Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალები ავღანეთში თალიბანის დამხობიდან წელიწადნახევრის შემდეგ


"ნაშუადღევს ხუთ საათზე" - ასე ეწოდება ფილმს,

რომელმაც გასულ თვეში კიდევ ერთხელ მიაპყრო კინემატოგრაფისტების ყურადღება ახალგაზრდა ირანელ რეჟისორს სამირა მახმალბაფს. სულ 23 წლის რეჟისორმა ქალმა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის საგანგებო პრიზი დაიმსახურა, ანუ გაიმეორა დიდი წარმატება, რომელიც მანამდე ორი წლით ადრე ჰქონდა მოპოვებული. მაგრამ დღეს, ყოველკვირეულ პროგრამაში "ქალი და მსოფლიო" სამირა მახმალბაფზე არ გიამბობთ - თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ მახმალბაფის ფილმის თემაზე. ეს არის ავღანეთში ქალების მდგომარეობა, რომელიც, როგორც არა მარტო მახმალბაფის ფილმი, არამედ ექსპერტების, თუ რიგითი ავღანელების მონათხრობი ცხადჰყოფს, ბოლო პერიოდში დიდად არ გაუმჯობესებულა.

არადა, ბევრი იმედოვნებდა, რომ თალიბანის რეჟიმის დამხობას (მას შემდეგ კი წელიწადნახევარია გასული) სულ მალე მოჰყვებოდა ცვლილებები: რომ ქალები აღარ იქნებოდნენ იძულებული, ბურკით შემოსილებს, ანუ, ფაქტობრივად, თავიდან ფეხებამდე შენიღბულებს ეარათ; რომ ქალები და გოგონები თავისუფლად ივლიდნენ სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სამსახურში.

როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა, ფარანგიზ ნაჯიბულამ შეიტყო, ავღანელი ქალების დიდი ნაწილი დღესაც ბურკით დადის, დანარჩენებიდან კი ცოტა თუ ბედავს ქუჩაში თავსაფრის, გრძელსახელოებიანი კაბისა და გრძელი შარვლის გარეშე გასვლას.

თუმცა ჩაცმულობა, ზოგადი ვითარების ფონზე, შეგვიძლია მოკრძალებულ პრობლემად ჩავთვალოთ. ადამიანის უფლებების დამცველების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ორი მილიონი ქვრივის მდგომარეობა - ამ ქალებმა ქმრები სამოქალაქო ომში დაკარგეს და, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოჯახი მათი შესანახია, ხშირად მუშაობას ვერ ახერხებენ - ნაწილობრივ ავღანეთს მოდებული უმუშევრობის, ნაწილობრივ კი იმის გამო, რომ საზოგადოება უარყოფითად აფასებს ქალების აქტიურობას ოჯახის ფარგლებს გარეთ.

ავღანეთში გამომავალ ჟურნალ "ქალთა სარკის" მთავარი რედაქტორის, შუქრია ბორიკზაის თქმით: [ბორიკზაის ხმა] "ზოგი ქალი ფულს კერვით შოულობს. კერავენ მაგალითად საბნებს და მათ ბაზარში ჰყიდიან. ზოგი ქალი იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რომ მათხოვრობას, ან მეძავობასაც კი მიჰყო ხელი".

ოფიციალურად, ავღანეთში მისასალმებლად მიიჩნევენ გენდერულ თანასწორობას, ყოველგვარ ინიციატივას, რომელიც ქალების განათლებასა და დასაქმებას ითვალისწინებს. ქვეყნის ამჟამინდელ მთავრობას პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ხელმძღვანელობით გამოყოფილი აქვს დაახლოებით 10 მილიონი დოლარი ქალთა საკითხების სამინისტროსათვის. მაგრამ ქალთა ჟურნალის რედაქტორი სკეპტიკურად არის განწყობილი: [ბორიკზაის ხმა] "სამინისტრო ირწმუნება, რომ ქალებს ეხმარება. სინამდვილეში კი არაფერს აკეთებს. მას არ გააჩნია ჩამოყალიბებული სტრატეგია იმის საჩვენებლად, რომ მართლაც მუშაობს ქალებისათის, რომ იცავს ქალების პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს".

ქალთა საკითხების სამინისტროს წარმომადგენლები, ბუნებრივია, საპირისპიროს აცხადებენ. მათ შორის არის კარიმა სალეჰი, რომლის თქმით, სამინისტრომ გახსნა ოფისები ქაბულსა და პროვინციებში, რათა ხელი შეუწყოს ქალებს: [სალეჰის ხმა] "ჩვენი სამინისტრო ჰქმნის სამუშაო ადგილებს ქალებისათვის, განსაკუთრებით ქვრივების, ღატაკების, შინ დაბრუნებული ლტოლვილებისათვის. ქალები შეადგენენ ჩვენს სამინისტროში დასაქმებულების 75 პროცენტს. გვაქვს პროექტი, რომელიც ქალებს ეხმარება სამუშაოს ძებნაში. გახსნილი გვაქვს ოფისები ქაბულის 16 უბანში".

ასევე კარიმა სალეჰის თქმით, სამინისტრო ხელს უწყობს ქალებს შორის ანალფაბეტიზმის აღმოფხვრას. მსმენელს ჩვენი წინა გადაცემებიდან, შესაძლოა ახსოვდეს, რომ გასამხედროებული ისლამური მოძრაობა თალიბანი ქალებს განათლების უფლებაზე უარს ეუბნებოდა. [გულსანგის ხმა] "სკოლაში დავდივარ, რის უფლებასაც თალიბანი არ გვაძლევდა. ახლა ქალთა სკოლები ისევ ღიაა და ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, თავისუფლად დავესწრო გაკვეთილებს", ამბობს ქაბულელი გოგონა გულსანგი, რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი გამოელაპარაკა. რაც შეეხება ავღანეთის სხვა ქალაქებსა თუ რეგიონებს, აი, რას ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩამოყალიბებისა და რეაბილიტაციის" ცენტრის თავმჯდომარე, ხადიჯა ბაჰორი: [ბაჰორის ხმა] "ჩავატარეთ გამოკვლევა ბამიანის პროვინციაში. მიყრუებულ სოფლებშიც კი სურთ გოგონების სკოლებში დაბრუნება. მაგრამ პროვინციები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან - ზოგან, მაგალითად ყანდაარში, ხალხს დღემდე ეშინია თალიბანის და არ აძლევს გოგონებს სკოლაში წასვლის უფლებას".

თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ხშირ შემთხვევაში თალიბანის შიში არაფერ შუაშია: ავღანელი მამაკაცების არც თუ უმნიშვნელო ნაწილისათვის, უბრალოდ, მიუღებელია ოჯახის წევრი ქალის გარეთ საქმიანობა, თუ სწავლა. შესაბამისად, ქალთა საკითხების სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაციები ფრთხილად მოქმედებას ამჯობინებენ, რათა საზოგადოება თანდათან გამოეთხოვოს ქალებისათვის და შესაბამისად, მთელი ავღანეთისათვის მავნე წეს-ჩვეულებებს. "ბურკის პრობლემა აუცილებლად მოიხსნება, როგორც კი ავღანელ ქალებს თავიანთი შემოსავალი გაუჩნდებათ და მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებაო", ამბობს ხადია ბაჰორი. რამდენი ხანი დასჭირდება ამ მიზნის მიღწევას, არავინ უწყის - ის კი ეჭვს არ იწვევს, რომ კიდევ უფრო მეტი დრო გავა ირანელ კინორეჟისორ სამირა მახმალბაფის ფილმის "ნაშუადღევს, ხუთ საათზე" მთავარი პერსონაჟი ქალის ოცნების ასრულებამდე. ეს ოცნება ავღანეთის პრეზიდენტოა გახლავთ.
XS
SM
MD
LG