Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის უსახავს იმედს "იმედის ქალაქი"?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 16 აგვისტოს ქართული პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი დილიდან ურეკს სტუმრობდა, სადაც 16 აგვისტოს გაიმართა "იმედის ქალაქის" საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონია. ამ ღონისძიებისადმი

ქართული საზოგადოების ინტერესი, მართლაც, გასაოცარი აღმოჩნდა - ბოლო მონაცემით, სპეციალურად ამ დღისთვის ურეკში 30 ათასი ადამიანი ჩავიდა.

ედუარდ შევარდნაძე, ნინო ბურჯანაძე, ავთანდილ ჯორბენაძე, ზურაბ ჟვანია, დავით გამყრელიძე, ვანო ჩხარტიშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე - ამ და სხვა პოლიტიკოსების ხილვა 16 აგვისტოს შესაძლებელი იყო მხოლოდ ურეკში, სადაც პოლიტიკურ ელიტასთან ერთად, თითქმის 30 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა "იმედის ქალაქის" საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალში. მართალია, "იმედის ქალაქის" სამომავლო იერსახეზე უკვე ჩატარებული სამუშაოები ბუნდოვან წარმოდგენას ქმნის, მაგრამ, სააგენტო ინტერ-პრესის ცნობით, შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ამ ქალაქის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საზღვრებს გარეთაც გაუღწევია. ინტერ-პრესის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტისა და ბადრი პატარკაციშვილის სახელზე უამრავი მოსალოცი ბარათია მიღებული ოფიციალური პირების, მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებისგან. მათ შორის არიან: ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი და სხვა ცნობილი ადამიანები.
ბუნებრივია, ინტერესი საზღვარგარეთ თუ ქვეყნის შიგნით, პირველ რიგში, "იმედის ქალაქის" დამფინანსებლით, ბადრი პატარკაციშვილით, არის განპირობებული. არჩევნების წინ სოლიდური სპონსორის შოვნით ყველა პარტიაა დაინტერესებული. მიუხედავად იმისა, რომ ახალ მემარჯვენეებს ბადრი პატარკაციშვილის მხარდაჭერა გარანტირებული აქვთ - როგორც გახსოვთ, ბიზნესმენის და სწორედ ახალი მემარჯვენეების სიით მოხვდა თბილისის საკრებულოში, სხვები მაინც არ კარგავენ საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის მხარდაჭერის იმედს. სხვათა შორის, პატარკაციშვილთან დაახლოებული პირის ცნობით, მთლიანობაში, პატარკაციშვილი "მშვიდობის" მოყვარე ადამიანია და მაქსიმალურად ცდილობს ყველა პოლიტიკურ ძალასთან ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნებას. შესაბამისად, სულაც არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ, ახალი მემარჯვენეების პარალელურად, მან სხვა პარტიების სპონსორობაც იტვირთოს. მით უფრო, თუ ამ პარტიებს პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვთ, ანუ გამსვლელები არიან. ასეთ პარტიებად შეიძლება იქცნენ გაერთიანებული დემოკრატები, ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით, ქრისტიან-დემოკრატები - ამ პარტიის თვმჯდომარე ვაჟა ლორთქიფანიძე ბადრი პატარკაციშვილის ახლო მეგობრად ითვლება და, რა თქმა უნდა, სახელისუფლებო ბლოკი - ბადრი პატარკაციშვილი არასდროს მალავდა, რომ იგი განსაკუთრებით ემადლიერება ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც რუსეთიდან დევნილი ბიზნესმენი არა მხოლოდ შეიფარა, არამედ მაქსიმალურად დაიახლოვა კიდეც, რითაც კიდევ უფრო გაირთულა რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობა.
ასე რომ, "იმედის ქალაქის" საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ღონისძიებათა მონაწილე პარტიული ლიდერების იმედები სრულიად გასაგებია. რაც შეეხება რიგით ადამიანებს, რომლებმაც 16 აგვისტოს ურეკისკენ იხუვლეს - უფასო სანახაობის ხიბლი საქართველოში ჯერ კიდევ მუშაობს. "იმედის ქალაქის" გახსნა ნამდვილად კარგი სანახაობა გახლდათ.
XS
SM
MD
LG