Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად რეალურია ერთობლივი განაღმვითი ოპერაცია კოდორის ხეობაში?


პირველად ქართულ-აფხაზური კონფლიქტის განმავლობაში მხარეები ერთობლივი სამხედრო ოპერაციის განხორციელებაზე ფიქრს იწყებენ. იდეა კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის

რწმუნებულს ემზარ კვიციანს ეკუთვნის და იგი ხეობის ზედა ნაწილში ერთობლივი ძალებით განაღმვითი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების მანძილზე ეს უკვე მეორე ამ ტიპის სამშვიდობო ინიციატივაა, რასაც თბილისსა და სოხუმში მოკალათებული რადიკალების წინააღმდეგობა ეღობება.

კაპიტანი დავით დავლაშერიძე და უფროსი ლეიტენანტი მურთაზ ოსეფაშვილი საბრძოლო დავალების შესასრულებლად სხვა თანამებრძოლებთან ერთად მარუხის უღელტეხილის მიმართულებით 24 აგვისტოს გავიდნენ. წინასწარი მონაცემებით, ზემო სვანეთის სწორედ ამ მონაკვეთზე იყვნენ რამდენიმე დღის წინ დაბანაკებული აფხაზთა შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც ხეობაში შეჭრის ოპერაციას გეგმავდნენ. მოულოდნელად, დაზვერვაზე წასული მებრძოლები დანაღმულ ველზე აღმოჩნდნენ. თავდაპირველად ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე უფროსი ლეიტენანტი ოსეფაშვილი აფეთქდა, მოგვიანებით კი დასახმარებლად მისული კაპიტანი დავლაშერიძე, რომელიც დაჭრილი მეგობრის ევაკუაციას ცდილობდა.
აღნიშნული ისტორია 2 წლის წინ მოხდა კოდორის ხეობის ჩრდილოეთით, რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს. იმ დროიდან მარუხ-ადანგის უღელტეხილთან დიდი რაოდენობის ქვეითსაწინააღმდეგო, ძირითადად, პმნ-2ის ტიპის ნაღმი დარჩა, რომლის ნიადაგიდან ამოღება პრაქტიკულად შეუძლებელია და დიდ ზიანს აყენებს ნებისმიერ ცოცხალ არსებას. აღწერილ პერიოდში ამ ნაღმებს იყენებდნენ როგორც ქართველი სამხედროები, აფხაზი ფორმირებების წინსვლის შესაჩერებლად, ისე აფხაზი და რუსი სამხედროები, რომლებსაც იმავე მეთოდით რუსლან გელაევის რაზმის მებრძოლებისთვის რუსეთის საზღვრისკენ გზის გადაჭრა სურდათ.

მაგრამ ორი წლის შემდეგ ამ ნაღმებმა ბევრი უბედურება მოუტანეს ადგილობრივ მცხოვრებლებს: ორი წლის წინ დაყენებული სიკვდილის მანქანები ხოცავენ ან ასახიჩრებენ მწყემსებს, პირუტყვს და პერსპექტივაში ტურიზმის განვითარებისთვის უმშვენიერესი მარუხის უღელტეხილი, შესაძლოა, უბედურების ზონად იქცეს.
ამიტომ ემზარ კვიციანის იდეა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მარუხის უღელტეხილი ნაღმებისგან ერთობლივად გაეწმინდათ ქართველებს და აფხაზებს. პრეზიდენტის რწმუნებულმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მისი ეს იდეა აფხაზურმა მხარემაც გაიზიარა. ხოლო თუ როგორ მოახერხა ამის მიღწევა ოფიციალურ თბილისსა და სოხუმს შორის აზრთა სრული სხვადასხვაობის ფონზე, ემზარ კვიციანმა ასე ახსნა:

[ემზარ კვიციანი ხმა] “ კარგი ურთიერთობით, ძმაო, მხოლოდ კარგი ურთიერთობით. ტკბილი ენით. გინება არავის უხდება.”

[შეკითხვა] ესე იგი ამგვარი დიპლომატიური მოლაპარაკებით რაღაც კარგი საქმეების გაკეთება შეიძლება?

[ემზარ კვიციანის ხმა] “ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, ბევრი რამის.”

ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება ოფიციალური სოხუმის წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს. სოხუმის მთავრობის თავდაცვის მინისტრმა ვიაჩესლავ ეშბამ სააგენტო “ინტერ-პრესს” განუცხადა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებას ემზარ კვიციანის წარმომადგენლებთან კარგა ხანია აწარმოებს აფხაზური მხარე და ამ გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს ხანებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. თუმცა, როგორც ეშბა აცხადებს, ამ “კეთილი ნების ჟესტის” სანაცვლოდ აფხაზური მხარე ერთგვარ გარანტიას ითხოვს, რომ კოდორის მცხოვრებლებმა აფხაზური მხარის წინააღმდეგ საომრად პარტიზანული მოძრაობა „ტყის ძმებისა“ და ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის დაჯგუფების წევრები ხეობაზე აღარ გაატარონ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG