Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბანკროტი" ხელისუფლება ბანკროტი ქვეყნით გვასაჩუქრებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას პოლიტიკურ კონიუნქტურას და სახელისუფლებო ინტრიგებს კიდევ ერთხელ შეეწირა ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესი: საკანონმდებლო ხელისუფლებამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს,

ფაქტობრივად, ბოიკოტი გამოუცხადა და პარლამენტში შეტანილი ბიუჯეტის კორექტირების საკითხი ჩააგდო.

ბიუჯეტის სეკვესტრი რომ უკიდურესი, საკმაოდ მძიმე და უხერხული პროცედურაა, ეს საყოველთაოდ ცნობილია. მოსახლეობა იმასაც მიეჩვია, რომ ამ უსიამოვნო პროცედურის ჩატარება ყოველ წელს გარდაუვალია. ამგვარი ნაბიჯი განსაკუთრებით არაპოპულარული და პოლიტიკურად წამგებიანია არჩევნების წინ, როდესაც ელექტორატს ისედაც მწირი საბიუჯეტო ხარჯების კიდევ უფრო მოკვეცის საბაბი უნდა აუხსნა, ხოლო მორიგ საარჩევნო მარათონში ჩაბმული პოლიტიკოსები ამ გადაწყვეტილების აუცილებლობაში დაარწმუნო.

საერთოდ რატომ გახდა საჭირო ამ უკიდურესი ზომის გატარება?
თავის დროზე, გასული წლის ბოლოს, ქვეყნის მთავარი ეკონომიკური კანონი, ტრადიციულად, არარეალისტურად დაიგეგმა. ილუზორული ბიუჯეტი ქართული ეკონომიკური ცხოვრების თანამდევ სენად იქცა. ამას თან ერთვის გამძაფრებული პოლიტიკური კონიუნქტურა, როდესაც საარჩევნო წელს მთავარია ბევრს შეჰპირდე ელექტორატს და შემდეგ უკვე შეასრულებ თუ არა მიცემულ პირობას, ამას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა.

ბიუჯეტის დამტკიცებისას აღმასრულებელი ხელისუფლება და განსაკუთრებით კი სახელმწიფო მინისტრი ირწმუნებოდნენ, რომ 2003 წლის მთავარი ეკონომიკური კანონი, მართალია, ამბიციურია, მაგრამ იგი სავსებით შეესატყვისება ქვეყნის რეალურ შესაძლებლობებს. წლევანდელი წლის ბიუჯეტში მეტ-ნაკლებად გათვალისწინებულ იქნა ხელისუფლებისათვის საჭირო თითქმის ყველა პოლიტიკური თუ ფინანსური ჯგუფის ინტერესი, რითაც მთავრობამ საარჩევნო წელს პარტნიორების გულიც მოიგო. შესაბამისად, მოახლოებული მძიმე ბატალიების წინ ხელისუფლებისათვის უკიდურესად წამგებიანია თავისი პოლიტიკური მეკავშირეებისათვის, რომელთა შორის განსაკუთრებით მაჟორიტარები ფასობენ, მსუყე საბიუჯეტო ტორტის ულუფის შეკვეცა. ალბათ, სწორედ ამიტომ იწვევდა საპარლამენტო განხილვებისას სახელისუფლებო ფრაქციების ქმედება ყველაზე მეტ გაკვირვებასა და აღშფოთებას.

ხელისუფლება, რომელიც იმავე საარჩევნო კოდექსთან ან სასურველი მინისტრის დამტკიცებასთან დაკავშირებით სრულიად უპრობლემოდ ახერხებს საჭირო ხმების მოგროვებას, ბიუჯეტის კორექტირების პროექტს უგულებელყოფს თავისი ვიწრო საკადრო თუ წინასაარჩევნო ინტერესის გამო. უცნაურია, მაგრამ სეკვესტრის განხილვისას ოპოზიციის გარკვეული ნაწილი გაცილებით კონსტრუქციულად გამოიყურებოდა, ვიდრე კანცელარიიდან აქამდე კარგად მართული პოზიცია. შედეგად კი საბოლოოდ გადაიწურა იმის იმედი, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ავანსად გაცემულ ნდობას გავამართლებდით.

სავალუტო ფონდის პროგრამის გაგრძელება წელს უკვე გამორიცხულია. ეს ნიშნავს, რომ, გარდა ფინანსური დახმარების სახით მისაღები 30 მილიონი აშშ დოლარისა, ქვეყანა კარგავს სხვა დონორების მიერ გათვალისწინებულ თანხებსაც. ამასთან, სახელმწიფო, რომელთანაც ფონდი აჩერებს პროგრამას, არაკეთილსაიმედო ხდება ნებისმიერი ინვესტორისათვის. მიუხედავად იმისა, რომ არც აქამდე ვიყავით განებივრებული დიდი უცხოური კაპიტალდაბანდებებით, ეს იმიჯი კიდევ უფრო დასცემს საქართველოს რენომეს საერთაშორისო საფინანსო წრეებში.

დღეს ხელისუფლება უკვე აღარ მალავს, რომ საქართველოს ვალების რესტრუქტურიზაციის საქმეში სერიოზული პრობლემები შეექმნება და ქვეყანა უკვე იმყოფება დეფოლტის წინა სტადიაში. მთავრობა უკვე შეეგუა იმ აზრს, რომ სავალუტო ფონდი პარიზის კლუბის ეგიდით დანიშნულ მოლაპარაკებებში პარტნიორად აღარ გამოვა. ეს კი ნიშნავს, რომ კრედიტორი ქვეყნები, რომელთაც თავიანთ ფინანსურ ინტერესებთან ერთად გამოკვეთილი პოლიტიკური სტრატეგია აქვთ საქართველოს მიმართ, ვალების რესტრუქტურიზაციაზე არ დაგვთანხმდებიან. აქამდე ჩვენ სწორედ ფონდის უშუალო ჩარევით ვახერხებდით ვალების გადავადებას. ანუ ამჟამად არსებული ტექნიკური დეფოლტიდან ფაქტობრივ ბანკროტობამდე, სამწუხაროდ, სულ მცირე დრო დარჩა.

საქართველომ 2001 წელს ფონდის დახმარებით შეძლო ვალების რესტრუქტურიზაცია 2 წლის ვადით. მაშინ შეთანხმებული გრაფიკის თანახმად, ჩვენ, ვალების გადავადების მიუღწევლობის შემთხვევაში, უკვე წელს უნდა გადავიხადოთ 160 მილიონ დოლარზე მეტი. ისედაც გარღვეულ ბიუჯეტს ამის არანაირი რესურსი არ გააჩნია. შესაბამისად, ბანკროტობის საშიშროება უკვე რეალური გახდა.

სეკვესტრის ჩავარდნის შემდეგ ხელისუფლება მოჩვენებით ოპტიმიზმს მაინც არ კარგავს და აცხადებს, რომ საქართველო კრედიტორ-ქვეყნებთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე წასვლას შეეცდება. თუმცა, თუ საგარეო ვალდებულებების მომსახურებაზე თანამედროვე მსოფლიოში მიღებულ თამაშის წესებს და იმ კრედიტორი ქვეყნების სიას გავითვალისწინებთ, ვისიც საქართველოს მართებს, ძნელი წარმოსადგენია, პირდაპირი მოლაპარაკებიდან რაიმე გამოვიდეს. ამჟამად ქვეყანას 2 მილიარდ აშშ დოლარამდე საგარეო ვალი აქვს - მათ შორის, 159 მილიონი რუსეთის, 315 კი თურქმენეთის წილად მოდის. თუ წინა მოლაპარაკებების მსვლელობას გავითვალისწინებთ, სწორედ ეს ქვეყნები იჩენენ გადამეტებულ ჭირვეულობას რესტრუქტურიზაციისას. ასე რომ, წარმატების რაიმე შანსზე საუბარი მეტისმეტად გაზვიადებულია.

არადა, სავალუტო ფონდი ხელისუფლებას სთხოვდა მხოლოდ იმის გაკეთებას, რასაც პატივმოყვარე მთავრობა თავად, სხვისი რჩევის გარეშე, უნდა აკეთებდეს. ანტიდასავლური ისტერია, რომელიც ამ ბოლო პერიოდში, ცალკეული პოლიტიკური ოდიოზური ფიგურების გარდა, უკვე უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც დაუფარავად იღვრება, მოახლოებული დეფოლტის ფონზე, ალბათ, ახალ აღმაფრენას პოვებს. თუმცა რატომ არის დამნაშავე ან სავალუტო ფონდი, ან რომელიმე დასავლელი პარტნიორი იმაში, რომ ბიუჯეტს საკუთარი უნიათობისა და ზღვარსგადასული კორუფციის გამო ვერ ვასრულებთ, გაუგებარია. ასევე უცნაურია, რატომ ვაბრალებთ სხვას იმას, რომ ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის დარგს ან დარგებს საეჭვო ვითარებაში საეჭვო ინტერესის მქონე ქვეყნებს ვუგდებთ ხელში. ალბათ, საერთაშორისო ორგანიზაციების და მეგობარი ქვეყნების ბრალია ისიც, რომ ვერ ვახერხებთ გადასახადების ამოღებას და კონტრაბანდასა და კორუფციაში ვიხრჩობით. მოკლედ, "კუდიანებზე ნადირობის" სეზონი საქართველოში უკვე გახსნილია და აღარც ამგვარი ბრალდებები გაუკვირდება ვინმეს. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ არჩევნების წინ "ბანკროტი" ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას უკვე ბანკროტი ქვეყნითაც ასაჩუქრებს.
XS
SM
MD
LG