Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ამ ეტაპზე "შავ სიას" გადაურჩა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველომ, ერთი თვის წინ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ" მიღებული კანონის წყალობით, ევროსაბჭოს "შავ სიაში" მოხვედრას ამ ეტაპზე თავი დააღწია, თუმცა, ამ კანონიდან გამომდინარე აქტებში შესატანი ცვლილებების რეალიზების გარეშე, ეს საკითხი დღის წესრიგიდან ჯერ არ მოხსნილა.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა დააფიქსირა სავალუტო ფონდის ბოლო მისიამ თავის სამახსოვრო ჩანაწერშიც. რა მდგომარეობაა, "ფულის გათეთრების" წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველოში?

საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს "ფულის გათეთრების" წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური კომიტეტის სხდომიდან დაბრუნდა. 30 ივნისს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მიმართ სანქცია არ ყოფილა გამოყენებული და ქვეყანაში "ფულის გათეთრების" წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა. ამჯერად ქვეყანას ევროსაბჭოს სპეციალურ "შავ სიაში" შეყვანის პერსპექტივა ასცდა, რაც, თავის მხრივ, ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიერ მიღებულმა "უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ" კანონმა განაპირობა.

ამ კანონის მიღება თავის დროზე ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულება გახლდათ და ამასვე ითხოვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდიც.

მაისში ამ თემასთან დაკავშირებით თბილისში ევროსაბჭოს სპეციალური დელეგაცია სტუმრობდა. გასულ წლამდე ხელისუფლებამ თავი ვერ მოაბა კანონმდებლობის შემუშავებას. 2002 წლის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, პარლამენტს "უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საწინააღმდეგო" კანონპროექტი წარუდგინა, რომლის განხილვა გაჭიანურდა და საკანონმდებლო ორგანომ მისი სამი მოსმენით მიღება შეძლო მხოლოდ ივნისის დასაწყისში - მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს დელეგაციამ ხელისუფლებას ნათლად დაუხატა ე.წ. "შავ სიაში" ქვეყნის შეყვანის პერსპექტივა.

როგორც ჩანს, კანონის მიღება ამ ეტაპზე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ისედაც დამძიმებული სიტუაცია ევროსაბჭოს კიდევ უფრო არ დაემძიმებინა და საქართველო "შავი სიის" წევრობას, ანუ საერთაშორისო წრეებში არასაიმედო პარტნიორის "საპატიო" სტატუსს, გადაურჩა. თუმცა ეს მხოლოდ ამ ეტაპზე.

სტრასბურგში გამართულ სხდომაზე ქართულ დელეგაციას მიეცა მორიგი მითითება, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საწინაააღმდეგო კანონიდან გამომდინარე საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანას გულისხმობს და რისი რეალიზაციაც საქართველომ წლის ბოლომდე უნდა მოახერხოს. გამომდინარე კანონებს შორისაა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებაც, რაც, ევროსაბჭოს დაჟინებული მოთხოვნით, კონფისკაციის ცნებისა და საგნის დაზუსტებას მოიცავს. ანუ, კანონით, კონფისკაციას უნდა დაექვემდებაროს არა მარტო საეჭვო თანხა, არამედ ამ თანხით მიღებული მოგება და ქონება. თუ დეპუტატთა უმრავლესობის კონფისკაციისაადმი დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს საკითხი გამოიწვევს კანონმდებელთა დავას.

"ფულის გათეთრების" საწინააღმდეგო საკანონმდებლო ცვლილებების დროულ გატარებას მოითხოვს სავალუტო ფონდიც, ამასთან, თუ ევროსაბჭო წლის ბოლომდე გვაცდის, ფონდი ამ საკითხის დარეგულირებას უკვე ერთ თვეში მოითხოვს, რის გამოც მომავალ კვირას დანიშნულ რიგგარეშე საგანგებო სესიაზე სხვა საკითხებთან ერთად ამ ცვლილებების განხილვაც არის ნავარაუდევი.
XS
SM
MD
LG