Accessibility links

logo-print

გადაიდება თუ არა საპარლამენტო არჩევნები?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემდეგ, ოპოზიცია პერიოდულად ხელისუფლებას ხელოვნული დესტაბილიზაციის გამოწვევის შედეგად, არჩევნების გადადების ფარულ სურვილში ადანაშაულებს.

ოპოზოციური პარტიების განცხადებით, საკუთარი თავის მიმართ საზოგადოების ნულოვანი ნდობის პირობებში, ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, თუნდაც არჩევნების გადადების გზით. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში უკვე დანიშნული არჩევნების გადადების პრეცედენტი არსებობს - იგულისხმება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადება 2001 წელს - თითქოს გამორიცხული არ უნდა იყოს მოვლენების ამგვარი გზით განვითარების შესაძლებლობა.

გადაიდება თუ არა საპარლამენტო არჩევნები?

ხელისუფლების ჩანაფიქრზე - დესტაბილიზაციის გამოწვევის მომიზეზებით ჩაშალოს არჩევნები, ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარე, ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს. ჯერ კიდევ გასული კვირის ბოლოს, ქუთაისში ყოფნისას ბოლნისის შეტაკების კომენტირებისას მან განაცხადა, რომ "ხელისუფლებას ქვეყანა შეგნებულად მიჰყავს დესტაბილიზაციისკენ, რათა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და არჩევნები არ ჩატარდეს, რადგან ხელისუფლებამ იცის, რომ არჩევნები მათი სრული კრახით დასრულდება".
დესტაბილიზაციის გამოწვევისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საშუალებით არჩევნების გადადების მცდელობაში ოპოზიციას ხელისუფლება არაერთხელ დაუდანაშაულებია. თუმცა, იმ ერთადერთი შემთხვევისას, როცა უკვე დანიშნული არჩევნები პრეზიდენტმა შევარდნაძემ გადადო (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იგულისხმება, რომელიც კონსტიტუციით, 2001 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ 2002 წელს გაიმართა), დესტაბილიზაცია ან მისი მოლოდინი განმსაზღვრელი არ ყოფილა. მაშინ პრეზიდენტმა პარლამენტის მიმართვა გაიზიარა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე აუცილებლად მიიჩნევდა ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის განსაზღვრას.
მოლოდინი, რომ არჩევნები სისხლის ღვრით დასრულდებოდა, ოპოზოციონერ პარლამენტარებს 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინაც ჰქონდათ. მაშინ, 2002 წლის მაისში "გაერთიანებული დემოკრატების" წევრი ელენე თევდორაძე აცხადებდა:
[ ელენე თევდორაძის ხმა] " მე არ ვიცი, რა მოხდა იქ ჩემს მისვლამდე, მაგრამ მე დავინახე იქ ფულის ტრიალი, იარაღის ჟღარუნი. და მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არჩევნები სისხლის ღვრით დამთავრება. ეს არის საშინელება. ასეთი არჩევნები, ჯობია, სულ არ ჩატარდეს".
საბედნიეროდ, ამ მოლოდინმა არ გაამართლა და 2002 წლის არჩევნები დარღვევებით, ძალიან ემოციურად, მაგრამ მაინც სისხლის ღვრის გარეშე ჩატარდა. ამჯერად, როცა მოსაგები და წასაგები - ხელისუფლებაში ყოფნა-
-არყოფნის საკითხს ვგულისხმობ - გაცილებით დიდია, ხელისუფლებაში მოსვლის ან დარჩენის მსურველთა რაოდენობა და ტემპერამენტი კი - გაცილებით შთამბეჭდავი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2 ნოემბრის არჩევნები აქამდე ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე დაძაბული და დრამატული სცენარით წარიმართება.
29 სექტემბრის ტრადიციულ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ, ქართული საზოგადოების გონიერების გათვალისწინებით, გამორიცხა ვითარების დესტაბილიზაციის შესაძლებლობა. თუმცა, მან ერთ შემაშფოთებელ ტენდენციას გაუსვა ხაზი:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] " ყველაზე შემაშფოთებელი აქ არის ის, რომ კვლავ, როგორც 15 წლის წინ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია აქმნის შეიარაღებულ ფორმირებებს. ძალიან საშიში მოვლენაა. განახლდა კრიმინალთა პოლიტიზაციისა და პოლიტიკის კრიმინალიზაციის პროცესი. ამის ნიშნებიც არის".
პარტიების უკან შეიარაღებული რაზმების არსებობაზე საუბარი დიდი ხანია, რაც მიმდინარეობს. რამდენიმე თვის წინ "მოქალაქეთა კავშირის" საპარლამენტო წარმომადგენლობამ გადაწყვეტილების პროექტიც კი შეიტანა პარლამენტში, რომელიც აუცილებელს ხდიდა პარტიების დაფინანსების გამჭვირვალეობას. მაშინ ვიტალი ხაზარაძე აცხადებდა:
[ვიტალი ხაზარაძის ხმა] " უკვე დავიღლეთ ყველა და დაიღალა საზოგადეობაც. საზოგადოებაში ითესება შიში იმასთნ დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ პარტიებს ყველას ჰყავს უკანონო რაზმები".
მაშინ პარლამენტმა ეს საკითხი არ განიხილა. შესაბამისად, ჰყავთ თუ არა პარტიებს შეიარაღებული ჯგუფები - ამის თაობაზე საბოლოო პასუხის გაცემა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG