Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოხდება ამომრჩევლებისა და ბიულეტენების პარალელური დათვლა


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლის, ჯეიმს ბეიკერის, წინასაარჩევნო 10 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კენჭისყრის

შედეგების პარალელური დათვლის მექანიზმის შემუშავება. ამ იდეის განსახორციელებლად მთავრობამ და პარლამენტმა სათანადო ნაბიჯები უნდა გადადგან, რათა პარალელური დათვლის მექანიზმისთვის აუცილებელი სამართლებრივი ბაზა ჩამოყალიბდეს. როგორ იმუშავებს ამომრჩევლებისა და ბიულეტენების პარალელური დათვლის სისტემა?

ამომრჩეველთა სიებისა და ხმების პარალელური დათვლა ორი განსხვავებული პროცედურაა, თუმცა ეს ორივე აუცილებელი კომპონენტია ნდობადაკარგული ქართული საარჩევნო სისტემის ავტორიტეტის ასამაღლებლად. პარალელური დათვლის სისტემა აპრობირებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: სერბეთი, მაკედონია, ნიგერია და სხვა. პარალელურ დათვლას ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ორგანიზაციები ახორციელებენ და მათი და ხელისუფლების მონაცემების შედარების მეთოდით ადვილი წარმოსადგენი ხდება, თუ რომელ უბანში რა დოზით გაყალბდა არჩევნები. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში პარალელური დათვლის მექანიზმის დასანერგად საჭიროა საარჩევნო კოდექსში სათანადო ცვლილებების შეტანა.

კანონმდებლობა ისე უნდა მოეწყოს, რომ საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებული იყოს თავის მიერ დათვლილი შედეგები საჯაროდ გამოაქვეყნოს. ეს კი საოლქო კომისიებში არჩევნების შედეგების გაყალბების შესაძლებლობას შეამცირებს. წინა არჩევნებზე საუბნო კომისიები კენჭისყრის შედეგებს მხოლოდ საოლქო კომისიებში გზავნიდნენ, სადაც ხმათა ამსახველი ციფრების გადასწორება და შეცვლა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] „ხმების პარალელური დათვლა, არსებითად, უზრუნველყოფს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ თავისი ნება-სურვილის მიხედვით ვეღარ გადაასწოროს ციფრები საოლქოში ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ეს ზრდის საუბნო კომისიებისა და მისი თავმჯდომარეების პასუხისმგებლობას. დღეს უკვე თუ ჩვენ ამ მექანიზმს ჩავდებთ, საუბნო კომისიები თვითონ აგებენ პასუხს იმ შედეგებზე, რასაც გამოაქვეყნებენ, გამოაკრავენ.“

კომისიათა პასუხისმგებლობის ზრდის გარდა, დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ პარალელური დათვლის პროცედურა საშუალებას იძლევა ამა თუ იმ უბნის შედეგები სასამართლოში გასაჩივრდეს. ასეთ სასამართლო პროცესებზე, თუ ის საერთოდ გაიმართა, პარალელური დათვლის შედეგები ოფიციალური დოკუმენტის სახით იქნება წარდგენილი.

იმისათვის, რომ თავად დამოუკიდებელი დათვლის შედეგები არ აღმოჩნდეს მცდარი, შემუშავებულია დამოუკიდებელ დამკვირვებელთა გამოკითხვის სპეციალური ფორმა, რომელიც არაობიექტური ინფორმაციის წყაროს გამოვლენისთვის გამოიყენება.

არჩევნების გაყალბების მეორე ძირითად წყაროს დაუზუსტებელი ამომრჩეველთა სიები წარმოადგენს. არარსებული მოქალაქეების სიებში შეყვანა ან არსებულთა უგულებელყოფა კენჭისყრის პროცედურის არადემოკრატიულად და გაყალბებით წარმართვის საფუძველს წარმოადგენდა. სიების შედგენა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პროცესის გადამოწმებასაც აპირებენ.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ქალაქ ქუთაისში უკვე განახორციელა ამომრჩეველთა პარალელური აღრიცხვა და მნიშვნელოვანი უზუსტობებიც აღმოაჩინა. სიებში მკვდარი სულების შეყვანისა და ცოცხლების გამოტოვების გარდა, უამრავი შეცდომებია მოქალაქეთა გვარებსა და სახელებში. ეს კი შესაძლებელს ხდის სიებში ერთი და იგივე პიროვნება რამდენჯერმე იყოს შეყვანილი, შეცდომით ჩაწერილი რეკვიზიტების წყალობით.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამომრჩეველთა პარალელური დათვლის შედეგებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასცემენ, რომელმაც სიები უნდა დააზუსტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ხმების პარალელური დათვლის მექანიზმი ვერ შეძლებს არჩევნების გაყალბების მცდელობას გაუმკლავდეს.
XS
SM
MD
LG