Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის დღე საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი 26 ივნისს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აღნიშნავს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს. წამება მწვავე პრობლემაა საქართველოში, სადაც მარტო ბოლო 6 თვის მანძილზე ათეულობით ადამიანი აწამეს.

ერთადერთი ძვრა, ამ თვალსაზრისით, ის გახლავთ, რომ წამების ფაქტებს, ახლო წარსულთან შედარებით, უფრო ხშირად იგებს საზოგადოება, თუმცა ასეთი ინფორმაციის გავრცელება თავად წამების ფაქტებს არ ამცირებს. 26 ივნისი საქართველოში მოკრძალებულად აღნიშნეს: რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შეიკრიბა, მოაწყვეს წამების იარაღთა გამოფენა და მშვიდობიანი მსვლელობა თითო-ოროლა ტრანსპარანტით.

წამება, განსაკუთრებით პატიმართა წამება, საქართველომ საბჭოთა პერიოდიდან იმემკვიდრა. დამოუკიდებელ საქართველოში ჯერ პოლიტიკური პატიმრების წამება გახმაურდა. მოგვიანებით პოლიტიკურ პატიმრებს აღარ აწამებდნენ, სამაგიეროდ, წამება თითქმის ყველა სხვა კატეგორიის პატიმარზე გავრცელდა. საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ დაწერილ სხვადასხვა ანგარიშში წლიდან წლამდე იხსენიება წამების ფაქტები. ადვოკატ სევდია უგრეხელიძის აზრით, წამებას საქართველოში არავინ დათმობს, რადგან [უგრეხელიძის ხმა]: "წამება არის ფულის შოვნის წყარო იმ ორგანოებისათვის, ვინც ამას აკეთებს. ჩვეულებრივ, ადამიანს როცა დაიჭერენ, მას პოლიციისათვის გარკვეული ფასი ადევს. დასწამებენ რაღაც დანაშაულს და აიძულებენ, აღიაროს. თუ აღიარა, ფულს სძალავენ. თუ არ აღიარა და ფულიც არ გადაიხადა, მისი დაჭერა ძალაში რჩება. აქედან გამომდინარე, მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან სადაც კორუფცია ყვავის, იქ ყოველთვის იქნება ძალადობა და, მით უმეტეს, ძალადობა საპატიმრო ადგილებში".

საქართველოში პოლიციის წინასწარი დაკავების საკნები არაა ერთადერთი ადგილი, სადაც პატიმრებს აწამებენ. ადამიანის უფლებათა დამცველის ნანა კაკაბაძის თქმით, ასეთი ადგილია წინასწარი პატიმრობის იზოლატორი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაშია. იზოლატორში არის [კაკაბაძის ხმა] "სარდაფის ქვედა სართული, სადაც არც სარკმელია და არც ჰაერი შედის". ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის რეკომენდაცია, არ მოეთავსებინათ პატიმრები ამ ტერიტორიაზე, საქართველოში არ შეისმინეს, რეკომენდაციის სავალდებულო ხასიათის მიუხედავად. [კაკაბაძის ხმა]: "მათ უთხრეს, რომ აქ ადამიანის მოთავსება ნიშნავს მის წამებას. ამის მიუხედავად, იქ 150-მდე პატიმარია დღეს. ფაქტობრივად, ეს ადამიანები იქ ეწამებიან, იმიტომ რომ წამება არ არის მარტო რაღაცის ჩხვლეტა ან დენი შეუერთო... თუ პირი მოთავსებულია წამების ტოლფას პირობებში, ეს ნიშნავს, რომ მას აწამებენ".

მე დავინტერესდი, რამდენი პოლიციელი დაისაჯა მხოლოდ წელს თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ სისასტიკისა და მათი წამებისათვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა პაატა გომელაურმა ასეთი ინფორმაცია მომცა [გომელაურის ხმა]: "2003 წლის 5 თვეში პოლიციის გადაცდომებზე 149 საქმეა აღძრული, აქედან ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო - იგულისხმება სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და უკანონო დაკავება - 12 საქმეა".
XS
SM
MD
LG