Accessibility links

29 აგვისტო დღეს და 8 წლის წინ. ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის დეტალები დღემდე ბუნდოვანია


1995 წლის 29 აგვისტოს, როცა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ქვეყნის კონსტიტუციის მიღება უნდა აღენიშნა, თბილისის ცენტრში "იმელის" შენობის მიმდებარე ტერიტორია ძლიერი

აფეთქების ხმამ გააყრუა. ამ დღეს ედუარდ შევარდნაძე მის წინააღმდეგ განხორციელებულ პირველ ტერორისტულ აქტს გადაურჩა. 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტის შემდეგ უკვე 8 წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე ტერაქტის ორგანიზებისა და განხორციელების ბრალდებით გასამართლებული პირები შეწყალებულებიც იქნენ. მთავარი ეჭვმიტანილი იგორ გიორგაძე კი ძებნილად დარჩა. უშიშროების ყოფილი მინისტრის გარშემო წლების მანძილზე მიმდინარე აჟიოტაჟიც ისე ჩაწყნარდა, გაუგებარი დარჩა, სურდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ამ ადამიანის დაჭერა.

8 წლის წინ "იმელის" შენობის ეზოში მომხდარი ტერორისტული აქტის ნამდვილი მიზნისა და ორგანიზატორის შესახებ დღემდე ვერსიებით საუბრობენ, არადა, იყო საუკუნის პროცესად მონათლული სასამართლო პროცესი. მომხდარზე პასუხი "მხედრიონის" ლიდერებმა, უშიშროების სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა თემურ ხაჩიშვილმა და იგორ გიორგაძის მიერ ჩამოყალიბებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა აგეს, ოღონდ - ნაწილობრივ. სასამართლოს მიერ ტერაქტის ორგანიზატორებად ცნობილი პირები შეიწყალეს. არც ერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი მათგანი თავს უფლებას აძლევს საზოგადოებას პოლიტიკაზე ესაუბროს.

საკუთარი უდანაშაულობის შესახებ 8 წლის მანძილზე ძებნილი იგორ გიორგაძეც ლაპარაკობს. მისი მამა პანტელეიმონ გიორგაძე კი 1995 წლის აგვისტოს ტერაქტთან დაკავშირებით ვარაუდობს, რომ მის ნამდვილ ორგანიზატორებს ქვეყნის პირველი პირისთვის ერთგულების ჩვენება უნდა ჰქონოდათ ჩაფიქრებული. "მათ ყველაფერი მოაწყვეს ისე, რომ მათთვის არასასურველი პირების ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის მიეღწიათო," - ამბობს უფროსი გიორგაძე და ირწმუნება, რომ 8 წლის წინ მომხდართან არც მის შვილს ჰქონია კავშირი და არც ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით გასამართლებულ ცნობილ ადამიანებს. პანტელეიმონ გიორგაძე იგორის თბილისში ლეგალურ დაბრუნებას ელოდება და ამბობს, რომ ეს მაშინ მოხდება, როცა მას სასურველ იურიდიულ დოკუმენტს გაუგზავნიან.

[პანტელეიმონ გიორგაძის ხმა] " ამბობენ, იგორი რუსეთშია. ნეტავ იყოს იქ, მაგრამ იგორს არ უნდა რუსეთის ხელსიუფლებას პრობლემები შეუქმნას. პრინციპულად არ არის აქ. 8 წელია ველოდები, თუმცა ამ ხნის მანძილზე არაერთხელ შევხვედრივარ. იგორი თბილისშიც არაერთხელ ჩამოსულა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშიც. მალულად ჩამოდის და მიდის. "

ძნელია ეს სიტყვები დაიჯერო, თუმცა ნათქვამი არც მთლად დაუჯერებლად გამოიყურება, რადგან ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, შეიძლება ყველაფერი მოხდეს. აქ ხომ ტერაქტის ორგანიზების გამო გასამართლებულები აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში დააბრუნეს.

ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ 1995 წლის 29 აგვისტოს განხორციელებულ ტერორისტული აქტსა და "მხედრიონზე" საუბრისას დოდო გუგეშაშვილი 95 წლის მაისში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის შოთა კვირაიას მიერ ორგანიზებულ თავდასხმას იხსენებს - თავდასხმას, რომელიც თელავში "მხედრიონის" ოფისსზე მოხდა. ცოტა მოგვიანებით მხედრიონელების დაპატიმრებები დაიწყო. გუგეშაშვილი შორს არის იმ აზრისგან, რომ შევარდნაძემ საკუთარ თავს მოუწყო ტერაქტი. "ის დაარწმუნეს, რომ ტერაქტის უკან "მხედრიონის" ლიდერებიც იდგნენო," -ამბობს ის და, როგორიც არ უნდა იყოს ვერსიები, დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში კონსტიტუციის მიღების საზეიმო ცერემონიალით უნდა შესულიყო, საზოგადოების მეხსიერებას ტერორისტული აქტით შემორჩა. ამ დღეს ედუარდ შევარდნაძე გადარჩა და ამ დღიდან მას არასასურველი გარემოცვის ჩამოშორებისთვის ხელსაყრელი საბაბი მიეცა. ეს არის, რომ შევარდნაძის გარემოცვის პრობლემებს ამით წერტილი არ დასმია.
XS
SM
MD
LG