Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში სახელისუფლო კრიზისი გრძელდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რამდენიმე დღის წინ, მკურნალობის მორიგი კურსის ჩასატარებლად სოხუმის ხელისუფლების ლიდერის ვლადისლავ არძინბას მოსკოვში გამგზავრებისთანავე, სოხუმში ისევ დაიძაბა პოლიტიკური ვითარება.

სოხუმის პრემიერ-მინისტრმა რაულ ხაჟინბამ "პოლიტიკური რეპრესიული მანქანის ამოქმედების" გადაწყვეტილება მიიღო. მისი განცხადებით, სახელმწიფო მოსამსახურეებს უნდა აეკრძალოთ საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობა და "უმაღლესი მთავარსარდლის ავტორიტეტის შემლახავი" განცხადებების გაკეთება. დაიწყება თუ არა აფხაზეთში პოლიტიკური დევნის პროცესი?


რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სოხუმის ხელისუფლების პრემიერი რაულ ხაჟიმბა, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოვიდა სულ ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის ომის ვეტერანთა გაერთიანების "ამცახარას" საპროტესტო აქციების შედეგად, დღეს სწორედ "ამცახარას" უპირისპირდება. ხაჟიმბას აღშფოთება გამოიწვია სამხედრო კომისრის მერაბ ქიშმარიას განცხადებებმა, რომ არძინბა, შიდაპოლიტიკური სიტუაციის გასანეიტრალებლად, კოდორის ხეობაში პერმანენტულად ვითარების დესტაბილიზაციას ახდენს. რაულ ხაჟიმბამ სოხუმის ხელსუფლების თავდაცვის მინისტრს ვიაჩესლავ ეშბას დაავალა, პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, უმოკლეს ვადაში გადაწყვიტოს მერაბ ქიშმარიას პასუხისმგებლობის საკითხი.
ცნობისთვის: მერაბ ქიშმარია, რომელიც აფხაზეთის ომში აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი გახლდათ, დღეს "ამცახარას" პოლიტიკური საბჭოს წევრია.
ქართველი ექსპერტების აზრით, აფხაზეთში ბრძოლა ხელისუფლებისთვის გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ხაჟიმბა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არძინბას ოპოზიცური ძალების საპროტესტო აქციების ტალღაზე მოხვდა, დღეს "ამცახარა" კვლავ განაგრძობს არძინბას ხელისუფლების კრიტიკას. არადა, უკვე დაფარული არ არის, რომ მოსკოვის, ასე ვთქვათ, გარკვეული ძალები არძინბას შესაძლო შემცლელად სწორედ ხაჟიმბას ხედავენ, იმავე "ამცახარასგან" განსხვავებით, რომელიც ასევე დაუფარავად უჭერს მხარს აფხაზეთის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს.
კვლავ დაძაბულია ურთიერთობა არძინბასა და აფხაზურ პარლამენტს შორის, რომელმაც, აფხაზების ლიდერის პროტესტის მიუხედავად, პირველი წაკითხვით მაინც მიიღო კანონი აფხაზეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წესის შესახებ. შეგახსენებთ: აფხაზურ პარლამენტს მიაჩნია, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საკმარისია პარლამენტის წევრთა უმრავლესობის თანხმობა, განსხვავებით არძინბასაგან, რომელიც ამტკიცებს, რომ ვინაიდან კონსტიტუცია რეფერენდუმის გზით იყო მიღებული, ცვლილებების შესატანად ასევე რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. აფხაზური პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ არძინბამ, პროტესტის ნიშნად, თავისი წარმომადგენელი გამოიწვია სახალხო კრებიდან. აფხაზური საინფორმაციო სააგენტოს "აფსნი-პრესის" ცნობით:

"პრეზიდენტის დემარშის შემდეგ დეპუტატებმა გადაწყვიტეს შეიქმნას შემთანხმებელი კომისია, რომლის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად პრეზიდენტიც მიიწვიეს. მაგრამ პარლამენტის სპიკერის ნუგზარ აშუბას სახელზე გაგზავნილ წერილში ვლადისლავ არძინბამ განაცხადა, რომ კომისიის მუშაობის დაწყებამდე დეპუტატებმა უნდა გააუქმონ უკვე მიღებული კანონი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წესის შესახებ."

აფხაზურ პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის შექმნილი დაძაბულობის განეიტრალება სცადა ვიცე-სპიკერმა კონსტანტინე ოზგანმა, რომელმაც კონსტიტუციურ დავათა გადასაწყვეტად უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებათა გაფართოების წინადადება წამოაყენა. ამავე დროს, ისევ სააგენტო "აფსნი-პრესის" ცნობით:

"ოპოზიციურმა გაერთიანებამ "აიტაირამ" და "ამცახარამ" გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში ბრალი დასდეს ხელისუფლებას, რომელმაც შემთანხმებელ კომისიაში მუშაობაზე უარი განაცხადა. თავად სახალხო კრებამ პრეზიდენტის წარმომადგენელთა გარეშე მიზანშეუწონლად მიიჩნია შემთანხმებელი კომისიის მუშაობის დაწყება."

სხვათა შორის, ქართველი პარლამენტარების მსგავსად, როგორც ჩანს, აფხაზური პარლამენტის წევრებსაც წინ ცხელი ზაფხული ელით: თავად დაპირებული პოლიტიკური წმენდის გარდა, სახალხო კრებამ გადაწყვიტა, არ დაიშალოს არდადეგებზე, რადგან სპიკერ ნუგზარ აშუბას აზრით, დეპუტატის შვებულება დღეს გაუმართლებელი ფუფუნებაა.
XS
SM
MD
LG