Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ დღეებში რუსეთის პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა პეტერბურგი, სადაც, ნევისპირა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ამ დღეებში რუსეთის პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა პეტერბურგი, სადაც, ნევისპირა ქალაქის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების პარალელურად,

რამდენიმე საერთაშორისო გაერთიანების სამიტიც გაიმართა. მართალია, რუსი ჟურნალისტების დასკვნით, კრემლის ჩანაფიქრმა, სასიამოვნო და საჭირო ერთმანეთთან შეეთავსებინა, მაინცდამაინც არ გაამართლა, რადგან პეტერბურგში არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიღებულა, მაგრამ მაინც პეტერბურგული შეხვედრები თუნდაც იმით გამოდგა ისტორიული, რომ ამდენი ქვეყნის პრეზიდენტი ერთდროულად პეტერბურგს არასდროს სწვევია. რა თემებზე წერდა ამ დღეებში რუსული პრესა?

ჟურნალ "კომერსანტის" ცნობით, სანკტ-პეტერბურგის 300 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში 40 ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობდა. როგორც ჟურნალის კორესპონდენტმა გაარკვია, მაღალი დონის სტუმრების შესარჩევად ორიგინალური ხერხი იქნა გამოყენებული. კერძოდ, ნევისპირა ქალაქის საიუბილეო ღონიძიებებზე დახარჯული სახსრების გასამართლებლად, მასპინძლებმა გადაწყვიტეს სადღესასწაულო თარიღი იმ სამიტების ჩასატარებლად გამოეყენებინათ, აუცილებლად რომ უნდა გამართულიყო. შესაბამისად, სტუმრებად საზღვარგარეთის ქვეყნების პრეზიდენტები და მთავრობის მეთაურები შეირჩნენ, - წერს კომერსანტი, რომლის თქმითაც:


ბუნებრივია, დაპატიჟებულთა შორის იყვნენ დსთ-ს პრეზიდენტები - ჯერ ერთი, პროტოკოლური მოსაზრებების გათვალისწინებით და, მეორეც, რუსეთისთვის გაცილებით ადვილია დიადი "დერჟავის" სტატუსის დაკარგვასთან შეგუება, ვიდრე იმის აღიარება, რომ აღარ არის პოსტსაბჭოთა სივრცის წამყვანი ძალა. თუმცა დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურატ ნიაზოვი მიახვედრეს, რომ მისი პეტერბურგში ჩასვლა სასურველი არ იყო. რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი როგოზინმა თურქმენეთის ხელისუფლება დაადანაშაულა თალიბების მიმართ თანადგომაში, ნარკოტიკებით ვაჭრობის ხელშეწყობასა და საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერაში და დაასკვნა, რომ "ასეთი რეჟიმის საერთაშორისო იზოლაცია აუცილებელია". აშხაბადში "სიგნალი" სწორად აღიქვეს - თურქმენბაში პეტერბურგში არ ჩასულა.


2 ივნისის "ნეზავისიმაია გაზეტას" შენიშვნით, 29 მაისს პეტერბურგში გამართული დსთ-ს სამიტი მეთვალყურეებს იმით დაამახსოვრდათ, რომ სამიტზე არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. "უკრაინის პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას განმარტებით, პრეზიდენტებმა ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გადადეს იალტის შეხვერამდე, რომელიც 19 სექტემბერს გაიმართება. პეტერბურგში კი პრეზიდენტებმა გართობა გადაწყვიტეს," - იუწყება 2 ივნისის "ნეზავისიმაია გაზეტა", რომლის ცნობითაც:


პეტერბურგში ხელმოწერილი იყო მხოლოდ ერთი პროტოკოლი, რომლითაც 10 წლის ვადით გაგრძელდა ხელშეკრულება დეპორტირებულ პირთა, ეროვნულ უმცირესობათა უფლებების აღდგენის შესახებ.

მიუხედავად ამისა, ყველაზე დიდი რეზონანსი სამიტმა საქართველოში გამოიწვია. ადგილობრივმა ოპოზიციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს. საბაბად იქცა საქართველოს ლიდერის თანხმობა რუსი ცისფერჩაფხუტიანებისთვის აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ყოფნის მანდატის 10 წლით გაგრძელების თაობაზე. პუტინი კონფლიქტის ზონიდან რუსი სამხედროების 2 დღის ვადაში გაყვანის პირობას დებს, თუ ამას ქართული მხარე მოითხოვს. პრეზიდენტი შევარდნაძე ლოგიკურად მიიჩნევს შეიცვალოს ადრე არსებული პრაქტიკა, რომელიც ყოველ 6 თვეში რუსეთის მშვიდობისმყოფელებისთვის მანდატის გაგრძელებას გულისხმობს. ეს შეთანხმება საქართველოში აღქმულ იქნა როგორც უკანდახევა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში. ოპოზიციის განცხადებით, ამ ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ საბოლოო კაპიტულაცია გამოაცხადა რუსეთის წინაშე და, ფაქტობრივად, უარი თქვა აფხაზეთის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნების გეგმაზე."


შეგახსენებთ, რომ, პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებით, პეტერბურგში არავითარი შეთანხმება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი ცისფერჩაფხუტიანების ყოფნის ვადებთან დაკავშირებით არ გაფორმებულა. სხვათა შორის, გასული კვირის რუსული პრესა იმაზეც წერს, თუ როგორ გახდა თავის დროზე ედუარდ შევარდნაძე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი. კერძოდ, გაზეთი "იზვესტია" აქვეყნებს რეცენზიას ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მემუარებზე, სახელწოდებით " გადალახვა". ამ მემუარებით ირკვევა, რომ:



1985 წელს მიხეილ გორბაჩოვმა ედუარდ შევარდნაძეს კგბ-ს თავმჯდომარეობა შესთავაზა. შევარდნაძემ უარი განაცხადა, რადგან მიაჩნდა, რომ ბერიას შემდეგ ამ სტრუქტურის ხელმძღვანელად კვლავ ქართველის დანიშვნა ხალხში არასასურველ ასოციაციებს გამოიწვევდა. "მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იქნები," - განაცხადა "პერესტროიკის" სულისჩამდგმელმა.
XS
SM
MD
LG