Accessibility links

logo-print

ახალი სასწავლო წლის დაწყების კვალობაზე


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი ახალი სასწავლო წლის დაწყების კვალობაზე,

საქართველოში სწავლების პროცესს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს "ახალგაზრდული პროგრამის" კიდევ ერთ გამოშვებას ვუთმობთ. განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ამ კვირაში განათლების მინისტრს ალექსანდრე კარტოზიას ვესაუბრეთ. ამ საუბრისას მის მიერ მოყვანილ მონაცემებზე დაყრნობით, შევეცდებით აღვწეროთ, რას სთავაზობს განათლების სამინისტრო ახალს საშუალო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. "ახალგაზრდულ პროგრამაში" ვისაუბრებთ იმაზეც, თუ როგორ ხვდებიან ახალი სასწავლო წლის დაწყებას საქართველოში მოქმედ ერთ არატიპიურ უმაღლეს სასწავლებელში.

1 სექტემბერი იყო და რჩება ახალი სასწავლო წლისა და ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოდ. ამ დღისთვის მოსწავლეები და მათი მშობლები, სტუდენტები, უმაღლესი და საშუალო სკოლების მასწავლებლები, მათი ხელმძღვანელები და ამ ხელმძღვანელების ხელმძღვანელებიც საგანგებოდ ემზადებიან. სამზადისი უამრავ ადამიანს მოიცავს, საქართველოში ხომ 3135 სკოლა და ბევრი უმაღლესი სასწავლებელია. წელსაც ახალ სასწავლო წელს საქართველოში მოქმედი ყველა სასწავლო დაწესებულება 1 სექტემბერს დაიწყებს, გამონაკლისი მხოლოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია, სადაც სწავლა 10 სექტემბერს განახლდება.



[ალექსანდრე კარტოზიას ხმა] "მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყება, განსაკუთრებით იმათ, ვინც წელს სკოლებში პირველად შეაბიჯებენ. ვულოცავ ყველა მოსწავლეს, სტუდენტებს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, მათ მასწავლებლებს და მშობლებს, ცხადია."



ეს განათლების მინისტრი ალექსანდრე კარტოზია იყო - მინისტრი, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ, რომელსაც ამ დღეებში თბილისელი მოსწავლეების სასწავლო სახელმძღვანელოებით დასაჩუქრების პროცესის განგებ გაჭიანურება დააბრალეს, მაგრამ რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს, განათლების რეფორმის მიმდინარეობას, უდგას სათავეში - რეფორმისა, რომლის განხორციელებაც 2 წლის წინ საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის მიხედვით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაიწყო. ის საშუალო სკოლის გარდაქმნაზეა ფოკუსირებული.
მის ხელშესახებ შედეგებს მოგვიანებით, დაახლოებით 10 წელიწადში, ელიან. ამდენად, თუ რეფორმის სადღეისო შედეგებზე საუბარს ვაპირებთ, წინასწარვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სერიოზულ ძვრებთან საქმე ჯერჯერობით არ გვაქვს.
სკოლებს საქართველოში ისევ ყველაზე მეტად უჭირთ და ის, რაც მათ რეფორმამ მოცემული ეტაპისთვის მოუტანა, ძალიან ცოტაა. მაგალითისთვის: ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ საქართველოს საშუალო სკოლებში დასრულდა იმ სასწავლო თვალსაჩინოებების შეტანა, რომლებიც სკოლების წარმომადგენლებმა შარშან თბილისში გახსნილ სპეციალურ გამოფენაზე შეარჩიეს. ამას გარდა, სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად საუკეთესო საპროექტო წინადადებებისთვის წელს 210 სკოლა მიიღებს განათლების სამინისტროსგან გრანტს 1000 დოლარის ფარგლებში. გრძელდება ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი, რომლის დაწყებიდანაც დღემდე საშუალო სკოლებში უკვე 50-ზე მეტი სახელმძღვანელო დაინერგა. დამუშავების სტადიაშია სკოლებში სამოქალაქო განათლების ერთ უწყვეტ სექტორად დანერგვის პროგრამაც. სამოქალაქო განათლებას ზედა კლასებში ცალკე საგანი დაეთმობა, დაბალ კლასებში კი მისი ელემენტები სხვადასხვა საგნებში გაიფანტება. აქვე შევნიშნავთ, რომ საქართველოს სკოლებში უკვე ისწავლება ბავშვთა უფლებებისა და ადამიანის უფლებების დეკლარაცია. რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, 2006 წლისთვის საშუალო სკოლებში იგეგმება ისეთი სახელმწიფო გამოსაშვები გამოცდების დანერგვა, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებს ჩაანაცვლებს. 2006 წლიდან ახალგაზრდა, რომელიც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მაღალ ქულებს მოაგროვებს, გახდება რეალური პრეტენდენტი მისთვის სასურველი უმაღლესი სასწავლებლის, ასევე მისთვის სასურველ, ფაკულტეტზე.

და კიდევ ერთი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რომელიც საქართველოს საშუალო სკოლებში გაცილებით ახლო მომავალში, ახალ სასწავლო წელს, ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციის დახმარებით შევა. ამერიკული ორგანიზაცია საქართველოს სკოლებს უსასყიდლოდ 3600 ცალ კომპიუტერს გადასცემს.

[ალექსანდრე კარტოზიას ხმა] "ღირებულება ამ კომპიუტერებისა არის 960000 დოლარი, მაგრამ ამ კომპიუტერებს ეს ორგანიზაცია უსასყიდლოდ გადმოსცემს საქართველოს და ეს არის ერთგვარი ჟესტი პრეზიდენტის მიმართ, - ამის შესახებ არსებობს საგანგებო წერილი. ეს არის პენტიუმ-ერთი, ორი და სამი. ეს არ არის უახლესი კომპიუტერები, მაგრამ სასწავლო მიზნებისათვის სავსებით დამაკმაყოფილებელია. განაწილდება თანასწორად და სამართლიანად, იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობა იქნება შემოტანილი."

პრობლემა სწორედ შემოტანაშია, მით უფრო, რომ პროექტი, რომელიც საშუალო სკოლების კომპიუტერული უზრუნველყოფისათვის 2002 წლის ბოლოს შეიქმნა, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ვერ აისახა. ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ხარჯები საქართველოს მიერ არის გასაღები და რადგან ცენტრალური ბიუჯეტი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ინიციატივის აღება ადგილობრივ ორგანოებს უწევთ. ამერიკელების მიერ ნაჩუქარი კომპიუტერებიდან 850 ერთეული პირველად იმერეთის რეგიონში შემოიტანეს და უკვე გაანაწილეს კიდეც, ამის შემდეგ ჯერი თბილისზეა. მინისტრის ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან კომპიუტერების ტრანსპორტირებისა და მათი დაზღვევის თანხა უკვე გამოყოფილია და დღე-დღეზე, სექტემბრის თვეში, კომპიუტერების ახალი პარტია თბილისის სკოლებშიც განაწილდება. "საჩუქრის ნაწილი საქართველოს რაიონების სკოლებსაც ერგებათო," - ამბობს ალექსანდრე კარტოზია და იქვე დასძენს, რომ მის მიერ ნახსენები 3600 ცალი კომპიუტერი საქართველოს სკოლების დახმარების პირველი ფაზაა და მას მეორე ფაზა უნდა მოჰყვეს.
აი, ეს არის ის, რასაც განათლების მინისტრი ახალი სასწავლო წლისთვის და ცოტა უფრო შორეული მომავლისთვის გვთავაზობს. რეფორმა, რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს, როგორც უკვე ვთქვით, საშუალო სკოლებზეა ფოკუსირებული. რაც შეეხება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს:

[ალექსანადრე კარტოზიას ხმა] " ამ თემაზე მზადდება და დამთავრების ფაზაშია ახალი პროექტი. როცა დამთავრდება, მივმართვათ მსოფლიო ბანკს - აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს - იმისათვის, რომ, ჩვენი ბიუჯეტის პარალელურად, გაამაგრონ ეს პროექტი. პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების რეფორმა არის შემდგომი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ. "



განვაგრძობთ ახალგაზრდულ პროგრამას. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი რვა წელიწადია მოქმედებს. ამ ინსტიტუტში მხოლოდ ის სწავლობს, ვისაც უმაღლესი განათლება უკვე მიღებული აქვს. სწავლა ფასიანია. ამავე დროს, ინსტიტუტს ფინანსურად ეხმარება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო. ლექციებს კითხულობენ ქართველი და მოწვეული სპეციალისტები. სწავლა აქაც პირველ სექტემბერს იწყება. დავით პაიჭაძე ესაუბრება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორს გიორგი მარგველაშვილს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG