Accessibility links

ამერიკელი სარდლის ვიზიტი და ახალი ქართული ბატალიონის პრეზენტაცია


მიუხედავად საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ციებ-ცხელებისა, მაისის ბოლო და ივნისის დასაწყისი საქართველოში სამხედრო მოვლენებითაც აღმოჩნდა გამორჩეული. ქართულ-ამერიკული

"წვრთნისა და აღჭურვის" მესამე ფაზის - ე.წ. "ჩარლი" ფაზის - გახსნიდან ერთი კვირის თავზე საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი, ოთხვარსკვლავიანი გენერალი მაიკლ ჰეიგი ესტუმრა. ყველა წინამორბედი მაღალჩინოსნის მსგავსად, ჰეიგმაც, პირველ ყოვლისა, "ამერიკულ ბაზად" წოდებული კრწანისის სასწავლო ცენტრი მოინახულა, შემდეგ კი მარნეულის სამხედრო-აეროდრომსაც გადაუფრინა, რამაც ამერიკელი გენერლის ვიზიტს ერთგვარი ინტრიგა შესძინა.

ამერიკელი გენერლების გახშირებულ, ერთდღიან და თითქმის უსიტყვო, ვიზიტებს საქართველოში უკვე ყველა მიეჩვია. თუმცა ასეთ საქციელს აქვს გამართლება: ამერიკის მთავრობის მიერ 64 მილიონი დოლარის ფარგლებში დაფინანსებული ქართულ-ამერიკული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა უპრეცედენტოა მთელ პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის სივრცეზე. ამიტომ საქართველოში ჩამოსული ყველა ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი ცდილობს ნაკლები დრო დაკარგოს პროტოკოლურ შეხვედრებზე და მეტი ინფორმაცია მიიღოს უშუალოდ თავად მისიის მონაწილეებისგან ამ პროგრამის მიმდინარეობაზე.

ამერიკელი სარდლის ოფიციალური მასპინძლის, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ჯონი ფირცხალაიშვილის განცხადებით, გენერალი ჰეიგი კმაყოფილი დარჩა პროგრამის მიმდინარეობით და სამხედროებს წარმატებები უსურვა. ამერიკელი გენერლის მსგავსად, "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით კმაყოფილები არიან ქართველი სამხედროებიც, რომლებიც, ძალიან საჭირო ცოდნის გარდა, ამერიკელი პარტნიორებისგან თანამედროვე აღჭურვილობასაც ღებულობენ.

[ჯონი ფირცხალაიშვილის ხმა] "რაც განსაზღვრულია ამ პროგრამით, ყველაფერი ჩამოდის. ჯარისკაცის ეკიპირებაში, დაწყებული ტანსაცმლით და დამთავრებული იარაღით, შედის ყველაფერი. სულ ახალი აღჭურვილობა ჩამოდის და ურიგდება მათ."


აღსანიშნავია, რომ 20 თებერვალს, ორი თვით ადრე, ამერიკელი ინსტრუქტორების ინსპექტირების მიზნით, საქართველოში ჩამოვიდა ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი მარტინ ბერნდტი, რომელმაც კრწანისის პოლიგონის მონახულების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებთან ხანმოკლე ბრიფინგი გამართა და ყოველგვარი ოფიციალური განცხადების გარეშე დატოვა საქართველო.

თუმცა მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გენერალ ბერნდტის სტუმრობას ჰქონდა ერთგვარი "ფარული დღის წესრიგი", რაც ერაყელი დიქტატორის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციის სამზადისის წინ საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენების შესწავლასაც გულისხმობდა.

ნიშანდობლივია, რომ 2 ივნისს იგივე მარშრუტი გაიმეორა ყველა ამერიკელი-საზღვაო ქვეითის სარდალმა, ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა მაიკლ ჰეიგმაც, რომლის სტუმრობის დღის წესრიგში ამჯერად უშუალოდ მარნეულის სამხედრო აეროდრომის დათვალიერება იყო შეტანილი, რამაც საქართველოს სამხედრო აეროდრომების მივიწყებულ თემას დამატებითი ინტრიგა შესძინა საქართველოში.


თუმცა, როგორც საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გენერალმა ჰეიგმა განაცხადა, მისი ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი ამერიკელი ინსტრუქტორების და "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ინსპექტირება ყოფილა, ხოლო რაც შეეხება მარნეულის სამხედრო აეროდრომს, იგი ამერიკელ გენერალს მხოლოდ ვიზუალურად, ვერტმფრენიდან დაუთვალიერებია.

ამერიკელმა გენერალმა ასევე უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, აპირებს თუ არა ამერიკა საქართველოს სამხედრო აეროდრომების ინფრასტრუქტურის გამოყენებას, ერთგვარი რეზერვის სახით.

თუმცა უდავოა, რომ მაიკლ ჰეიგმა, რომელსაც ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში მუშაობის გამოცდილება აქვს, კარგად უწყის, თუ რას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი ყველა სამხედრო ობიექტის რეალური შესაძლებლობა საომარ ვითარებაში.
XS
SM
MD
LG