Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში უკვე 5 პოლიტიკური პარტია გაატარა, არჩევნების ჩაშლის საფრთხე კი მაინც არსებობს


ცენტრალური საარჩევნო კომისია 8 აგვისტოს ჯერჯერობით კვლავ ძველი შემადგენლობით შეიკრიბა.

ძველია ის პრობლემებიც, რომლებიც ტრადიციულად წინასაარჩევნო პერიოდში იჩენს ხოლმე თავს. ფინანსთა სამინისტროს მიერ მონაცემთა კომპიუტერული ბაზის შესაქმნელად გათვალისწინებული თანხების გაცემისგან ხაზინა თავს იკავებს. არადა, სამუშაოები, არსებითად, დაწყებულია: საარჩევნო სიების ერთი მეოთხედი უკვე კომპიუტერიზებულია; მონაცემთა ბაზის დამუშავება და შექმნა გრძელდება, მაგრამ ცენტრალური საარჩევნო კომისია უძლურია დააფინანსოს ისეთი ელემენტალური ხარჯები, როგორიცაა: არენდის გადასახადი, დაცვის სამსახურის გასამრჯელო და სხვა. მონაცემთა ბაზის პროექტის დასრულებას ცენტრალური საარჩევნო კომისია, იდეალურ ვარიანტში, 15 სექტემბრისთვის გეგმავს. არ არის გამორიცხული, რომ საარჩევნო სიების გადამოწმება ვერც კი მოხერხდეს.

საარჩევნო მონაცემთა ბაზის კომპიუტერულ პროექტზე მუშაობა უკვე ცაიტნოტის პირობებში მიმდინარეობს. სამუშაოები, 1 ივნისის ნაცვლად, 15 ივლისს დაიწყო. ამ გარემოებამ, თავის მხრივ, პრობლემები შეუქმნა პროექტის ამერიკელ პარტნიორს, USA-ID-ის სახით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, პარტნიორმა მუშახელი დაიქირავა, მაგრამ კომპიუტერები ჯერ არ მიუღია. კიდევ უფრო რთულად გამოიყურება ქართული მხარის პერსპექტივა. საქართველოს მთავრობის ფინანსური წილი ამომრჩევლის მონაცემთა ბაზის პროექტის განხორციელებაში 150 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტია და, საშუალოდ, 324 000 ლარს შეადგენს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ ერთი თეთრიც არ მიუღია. შესაბამისად, ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარების ალბათობა კვლავაც ნულის ტოლია მანამ, სანამ საარჩევნო სიებისა და მონაცემთა ბაზის სრული კომპიუტერიზაცია არ მოხდება.
9 აგვისტოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები შეიკრიბებიან. როგორც გია ზესაშვილმა განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მოპოვებული საარჩევნო მონაცემების ასლებს გადასცემს. მასალები, საარჩევნო სიების დაზუსტების მიზნით, ყველა საარჩევნო ოლქში განთავსდება. ამ ფორმალობების დაცვის მიუხედავად, არჩევნებში მოსახლეობის სრულმასშტაბიან ჩართვას საფრთხე ემუქრება, მინიმუმ, იმ დრომდე, ვიდრე საარჩევნო შესწორებების ბედი გადაწყდება. ამ საფრთხეთაგან ერთ-ერთია ის, რომ ქვეყანაში მოსახლეობის პასპორტიზაციის პროცესი დასრულებული არ არის. ანუ გაურკვეველია, პირადობის დამადასტურებელი რა საბუთით უნდა მოხდეს საარჩევნო ბიულეტენის გაცემა. კანონით, ყოფილი საბჭოთა პასპორტები საამისოდ უვარგისია.

[გია ზესაშვილის ხმა] "დაახლოებით სამი მილიონი კაცი იქნება ამომრჩეველთა სიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მილიონი კაცი შეიძლება, უბრალოდ, არც მოვიდეს არჩევნებზე, ასე ვთქვათ. სხვაზე ბიულეტენების გაცემა შეუძლებელი იქნება. თან რაიონებში სადღაც 18-20 პროცენტსა აქვს აღებული. ფაქტიურად, ეს იმას ნიშნავს, რომ რაიონებს და დიდ ქალაქებს, ვთქვათ, თბილისის გარდა, ყველას გამოვთიშავთ არჩევნებიდან."

ამ და სხვა რიგის ტექნიკური პრობლემების დროულად მოუგვარებლობის შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გია ზესაშვილის თქმით, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების ჩაშლა გარდაუვალია. ამ განწყობის შესაბამისად, იგი პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე სპეციალური წერილის გაგზავნას გეგმავს. წერილით იგი ქვეყნის უმაღლეს პირებს საარჩევნო კოდექსის შეთანხმებული მუხლების დროულად დამტკიცების უზრუნველყოფას მოსთხოვს, უფრო სწორად, სთხოვს. ტონი აქ, როგორც ჩანს, უფრო შერბილებული იქნება, რასაც ვერ ვიტყვით, მოქმედი ცესკოს წევრებისათვის პერსონალურად სისხლხორცეულ სხვა საკითხზე: თუ საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის პროექტი ძალაში შევა, ანუ ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების ძველ წევრებს ახალ ადმინისტრაციებში მუშაობა აეკრძალებათ, გია ზესაშვილი სასამართლოში იჩივლებს, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მას, ისევე როგორც კომისიის დანარჩენ წევრებს, წლების განმავლობაში შექმნილი რეპუტაციით, ამის მორალური უფლება არა აქვთ. საერთოდ კი, როგორც გია ზესაშვილის ზერელე კომენტარებით ირკვევა, ახალ საარჩევნო ადმინისტრაციებში მუშაობის სურვილი მას უკვე აღარ აქვს.
XS
SM
MD
LG