Accessibility links

logo-print

ერაყის მმართველი საბჭო საერთაშორისო აღიარებას ესწრაფვის


ანდრო ეული, პრაღა ამ კვირაში ნიუ-იორკში, ერაყის მმართველი საბჭოს დელეგაცია გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე წარსდგა. დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ მმართველი საბჭო, როგორც ჭეშმარიტი პარტნიორი

საერთაშორისო თანამეგობრობისა, დააჩქარებს ერაყში დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობის შექმნას. თუ როგორ წარიმართა ერაყის მმართველი საბჭოს დელეგაციის პირველი შეხვედრა უშიშროების საბჭოს წევრებთან ამის შესახებ ჩვენი რადიოს გაეროში აკრედიტებულმა კორესპონდენტმა რობერტ მაკმაჰონმა მოგვაწოდა ვრცელი რეპორტაჟი.

უშიშროების საბჭოს წევრებმა გულთბილი მიღება მოუწყეს ერაყის მმართველი საბჭოს დელეგაციას, როგორც ქვეყნის თვალსაჩინო მოქალაქეებს, და არა როგორც ერაყის ოფიციალურ წარმომადგენლებს გაეროში.

მმართველი საბჭო გაეროში ერაყის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრით ადნან ფაჩაჩით, ერაყის ეროვნული კონგრესის ერთ-ერთი დამაარსებლით აჰმად ჩალაბითა და დიპლომატი-ქალით, აქილა ალ-ჰაშიმით იყო წარმოდგენილი.

უშიშროების საბჭოს წევრები მიესალმნენ ამ სამწევრიან დელეგაციას და თან რამდენჯერმე შეახსენეს, რომ ერაყში მიმდინარე გარდამავალი პროცესი ხელისუფლების სათავეში ერაყელების მოსვლით უნდა დამთავრდეს. უშიშროების საბჭოს წევრებმა, და განსაკუთრებით იმ ქვეყნებმა, რომლებიც ერაყთან ომის წინააღმდეგი იყვნენ, მხარი აუბეს გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს, რომელმაც ახლახან წარდგენილ საანგარიშო მოხსენებაში მხარდაჭერა გამოუთქვა ერაყის მმართველ საბჭოს, რომელმაც მწვანე შუქი უნდა მისცეს ერაყში სუვერენიტეტის აღდგენასა და ფართო წარმომადგენლობითი, დემოკრატიული მთავრობის შექმნას. მმართველ საბჭოს უპირობო მხარდაჭერა გამოუთქვა გაეროს საგანგებო წარგზავნილმა ერაყში სერჯიო დე მელიომაც.

დიპლომატებს მიაჩნიათ, რომ ეს იყო მმართველი საბჭოს წარმომადგენელთა პირველი და მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა უშიშროების საბჭოს წევრებთან. აშშ და გაეროს ხელმძღვანელობა გამოვიდნენ მოწოდებით, რომ ერაყის დე ფაქტო წარმომადგენლად იქნეს ახლავე აღიარებული 25-წევრიანი მმართველი საბჭო. ამას უნდა მოჰყვეს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ოფიციალური განცხადება, რომლითაც მმართველ საბჭოს ერაყის დროებითი ხელისუფლების სტატუსი მიენიჭება.

ერაყის მმართველი საბჭოს დელეგაციის წევრები უწინარესად იმან აღაფრთოვანა, რომ მიეცათ შესაძლებლობა უშიშროების საბჭოსთვის გაეცნოთ თავიანთი პოზიცია. ისინი გაამხნევა ასევე მმართველი საბჭოს მისამართით აშშ-ის, გაეროს სამდივნოს, აგრეთვე კოფი ანანის საგანგებო წარგზავნილის სერჯიო ვიეირა დე მელიოს მიერ გამოთქმულმა მხარდაჭერამ, რაც თავის მხრივ პირველი და მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ერაყის სუვერენიტეტის აღდგენის გზაზე.

ერაყის მმართველი საბჭოს დელეგაციის წევრები მიესალმნენ ყოველივე ამას, მაგრამ მოწოდება გამოთქვეს ამასთანავე, განსაკუთრებით აჰმად ჩალაბიმ, ერაყის მეზობელი ქვეყნებისადმი, მეტი მხარდაჭერა გამოუთქვან მმართველ საბჭოს.

გაეროს საგანგებო წარგზავნილი ერაყში სერჯიო ვიეირა დე მელიო ერაყის მეზობელ ქვეყნებს ესტუმრა გასულ კვირაში, მაგრამ ცალკეულმა ქვეყნებმა, და პირველ რიგში სირიამ, თავი შეიკავეს ერაყის მმართველი საბჭოს მხარდაჭერისაგან.
XS
SM
MD
LG