Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შესთავაზა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს?


"წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება და ამ თოფ-იარაღით შეუდგეს ჩვენის ქვეყნის საქმეს" -

ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები უძღვის წინ საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების ხედვის ძირითად პრინციპებს, მოქმედების ერთგვარ პროგრამას, რომელიც ნინო ბურჯანაძემ ფართო სამსჯავროზე 8 აგვისტოს გამოიტანა. პრეზიდენტთან აშკარა დაპირისპირებაში შესული პარლამენტის თავმჯდომარისა და მის ირგვლივ შემოკრებილი ადამიანების მიერ ჩამოყალიბებული პრინციპების პრეზენტაცია თბილისის მოსწავლეთა და ახალგაზრდობის სასახლეში შედგა. ამ ღონისძიების ლაიტმოტივი საქართველოს ღირსეული მომავლისთვის ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანების მოწოდება იყო. ნინო ბურჯანაძე ოპოზიციური ძალების რაიმე ფორმით გაერთიანების ინიციატივით გამოვიდა. როგორ გამოეხმაურნენ მის ინიციატივას სხვადასხვა პოლიტიკური ძალები?

"დღეს საქართველოში იწყება ომი იმ პრინციპების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია, იწყება სერიოზული ბრძოლა ოპოზიციის წინააღმდეგ, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ. იწყება ბრძოლა იმისათვის, რომ წინ ვერ აღვუდგეთ პროცესს, რომელიც ჩევნს ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს" - დამეთანხმებით, ეს განცხადება არის ყველაზე მკაცრი განცხადება იმ განცხადებებს შორის, რომლებიც პრეზიდენტთან და მთავრობასთან აშკარა დაპირისპირებაში შესულ პარლამენტის თავმჯდომარეს აქამდე გაუკეთებია. მოსწავლეთა და ახალგაზრდობის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას მან საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ბედიც შეახსენა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "ბოლო ასწლეულში საქართველოს მეორედ ეძლევა შანსი შექმანს დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო და დადგეს ცივილიზებულ ერთა შორის. ერთი შესაძლებლობა ჩვენ ხელიდან გავუშვით. შიდააშლილობის, ვიწრო პარტიული ინტერესების, კორუფციისა და საგარეო აგრესიის მსხვერპლად ქცეული პირველი რესპუბლიკის ბედი დღესაც მკაცრი გაფრთხილებაა თითოეული ჩვენგანისათვის."

დღევანდელი ხელისუფლების უუნარობა და კორუმპირებულობა უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა გაერთიანება და ამ გზით ხელისუფლებაში პროფესიონალთა გუნდის მოსვლა. შემდგომ, კონსტიტუციური რეფორმის განხორციელება და გუნდური პასუხისმგებლობით მინისტრთა კაბინეტის შექმნა, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის პროცესის კონსტიტუციური დასრულება, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება, მეწარმეთა ხელშეწყობა, უსამართლო საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება და, რაც მთავარია, დასავლური ლიბერალური ღირებულებების ერთგულება, საქართველოს დასავლურ თანამეგობრობაზე ორიენტაცია - დაახლოებით ასეთი იყო მოსწავლეთა და ახალგაზრდობის სასახლეში შეკრებილი საზოგადოების წინაშე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი პრინციპები და ხედვა. ისინი, მისაღები იყო იქ მისული ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებისთვის, ამ პრინციპების გარშემო გაერთიანების მოწოდებაზე ზოგიერთი მათგანის რეაქცია კი ასეთი იყო :

[კოტე კემულარიას, დათო კოღუაშვილის და ალექსანდრე რონდელის ხმები]

"რაც შეეხება დიდი ოპოზიციური გაერთიანების თავიდან შექმნას, 2 თვეში ეს შეუძლებლად მიმაჩნია. აგერ არის დიდი ოპოზიციური გაერთიანება "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი", რომლის კარებიც ღიაა ქალბატონი ნინოსთვის.

"ახალმა მემარჯვენეებმა დამოუკიდებლად კენჭისყრასთან დაკავშირებით პოზიცია ყრილობაზე განაცხადეს. რაც შეეხება გაერთიანებას, ამ ქვეყანაში პროცესები ისე სწრაფად ვითარდება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს თემა არ განხილულა."

"რას ვიზამთ, ეს ჩვენი რეალობაა. ათასწლეულების მანძილზე ჩვენ ვერ ვისწავლეთ ერთად დგომა. ალბათ, ოდესმე ვისწავლით, მაგრამ გვიან არ იყოს. "

ამ სიტყვებით პოლიტიკოსების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი გამოეხმაურა. ნინო ბურჯანაძემ კი (რომელიც აცხადებს, რომ არ აპირებს პარტიის შექმნას) დაიტოვა იმედი, რომ მისი გუნდის მოწოდებას ბევრი ადამიანი გამოეხმაურება და ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი შეძლებს გარკვეული ფორმით ერთმანეთის მხარში დადგომას.
XS
SM
MD
LG