Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო ვალი ოდნავ შემცირდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო ვალი ბოლო თვეების განმავლობაში ოდნავ შემცირდა, მისი მოცულობა მაინც სოლიდურია და, ბოლო მონაცემებით, 1 მილიარდ 800 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საგარეო ვალდებულებების მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართების თვალსაზრისით, საქართველო არ მიეკუთვნება უიმედო ქვეყნების რიცხვს, მაგრამ, საბიუჯეტო პრობლემების და ეკონომიკური ზრდის ტემპის მაჩვენებლით, ამ ვალდებულებების გასტუმრება მაინც გართულებულია.

მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიძნელეებისა, საქართველო, ძირითადად, მაინც ახერხებს საგარეო კრედიტორების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებას. თუმცა აქ აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ სამი წლის წინ პარიზის კლუბის ფარგლებში ჩვენ ვალების რესტრუქტურიზაცია მოვახდინეთ და, შესაბამისად, ამ პერიოდისათვის ვალდებულებების ძირითადი ნაწილი გადავადებულია, თუმცა ადრეულ წლებში აღებულ კრედიტებზე, პროცენტის გარდა, ძირითადი თანხების გადახდაც უკვე დაიწყო.

თუ დღეს მეტ-ნაკლებად ვახერხებთ საგარეო ვალების მომსახურებას და ქვეყანა ჯერ არ დამდგარა გაბანკროტების საშიშროების წინაშე, რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია მომავალი წლიდან, თუ შემოდგომაზე პარიზის კლუბში გასამართ მოლაპარაკებებზე კრედიტორები მორიგ რესტრუქტურიზაციაზე ვერ დავითანხმეთ. ეს კი, თავის მხრივ, შეუძლებელი იქნება, თუ 15 აგვისტომდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები არ შევასრულეთ და ეს საფინანსო ინსტიტუტი მოლაპარაკებისას საქართველოს პარტნიორად არ გამოვა. შეგახსენებთ, რომ წინა მოლაპარაკებისას სწორედ ამ ორგანიზაციის ძალისხმევით მოხერხდა ვალების რესტრუქტურიზაციაზე კრედიტორების დათანხმება.

ამ უსიამოვნო პერსპექტივამდე კი ჯერჯერობით სახელმწიფო ვალი და სახელმწიფო გარანტიით აღებული ვალდებულებების მოცულობა შედარებით შემცირდა. ამ დროისათვის სახელმწიფო საგარეო ვალი მილიარდ 710 მილიონ ამერიკულ დოლარს, ხოლო სახელმწიფო გარანტიით ნატვირთი ვალდებულებები 90 მილიონ დოლარს შეადგენს.

ივნისის თვის ბოლოს ლარის კურსის გამყარებამ სასიკეთო გავლენა მოახდინა ვალების გასტუმრების კუთხით და საგარეო ვალდებულებები 14 მილიონი დოლარით და დაახლოებით 100 მილიონი ლარით შემცირდა.

საქართველოს მთავრობამ ივნისში შეძლო დაეფარა უზბეკეთის, უკრაინის, ავსტრიის ვალის ძირითადი თანხების ნაწილი. ასევე გადახდილ იქნა სავალუტო ფონდის კრედიტის ნაწილი და თურქმენეთის მიმართ დავალიანების საპროცენტო განაკვეთი და საჯარიმო სანქციებით გათვალისწინებული თანხები.

ლარის კურსის გამყარებამ აშშ დოლარის მიმართ საშუალება მისცა სახელმწიფო ბიუჯეტს შედარებით ნაკლები თანხით ლარებში მომსახურებოდა საგარეო ვალდებულებებს. თუმცა მომავალში კრედიტების გასტუმრების მხრივ, შესაძლოა, ასევე რთული სიტუაცია შეიქმნას, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრის პროექტი საგარეო ვალდებულებების მომსახურების თანხების მოკვეცასაც ითვალისწინებს. ჯერ ცნობილი არ არის, თუ რა თანხა მოყვება სეკვესტრში, თუმცა ცხადია, რომ ბიუჯეტის ამ მუხლს ყველა ვარიანტში მოუწევს კორექტირება.
XS
SM
MD
LG