Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სატელეფონო კომუნიკაციები რეაბილიტაციას საჭიროებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი როდესაც საუბარია ქვეყანაში ბიზნეს გარემოზე, როგორც წესი, პირველ რიგში გულისხმობენ საკანონმდებლო ბაზას და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციას, თუმცა მეწარმეობის

განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება კომუნიკაციების გამართულ მუშაობას. როგორ ვითარდება ტელესაკომუნიკაციო სისტემა და როგორი ინფრასტრუქტურა არსებობს, ამ მხრივ, საქართველოში?

საქართველოს ტელესაკომუნიკაციო სისტემის 70 პროცენტი ტექნიკურად და მორალურად მოძველებულია და მოდერნიზაციას საჭიროებს, ამის შესახებ განცხადებას კავშირგაბმულობის სპეციალისტები აკეთებენ.

ექსპერტების შეფასებით, სატელეფონო კომუნიკაციების რეაბილიტაციისა და მეტ-ნაკლებად ნორმალურ მდგომარეობაში მოყვანისთვის დაახლოებით 100 მილიონი ლარია საჭირო. ამასთან, თუ უახლოესი 5 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა შესაბამისი თანხის გამოძებნა და სისტემის მოდერნიზაცია, შესაძლოა, დარგში გამოუვალი სიტუაცია შეიქმნას.

სტრატეგიული გამოკვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული სპეციალური სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ექსპერტების 57 პროცენტი კავშირგაბმულობის ბაზარზე ყველაზე დიდი ოპერატორის "საქელექტროკავშირის" მომსახურებას საშუალო დონეზე, ხოლო 43 პროცენტი აურყოფითად აფასებს.

შედარებით უკეთესი მდგომარეობაა თბილისში არსებულ სატელეფონო ქსელებზე, სადაც მეტ-ნაკლებად ხდება ახალი აპარატურის და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა. ელექტროკავშირის ცნობით, თბილისის რამდენიმე სატელეფონო სადგურზე წელს დასრულდება 80 ათასი აბონენტის ციფრულ სადგურზე გადაყვანა, რასაც ელექტროკავშირი ჩინურ "ჰაივეი ტექნოლოჯისთან" ერთად ახორციელებს. თუმცა ექსპერტები აღნიშნული ჩინური კომპანიის აპარატურას უკვე მოძველებულად მიიჩნევენ და აღდგენითი სამუშაოების მიმართ გარკვეულ პრეტენზიებსაც გამოთქვამენ. ამასთან, ამ პროექტს ექსპერტიზა არ გაუვლია ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სამინისტროში.

"საქელექტროკავშირს" ნორვეგიულ ფირმა "ტელენორთან" ერთად მომზადებული აქვს კომუნიკაციების განვითარების პროგრამა, რომლის შემუშავებაც 200 ათასი აშშ დოლარი დაჯდა. თუმცა ამ პროგრამის გამჭვირვალობასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით ასევე მრავალი შეკითხვა არსებობს.

თავად "საქართველოს ელექტროკავშირის" განკერძოების საკითხიც, რომელიც ჯერ კიდევ შარშანწინ იყო საპრივატიზაციო სიაში შეტანილი, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან გამოცხადებულმა ტენდერმა შედეგი ვერ აჩვენა. არადა, ტელეკომუნიკაციების სფერო, ტრადიციულად, ყველაზე მომხიბლავ სეგმენტად ითვლება და, რეალური სურვილის არსებობის შემთხვევაში, მისი გაყიდვა სახელმწიფოს არ უნდა გაუჭირდეს. თუმცა "ელექტროკავშირთან" დაკავშირებით, ისევე როგორც ყველგან, ბევრი კერძო ინტერესი გადაიკვეთა, რამაც მისი განკერძოება შეაფერხა.

თავად სატელეფონო კომუნიკაციები, დონორების მიერ დაფინანსებული რამდენიმე პროექტის გარდა, სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებს, რასაც მხოლოდ მწირი სახელმწიფო ფინანსები არ ეყოფა და ინვესტიციების მოზიდვის გარეშე ამ სფეროს განვითარება სერიოზულ პრობლემად დარჩება.
XS
SM
MD
LG