Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვენია - ყველაზე წარმატებული პოსტკომუნისტური ქვეყანა?


სლოვენიის რესპუბლიკამ მეოცე

საუკუნის ბოლოს თვითგამორკვევის გზაზე დამოუკიდებლობის მაძიებელ ქვეყნებს შორის ყველაზე მშვიდობიანად - და, რაც მთავარია, თავისი ხალხისთვის სასარგებლოდ - მოახერხა გვერდით დასდგომოდა სხვა, უკვე წარმატებულ, სახელმწიფოებს და ამაყად გამოეთქვა პრეტენზია იმაზე, რასაც მხოლოდ ძლიერები და ბეჯითები აღწევდნენ. სლოვენიის მოქალაქეს არ უყვარს, როცა მის სამშობლოს ყოფილ იუგოსლავიად, რაც გასაგებია, ან კიდევ ბალკანეთის ნაწილად მიიჩნევენ. ისტორიკოსთა შორის დავაც კია იმაზე, არიან თუ არა სლოვენები სლავები. სლოვენები სლოვაკებსა და სლავონებშიც კი ერეოდათ ხოლმე და გაუთვითცნობიერებელთათვის უდავო იყო მათი სლავური წარმოშობა. მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს მოსაზრება, რომ მათი წინაპრები არიან არა სლავები, არამედ ვენეტები, კელტებსა და რომაელებზე უფრო ძველი ხალხი. სხვები ფიქრობენ, რომ სლოვენები სამხრეთ ბალკანეთიდან მოვიდნენ ამ ტერიტორიაზე, რომელიც უხვად არის დაჯლდოებული როგორც ბუნების მრავალფეროვანი სილამაზით, ისე წიაღისეული სიმდიდრით, როგორიცაა: მურა ნახშირი, ვერცხლისწყალი, ტყვია.. სლოვენები იუგოსლავურ ომებს გაერიდნენ და წარმატებით გაართვეს თავი მძიმე ამოცანებს, რის გამოც დღეს მეტად კმაყოფილები არიან საკუთარი თავით. ძნელი დასაჯერებელიც კია, როგორ მოახერხეს ეს იმ ქვეყნის მცირე ნაწილში, სადაც იყო ენით აუწერელი სისასტიკე, ეროვნული ნიშნით ხალხის მასობრივი ჟლეტა და მისთანანი. ცხადია, სლოვენებს მოსწონთ თავი და საკუთარ წარმატებებზე გადაჭარბებული ლაპარაკიც უყვართ. ისინი ნაციონალური თვითმყოფადობით ადრეც გამოირჩეოდნენ, იუგოსლავიის შემადგენლობაში ყოფნისას. მათი ორიგინალურობის მთავარი განმსაზღვრელი, ალბათ, იყო ენა, სრულიად განსხვავებული სერბო-ხორვატულისგან, რომელზეც თითქმის მთელი ყოფილი იუგოსლავია ლაპარაკობს. სლოვენები შურის გრძნობასაც კი იწვევენ სხვა ყოფილ იუგოსლავებს შორის. ამ შურს საუკეთესოდ გამოხატავს ცნობილი ავსტრიელი მწერალი პეტერ ჰანდკე. ჰანდკე დედით სერბია და სერბიის მიმართ ობიექტურობით არ გამოირჩევა. ამიტომაც იყო, რომ სერბთა პატრიოტს იუგოსლავიის იმპერიის დაშლა არ მოსწონდა და გამწარებული ამბობდა სლოვენიაზე, იუგოსლავიას გამოეყო კეთილდღეობის ეგოისტური სურვილით შეპყრობილიო. ჰანდკე დამამცირებლად მოიხსენიებდა დამოუკიდებლობის გამოცხადების ფაქტს, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პროცესს და მას სახელწმიფოობანას თამაშს უწოდებდა.
სლოვენები კი ამას თამაშად არ მიიჩნევენ და ხელებდაკაპიწებულები ახლად აშენებენ ქვეყანას. რაც არ უნდა ჰკითხოთ სლოვენს, ის უსათუოდ დადებითად გიპასუხებთ, გეტყვით, რომ პრობლემა მოაგვარეს. ხორვატიასთან სასაზღვრო კონფლიქტი? - გვქონდა, მაგრამ გადაჭრილია. ახალგაზრდების, ხელოვნების წარმომადგენლების თუ მეცნიერების უცხოეთში წასვლა? - სლოვენები ყოველთვის სიამოვნებით მიდიოდნენ უცხოეთში და შვილებსაც სიხარულით გზავნიდნენ სასწავლებლად საზღვარგარეთ, მსოფლიოს მიმართ გახსნილები იყვნენ. აქვს ხალხს ტიტოს კულტის ნოსტალგია? - ის უკვე წარსულს ჩაბარდა, მხოლოდ ზოგიერთი ლიუბლიანელი თუ მისდევს მას მოდის გამო. რა ხდება საზოგადოებაში, ჰიტლერის მოძულე და ნაცისტებთან კოლაბორაციის მომხრეთა შორის ძველი განხეთქილების მხრივ? - ეგ აღარავის აინტერესებს. სლოვენთა მხოლოდ ექვსი პროცენტი აცხადებს დღეს, მეამბოხეების მხარეს არ ვმდგარვარო. მაგრამ უფრო განმაცვიფრებელია შემდეგი რიცხვი: 2000 წლამდე ამ ქვეყნის წამყვანი პოზიციების 82 პროცენტი ყოფილი კომუნისტების ხელში იყო. ამდენივე პროცენტი მოსახლეობისა მონათლულია. საშუალო სოციოტიპი სლოვენისა ასეთი უნდა იყოს: კათოლიკე, კაპიტალისტური თვალსაზრისით წარმატებული, ლიბერალი, ყოფილი კომუნისტი, რომლის მამა პარტიზანი იყო. და დღეს ამგვარი სოციოტიპის სამშობლო ევროპის კავშირში შედის გამართული, საუკეთესო მონაცემებით მრეწველობის სფეროში, 5 პროცენტიანი ეკნომიკური ზრდით და, როგორც ითქვა, ბუნებით, რომელიც საოცნებოა ყველა კატეგორიის ტურისტისთვის: მთაში ხეტიალის, ზღვაში ბანაობის, აბაზანების მიღების მოყვარულთათვის. სლოვენია საქართველოზე დიდია: 202 ათას კვადრატულ კილომეტრს უდრის მისი ტერიტორია, რომელზეც ორ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. სლოვენიის დედაქალაქი ლიუბლიანა სოციალისტური საქართველოს დროს თბილისთან იყო დაძმობილებული. სლოვენიამ ახლა საქართველოს გაასწრო, პროცენტული მაჩვენებლებითაც და, რაც მთავარია, ხალხის განწყობილებით. უბრალო პროპაგანდით დაუინტერესებელი სლოვენი თავისი ქვეყნის წარმატებაზე როცა ლაპარაკობს, საკუთარ ღვაწლსაც ხედავს მასში და თავი მოაქვს თავისი მუყაითობით, რითაც გერმანელთა შორის ამ მხრივ ყველაზე გამორჩეულებს - შვაბებს - ადრის თავს, და განგიცხადებთ, ჩვენ შვაბების მონათესავენი ვართო. და ბოლოს, მცირე ცნობა: სლოვენიის ეროვნულ ფულს ტოლარი ჰქვია.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG