Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზიკა - საარჩევნო სპეკულაციის ახალი თემა. მოძრაობა "სამეგრელო" ექსკლუზიურ უფლებებს ითხოვს


საარჩევნო თემების სიმრავლეში ლაზთა თემით სპეკულაცია, უდავოდ, ორიგინალობით გამოირჩევა. "კოლხურ-ლაზური ურთიერთობების აღორძინების ასოციაცია", მაგალითად, სახელისუფლებო ბლოკს

წინასაარჩევნოდ ლაზთა საკითხით მანიპულირებაში სდებს ბრალს. როგორც საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, ხელისუფლებას სამეგრელოს მოსახლეობის საარჩევნო ხმების მობილიზება სწორედ ლაზთა საკითხის წინწამოწევითა და მასთან დაკავშირებული საჯარო ღონისძიებებით სურს. ამ ღონისძიებებში კი, პირველ რიგში, იგულისხმება კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის დაფუძნება, რომელიც 15 ოქტომბრისათვის იგეგმება.

კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრი, რომლის პრეზენტაცია ამ ორი თვის წინ ლაზთა დელეგაციის მონაწილეობით თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში შედგა, არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც დეკლარირებულად ემიჯნება პოლიტიკას. ასევე დეკლარირებულად პოლიტიკისგან იზოლირებას ადასტურებს ამ ცენტრის ანალოგიური ორგანიზაცია, სახელწოდებით -"კოლხურ-ლაზური ურთიერთობების აღორძინების ასოციაცია", რომელიც, გარკვეულწილად, ალექსანდრე ჭაჭიას მიერ დაფუძნებული საზოგადოების - " სამეგრელოს" წიაღში მოიაზრება. შესაბამისად, თუ კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრი სახელისუფლებო ბლოკის საარჩევნო კამპანიის ნაწილია, იგივეს თქმა შეიძლება მის მოწინააღმდეგეზე, რომელიც ლაზების საქართველოში ჩამოყვანის ექსკლუზიურობას კატეგორიულად ამტკიცებს. გასაგებია, რომ "სამეგრელო" საზოგადოებრივი მოძრაობაა, მაგრამ მისი სულისჩამდგმელი ალექსანდრე ჭაჭია საკმაოდ სკანდალური პოლიტიკოსი და ამავე დროს "ერთობის" თანათავმჯდომარეა. აქედან ლოგიკური დასკვნის გაკეთებაც შეიძლება, იმის მიუხედავად, რომ ლაზთა საკითხით მანიპულირებას ოპონენტები მხოლოდ სახელისუფლებო ბლოკს, კერძოდ კი, მის ერთ-ერთ აქტიურ წევრს, ვახტანგ რჩეულიშვილს აბრალებენ.
[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] " ნამდვილად დაინტერესებული ვართ ჩვენ ლაზურ კულტურასთან აქტიური დიალოგის დამყარებით და ორი თვის წინ ვმასპინძლობდით დელეგაციას ლაზებისა, რომლებიც თურქეთში მაცხოვრებელი ლაზები არიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობები, რასაც არაფრით არ ვუკავშირებთ ჩვენ ამ საარჩევნო ციებ-ცხელებას".
ლაზების დელეგაციის საქართველოში ჩამოყვანა საპატრიარქოს მიერ იყო ორგანიზებული, ვახტანგ რჩეულიშვილის ფინანსური მხარდაჭერით. ამას არც კოლხურ-ლაზური ურთიერთობების ასოციაციის წევრები უარყოფენ, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ ლაზურ საკითხში დახმარება მათ იმავე სოციალისტურმა პარტიამ არ აღმოუჩინა. მაშინ პარტიას წინასაარჩევნო ინტერესები არ ამოძრავებდა და იმიტომ.
[როლანდ ხაზალიას ხმა] "ჩვენ დავიწყეთ ეს საქმე დამოუკიდებლად. ნებისმიერი პარტია, რომელიც დღეს დიდ ეროვნულებად გვაჩვენებენ თავს, ყველსათან ვიყავით თითქმის და ყველას ავუხსენით, რომ ეს თემა საჭიროა, ამათთან ურთიერთობა საჭიროა და როცა საქმე საქმესთან მიდგა, არც ერთი არ დაგვიდგა გვერდში. მაშინ მივედით ბატონ ჭაჭიასთან, ამოგვიდგა გვერდში".
კოლხურ-ლაზური ურთიერთობების აღორძინების ასოციაციის პრეზიდენტი როლანდ ხაზალია მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პარტიებს, განსაკუთრებით სახელისუფლებო ბლოკის პარტიებს ლაზური თემით სპეკულირების მორალური უფლება არ აქვთ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ პარტიებში ასოციაციის წევრები "ერთობას " არ გულისხმობენ.
XS
SM
MD
LG