Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ

გადაცემაში ორ მოვლენას შევეხებით: ერთია ამ დღეებში გალერეა “ორნამენტში” მიმდინარე ტიხრული მინანქრის გამოფენა, ხოლო მეორე გახლავთ ორიოდე დღის წინ გასრულებული პენ-მარათონი. ეკა წამალაშვილი წარმოგიდგენთ მხატვარ თეა გურგენიძეს და მასთან ერთად მოგითხრობთ სკოლაზე, სადაც ბავშვებს - საერთოდ, შეგირდებს -ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიას შეასწავლიან. შემდეგ კი ვისაუბრებთ პენ-მარათონის გამარჯვებულებსა და კრებულზე, რომელშიც მონაწილეთა 10 საუკეთესო მოთხრობა შევიდა.

ეკა წამალაშვილი:

თეა გურგენიძე, ზაზა ნოდია, პაატა პაატაშვილი, ირაკლი მეგრელიშვილი და სოსო ალავიძე, ერთობლიობაში, მხატვართა ის ახალი თაობაა, რომელიც ტიხრულ მინანქარზე სერიოზულად მუშაობს და ხელოვნების ამ მიმართულებას, გამოყენებით ხელოვნებას, სხვებსაც აზიარებს, ასწავლის. ამ მხატვრების და მათი მოწაფეების ნამუშევრები - მინიატურები, სამკაულები - გალერეა “ორნამენტშია” გამოფენილი. ერეკლე მეორის ქუჩაზე მოქმედ ამ გალერეასაც და ტიხრული მინანქრის სკოლასაც საფუძველი სამმა ადამიანმა - მხატვარმა თეა გურგენიძემ და მარინა და ხათუნა ბაბუნაშვილებმა ჩაუყარეს. მათი მონდომებით, თბილისში არსებობს გალერეა, სადაც ტიხრული მინანქრის თანამედროვე ოსტატების ნამუშევრები გამოეფინება ხოლმე, და სკოლაც, სადაც, როგორც უკვე ვთქვით, დაინტერესებულ პირებს ხელოვნების და ხელობის ამ დარგს ასწავლიან. დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში გამოყენებითი ხელოვნების ბუმია, ტიხრული მინანქრით დაინტერესება დიდია და მხატვრებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, პრაქტიკული თვალსაზრისით უმართლებთ. ტიხრული მინანქრის ძვირად ღირებულ მინიატურებს, სამკაულებს თუ რელიგიური შინაარსის ნამუშევრებს მყიდველი ჰყავს და არამარტო უცხოელები. მათ უფრო მეტად ქართველები ყიდულებენ, რადგან, როგორც თეა გურგენიძე ამბობს, ქართველებისთვის ეს ყველაფერი საკუთარია, საკუთარი ფესვებიდან არის ამოსული. თავად თეა უპირატესობას შემოქმედებით თავისუფლებას ანიჭებს და რელიგიური თემატიკით არ იზღუდება. ქმნის უმშვენიერეს მინიატურებს, სამკაულებს და ამ მეტად საინტერესო პროცესს ასე აღწერს:

[თეა გურგენიძის ხმა] “ეს მოითხოვს ძალიან დიდ დროს, სიწყნარეს, სიმშვიდეს და მოხერხებას, რადგან ეს ყველაფერი, ტიხრები, კეთდება ხელით, ორი პინცეტის დახმარებით. მთელი კომპოზიცია ეწყობა ლითონზე - სასურველია, ოქრო, ვერცხლი და სპილენძი, სხვაზე არც კეთდება მინანქარი. იწყობა კომპოზიცია, შემდეგ ედება ფერები და გამოწვა ხდება ყოველი ფერის ჩადების შემდეგ. საშიშია არ დაგეწვას და მთელი შრომა წყალში არ ჩაგეყაროს. მთავარია პრაქტიკა, გარდა იმისა, რომ იყო მხატვარი და, მარტო ტექნოლოგია კი არა, რაღაცის შექმნა იცოდე. “

მინანქარზე მუშაობის მთელი ეს ტექნოლოგია თეა გურგენიძის და მარინა და ხათუნა ბაბუნაშვილების მიერ დაარსებულ სკოლაში მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ მოზარდებსაც შეასწავლეს იმ იმედით, რომ მომავალში ეს მათ არა მარტო შემოქმედებით სიამოვნებას მიანიჭებთ, არამედ პრაქტიკული თავლსაზრისითაც გამოადგებათ. ამ სკოლაში სწავლების კურსი ორთვიანია და, ტიხრულ მინანქარზე მუშაობის ტექნოლოგიის გარდა, თეორიულ სწავლებასაც მოიცავს. ბოლო ლექცია საქართველოს “ოქროს ფონდში” ტარდება და იქ მინანქარზე მუშაობით დაინტერესებულები, ამ საქმეში ახალბედები, უკვე ახერხებენ ერთმანეთისგან გაარჩიონ რომელი ნიმუში მიკუთვნება ქართულ სკოლას და რომელი ბიზანტიურს. თეას თქმით, სკოლაში შეუცვლელი პედაგოგი ირაკლი მეგრელიშვილია, რადგან ის გამორჩეულად ახერხებს მოწაფეებს ასწავლოს ყველაფერი, რაც მუშაობისთვის არის საჭირო. შედეგად, მოწაფეებიდან უკვე გამოიკვეთნენ ახალი სერიოზული სახეები, ესენია: მაია დუიშვილი, მაია ზარანდია, სოფო ეცედაშვილი, ირმა კვეზერელი და სხვები. მოწაფეებთან დაკავშირებით თეა გურგენიძე ამბობს:

[თეა გურგენიძის ხმა] “ ჩვენთვის ძალიან სასურველია, იყვნენ მხატვრები, მაგრამ არიან ხოლმე არამხატვრებიც. თქვენ უნდა ნახოთ ეს გამოფენა და მიხვდებით, რომ გაჩნდნენ ახალი სახეები, რომლებიც უკვე თვითმყოფადები არიან. სკოლაში ჯგუფში არის ხუთამდე მოწაფე - ბევრს ვერ დავსვამთ ჯგუფში, რადგან მოწაფეებთან ინდივიდუალური მუშაობაა საჭირო. კურსი არის ორთვიანი და ტექნოლოგია ისწავლება. რა თქმა უნდა, მეტი სჭირდება ამ ხელოვნებას. შემდეგ მიდის ყოფილ მოწაფეებთან კონსულტაციები, რისთვისაც ჩვენი გალერეა ყოველთვის მზადაა.”

გალერეა “ორნამეტში” გამოფენა, სახელწოდებით “ახალი თაობა”, გრძელდება. ეს არის მასწავლებლებისა და მოწაფეების ნამუშევართა გამოფენა, რომლის შეფასებისთვის ამ ნამუშევრების ნახვაა საჭირო. დასასრულს აღვნიშნავ, რომ ტიხრული მინანქრის სკოლაში, რომელზეც ვისაუბრეთ, სკოლის რამდენიმე ყოფილმა მოწაფემ - ისინი მხატვრები არ ყოფილან - პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა. როგორც მხატვარი თეა გურგენიძე ამბობს, ტიხრული მინანქარი იმდენად საინტერესოა, ჩათრევა იცის და, ვინც სერიოზულად შეაბიჯებს მინანქრის სამყაროში, უკან დაბრუნებას აღარ ისურვებს.

დათო პაიჭაძე:

განვაგრძობთ ახალგაზრდულ პროგრამას. ახლა ვისაუბრებთ უჩვეულო ლიტერატურული კონკურსის, პენ-მარათონის, შესახებ. წარმოგიდგენთ კრებულს, რომელშიც მარათონის მონაწილეთა 10 საუკეთესო მოთხრობა შევიდა.


წლევანდელი პენ-მარათონი, მოგეხსენებათ, გემზე ჩატარდა 7-დან 8 აგვისტომდე. ფოთის აკვატორიაში, ხომალდ “კაპიტან თავართქილაძის ბორტზე” მყოფ 23 ფინალისტს 24 საათში უნდა შეექმნა პროზაული ტექსტი. 27 ივნისს “საქართველოს ბანკის” განახლებულ შენობაში გამარჯვებული ავტორები დაასახელეს და საზოგადოებას ათი მოთხრობისაგან შემდგარი კრებულიც წარუდგინეს, რომელიც მარათონის ინიციატორმა და ორგანიზატორმა გამომცემლობამ, “დიოგენემ”, დასტამბა.

პირველი ადგილი ჟიურიმ მწერალ ვანო ჩხიკვაძეს არგუნა, მეორე - ნუგზარ შატაიძეს, მესამე - ბესო სოლომანაშვილს. სპეციალური და საპატიო პრიზები მიიღეს სოსო ტაბუცაძემ და ირაკლი სამსონაძემ.

პენ-მარათონის შედეგებზე ჩვენ შარშანაც ვისაუბრეთ და, რადგან ეს კონკურსი წელს მხოლოდ მეორედ ჩატარდა, თავისთავად ჩნდება სურვილი, წლევანდელი ტექსტები შარშანდელ ტექსტებს შეუდარო. შესაძლოა, ვინმეს ეწყინოს, მაგრამ, ჩემი აზრით, წელს შექმნილი მოთხრობების მხატვრული დონე საგრძნობლად მაღალია შარშანდელზე. ცხადია, შეიძლება რამდენიმე ფილოლოგიური კრიტერიუმის ჩამოთვლა, რომელთა მოშველიებაც ამ მტკიცებას დამაჯერებლობას შემატებს. მაგრამ მანამდე აღვნიშნავთ, ასე ვთქვათ, ობიექტურ (ან, ეგებ, სუბიექტურ) პირობებს: შარშან კონკურსანტები ერთ ოთახში, პოეტ კოტე ყუბანეიშვილის სახელობის კლუბ-კაფეში, შეკრიბეს და მხოლოდ 12 საათი მისცეს სამუშაოდ. ამასთან, ამ 12 საათის მანძილზე მუშაობდა მოძრავი კამერა, რათა ვიდეომასალებით დოკუმენტური ფილმი გადაეღოთ. ფილმი, აშკარად, წარუმატებელი გამოდგა, თანაც, კაცმა არ იცის, როგორ უშლიდა ხელს ოპერატორი მწერლებს. გემზე კი პირობები უკეთესი იყო - მარტო ის რად ღირს, რომ მწეველი და არამწეველი პროზაიკოსები ერთმანეთისგან გაყვეს. შარშან მარათონის ორგანიზატორები მოთხრობის დასაწყისს პირდაპირ უკარნახებდნენ კონკურსანტებს - პირველი ფრაზა ყველასთვის საერთო უნდა ყოფილიყო. წელს შემოქმედთა თავისუფლებას მეტი პატივი სცეს და საერთო მხოლოდ დევიზი შესთავაზეს: ძველი ბერძნული გადმოცემის თანახმად, სკვითური წარმოშობის ბრძენკაცის, ანაქარსისის, მაქსიმა: “უსაფრთხო ხომალდები ხმელეთზე ამოთრეული ხომალდებია”. შარშან გამარჯვებულებს, ანუ პირველ სამ ადგილზე გასული მოთხრობების ავტორებს, წლევანდელზე ორჯერ ნაკლები ღირებულების ფულადი ჯილდო გადაეცათ. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ კონკურსის საპრიზო ფონდის გაზრდამ წლევანდელ მარათონში მიიზიდა პროფესიონალი მწერლები, რომელთაც, საბოლოო ჯამში, პირველი-მეორე ადგილები გაინაწილეს. ან, შეიძლება, ფული არც არაფერ შუაშია: პირველ მარათონს ბევრი სერიოზულად არ აღიქვამდა, მეტისმეტად მსუბუქ თამაშად მიიჩნევდნენ. თამაშის ელემენტები ამ კონკურსს ყოველთვის ექნება, მაგრამ წელს დადასტურდა, რომ, ამის მიუხედავად, მწერალი შეიძლება მას პროფესიულად და სრული სერიოზულობით მოეკიდოს. დაჯილდოების ცერემონიალზე ერთმა კრიტიკოსმა კერძო საუბარში მარათონის პოზიტიურ ნიშნად მიიჩნია ის, რომ, თუ ადრე ქართველები ერთმანეთს ჭამა-სმაში ეჯიბრებოდნენ, ახლა უკეთ წერაში ეჯიბრებიან და, რაც მთავარია, ამაში ფულსა და სიამოვნებას იღებენ.

სიამოვნებას, ალბათ, პენ-მარათონი 2003-ის კრებულის, “ხმელეთზე ამოთრეული ხომალდების”, მკითხველიც მიიღებს, განსაკუთრებით ის მკითხველი, რომელსაც უყვარს კონკრეტული მოტივები მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ პროზაში. რუსულ საბჭოთა ლიტერატურაში იყო ცნობილი მიმართულება, რომელსაც, პირობითად, სოფლის ან სოფლურ პროზას უწოდებდნენ. ამ პროზის ყველაზე ცნობილი ნიმუშები ვალენტინ რასპუტინისა და ვიქტორ ასტაფიევის ტექსტებია. ქართულ ლიტერატურაში არავინ ცდილა ასეთი, თუნდაც პირობითი, მიმდინარეობა გამოეყო, თუმცა საამისო საფუძველი არსებობდა: საკმარისია, ვთქვათ, რეზო ინანიშვილისა და ლადო მრელაშვილის სახელები. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ძნელად გაიხსენებ კარგ ქართველ პროზაიკოსს, რომელიც თავისი შემოქმედებით მხოლოდ პასტორალურ ან ურბანულ გარემოზე იყოს მიბმული. ნუგზარ შატაიძისა და ვანო ჩხიკვაძის პრემირებული მოთხრობები სწორედ ზემოთ ნაგულისხმევი “ქართლ-კახური” (ბრჭყალებში, ცხადია) პროზის მოტივებს ეხმიანებოდნენ. მცირე ფორმა, მოქმედების მინიმუმი, ძლიერი ქვეტექსტი, გულდაგულ დამუშავებული ფრაზა და თითქოს დიდხანს ნაძებნი სიტყვა - ეს ყველაფერი, შეუძლებელია, ეუცხოოს მკითხველს, რომელმაც, ქართული მწერლობიდან სიყმაწვილეში დაქვრივებული ქალის ტრაგიზმიც იცის და ქართული სოფლის გაპარტახებაც აწუხებს. ეს პრობლემები “მარათონელთა” მოთხრობებში ყოველგვარი “ობიექტური მიზეზების” წვდომის გარეშეა მოცემული, რომ არაფერი ვთქვათ, ამ მწერლებისათვის ისედაც უცხო მორალიზმის არარსებობაზე. სიახლე აქ მოულოდნელ დეტალებშია: მარტოხელა მომაკვდავი ქვრივის აღსარება, მღვდელსაც და გარშემომყოფებსაც ბოდვად რომ ეჩვენებათ, გასაღებია კიდევ ერთი ცხოვრებაშეუმდგარი პერსონაჟის ტრაგიზმისათვის: ვირგოგამიას ხუთი წლის ცოლ-ქმრული ცხოვრების მანძილზე ქართული მწერლობა აქამდე ნამდვილად არ იცნობდა. ღვიძლი ძმები კარგავენ ერთმანეთს და სამუდამოდ სწყდებიან საკუთარ ფესვებს ერთი ვედრო კარტოფილის გულისთვის: ასეთი რამ შეიძლება დაიჯერო ნუგზარ შატაიძის ულმობელი მოთხრობის კითხვისას.

ცხადია, ერთ გადაცემაში მთელ კრებულს ვერ გავწვდებით, მით უმეტეს, თუ კრებულში შესული ზოგიერთი მოთხრობა პროფესიულ მსჯელობას ითხოვს. ასევე საინტერესოა, რამდენად ადეკვატურია 24 საათში დაწერილი მოთხრობები, საერთოდ, დღევანდელი ქართული ლიტერატურისათვის. ასეთი საუბარი ჩვენს ეთერში წინ გვიძევს: ერთი კვირის შემდეგ, კულტურული ცხოვრების მიმოხილვაში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG