებული" შედეგი გამოიღო. გაზეთი დასძენს:

"არცერთმა მხარემ არ მოისურვა, ან შესაძლოა ვერც შესძლო პირველი ნაბიჯის გადადგმა, რაც სამშვიდობო გეგმითაა გათვალისწინებული. სამაგიეროდ თვითეული მხარე პატარა ნაბიჯებით კმაყოფილდება: პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ აბასმა მიანიშნა, რომ თუ ექსტრემისტული დაჯგუფებების დაშლა მის შესაძლებლობას აღემატება, ის კი შეუძლია ცეცხლის შეწყვეტაზე დაიყოლიოს ექსტრემისტები. ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი უარყოფს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში ებრაულ ახალდასახლებათა მშენებლობის შეწყვეტის იდეას, სამაგიეროდ "მშვიდად" განიხილა ხსენებულ დასახლებებში განვლილი ორი წლის მანძილზე მოწყობილი ათობით საგუშაგოს მოშლის შესაძლებლობა."

გაზეთ "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნში" ისრაელის დემოკრატიის ინსტიტუტის მკვლევარი ური დრომი ეჭვს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატების ინიციატივით შემუშავებული სამშვიდობო გეგმა "გზამკვლევი" ბოლოს მოუღებს კონლიქტს ისრაელსა და პალესტინელებს შორის. ური დრომის თქმით, ძნელია იმის განჭვრეტა, თუ რას ფიქრობს ამ სამვშიდობო გეგმის შესახებ სინამდვილეში ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი. სტაბილური მშვიდობა მხოლოდ მაშინ დამყარდება ახლო აღმოსავლეთში, როცა გაუთავებელი სისხლისღვრით შეწუხებული ისრაელისა და პალესტინელთა დელეგაციები მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდებიან და ერთად შეიმუშავებენ თავიანთ ჭეშმარიტ გზამკვლევს - დასძენს ური დრომი.
XS
SM
MD
LG