Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლებელია თუ არა "AES-თელასის" აქციები რუსულ კომპანიას გადაეცეს


ლაპარაკი თბილისის ელექტროგანმანაწილებელ კომპანია „AES-თელასის" აქციათა გაყიდვის შესაძლებლობის თაობაზე AES-ის გარე თუ შიდა კორპორაციულ კრიზისს ემთხვეოდა ხოლმე.

ასეა ამჯერადაც, მაგრამ თუ ადრე თელასის ხელმძღვანელები აქციათა გასხვისების განზრახვას კატეგორიულად უარყოფდნენ, ახლა ამ განზრახვის არსებობას აღარ უარყოფენ, თუმცა არც აქციათა საბოლოო გაყიდვას ადასტურებენ. რამ აიძულა AES-ი საქართველოში ბიზნესის წარმოებაზე უარი ეთქვა?

„AES-თელასისთვის" საქართველოში საქმიანობა გაუსაძლისი ხდება. ამაზე მეტყველებს 11 ივნისს თელასის ფინანსური მენეჯერის გია გვიჩიანის დაკავება, მანამდე მისი წინამორბედის ბურუსით მოცული მკვლელობა. არის სხვა ფაქტორები, რომელიც AES-ის საქართველოდან წასვლის წინაპირობებს ქმნის. მათ შორის უმთავრესია თავად კორპორაცია AES-ის სათავო ოფისის ფინანსური პრობლემები. აქამდე კომპანიის საქართველოში მოღვაწეობა მხოლოდ იმით იყო მოტივირებული, რომ ქვეყნის ხელისუფლება AES-ის თითქმის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა და კატასტროფული სისწრაფით ზრდიდა ელექტროენერგიის ტარიფს.

მას შემდეგ, რაც თელასის ამერიკელი ინვესტორის ლობისტი პოლიტიკური ძალების გავლენა შემცირდა და ტარიფმა ზრდის ნაცვლად კლება დაიწყო, ლოგიკურად გამოიყურება ინფორმაცია თელასის აქციათა გაყიდვის შესახებ, რაც AES-თან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების შეშფოთებას იწვევს.

12 ივნისს თელასის მთავარმა მოწინააღმდეგემ, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ, „AES-თელასის" სავარაუდო მყიდველი დაასახელა.

[ფრიდონ ინჯიას ხმა] „AES-თელასმა გადაწყვიტა გაესხვისებინა ეს უკანონოდ მიღებული სახელმწიფო ქონება იმისათვის, რომ მესამე პირი, „რაო ეეს" რუსული კომპანია, გამოვიდეს პატიოსანი მყიდველის სტატუსით, გასხვისების შემდეგ კი გასხვისების ხელშეკრულება რევიზიას არ ექვემდებარება."

ის, რაზეც ინჯია ლაპარაკობს, საქართველოს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. ანუ AES-ის საკუთრება კანონიერადაა მიჩნეული და გაყიდვის შემთხვევაში მის ახალ მესაკუთრეს ძველი ცოდვები არ მოეკითხება, თუ გაყიდვის მომენტისთვის საჯარო რეესტრის ჩანაწერები საკუთრების კანონიერებას ადასტურებს. ლეიბორისტები კი ამტკიცებენ, რომ თელასის პრივატიზება უკანონოდ განხორციელდა და AES-ს ამ პასუხისმგებლობისაგან გაქცევას აბრალებენ.

„AES-ს თელასის" მენეჯერმა ვალერი ფანცულაიამ ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა:

[ფანცულაიას ხმა] „გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, "რაო ეესმა" შეიძინა თელასის აქციები. უბრალოდ, ასეთი გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და ოფიციალურად არ არის გაფორმებული. მოლაპარაკებები მარტო "რაოსთან" არ მიმდინარეობს, მიმდინარეობს რამდენიმე საწარმოსთან."

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ თელასის პრივატიზების შესახებ საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი გასაჩივრდება, მისი კანონიერება დროებით შეჩერდება, რაც აქციების მყიდველ კომპანიას აიძულებს, ან უარი თქვას საეჭვოდ პრივატიზებული ქონების შეძენაზე, ან კიდევ პასუხი აგოს მისი წინამორბედის ცოდვებზე. ეს კი თელასის სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნებასაც არ გამორიცხავს, რადგან ენერგეტიკული სისტემა, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, განსახელმწიფოებრიობას არ ექვემდებარება.
XS
SM
MD
LG