Accessibility links

logo-print

"ფესტივალი ჩვენთვის არ არის ფუფუნება და პომპეზური სანახაობა


"ფესტივალი ჩვენთვის არ არის ფუფუნება და პომპეზური სანახაობა,

არამედ ფორუმია, სადაც ფართო მსჯელობის საგნად იქცევა ხელოვანის, ანუ მოაზროვნის მიერ აღქმული და დანახული სამყარო", - აღნიშნავს თბილისის საერთაშორისო კინოფორუმის - "პრომეთეს" დირექტორი გაგა ჩხეიძე რიგით მეოთხე კინოფესტივალის დღეებში გამოცემულ კატალოგში.

"მეოთხე პრომეთე" საზეიმოდ გაიხსნა 30 ოქტომბერს, კინოთეატრ "ამირანში". გაგა ჩხეიძემ განსაკუთრებული მადლიერებით მოიხსენია კინოთეატრი "ამირანის" დირექცია, რომელმაც მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალს უსასყიდლოდ დაუთმო თავისი დარბაზი. ჯერ კიდევ ზაფხულში "პრომეთე" სპონსორების ნაკლებობას და, შესაბამისად, დაუფინანსებლობას უჩიოდა. ქართველმა ბიზნესმენებმა, მამუკა ხაზარაძის გარდა, კინოფესტივალის დირექციას სპონსორობაზე უარი უთხრეს. და მაინც, 25 000 ლარი, რომელიც საერთაშორისო კინოფესტივალისთვის გამოყო თბილისის მერიის კულტურის სამსახურმა, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიის საელჩოებმა, საკმარისი გახდა "პრომეთეს" მოსაწყობად - საკმარისი გახდა საინტერესო პროგრამის შესადგენად, მაგრამ არა კინოვარსკვლავების, თუ ცნობილი კინორეჟისორების ჩამოსაყვანად თბილისში. შესაძლებელია ამიტომაც დაახასიათა ფესტივალის დირექტორმა "პრომეთე", როგორც კინოს მოყვარულთა ფორუმი და არა პომპეზური სანახაობა.

პრინციპში, მთელ მსოფლიოში ფესტივალების პრესტიჟს კინოვარსკვლავები, ფუფუნება, წითელი ხალიჩები განსაზღვრავს. მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი ფესტივალები ეწყობა, კინოს მოყვარულებს ყოველთვის აქვთ საშუალება არ ჩამორჩნენ კინოპროცესებს და კინოთეატრებში იხილონ ახალი ფილმები. ამიტომაცაა, რომ კანის, ვენეციის, ბერლინის ფესტივალებზე მაყურებელს ცნობილი სახის, ასე ვთქვათ, "ცოცხლად ნახვა" უფრო აინტერესებს, ვიდრე ახალი ფილმი. რა თქმა უნდა, თბილისის კინოფესტივალზე ნიკოლ კიდმანი, ან თუნდაც მარტინ სკორსეზე რომ ჩამობრძანებულიყვნენ, ქართველი ბიზნესმენები (რომლებიც, მოგეხსენებათ, სნობიზმს "არ უჩივიან") აუცილებლად დაინტერესდებოდნენ კინოფორუმით. მაგრამ ნამდვილი კინოს მოყვარულები საქართველოს დედაქალაქში, სადაც მხოლოდ სამი კინოთეატრი ფუნქციონირებს, ნიკოლ კიდმანის ეკრანზე ხილვითაც კმაყოფილდებიან. ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ანშლაგები ლარს ფონ ტრიერის "დოგვილის" ჩვენებაზე კინოთეატრ "ამირანში"... და არა მარტო "დოგვილზე".

ფესტივალის გახსნის დღეს, როცა საგანგებოდ მოეწყო მიხეილ კალატოზიშვილის დაბადების ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და ოთარ იოსელიანის ფილმის - "ორშაბათის დილის" პრემიერა, "ამირანში" მოსაწვევის გარეშე შეღწევა შეუძლებელი გახდა. კინოთეატრის შესასვლელთან ხალხი ზედმეტ ბილეთს ითხოვდა. მოსაწვევები კი დაურიგდათ არა პოლიტიკოსებს, არა ქართველ ჩინოვნიკებს (როგორც ხდება ხოლმე ეს ჩვენში), არამედ იმ ხალხს, ვისაც მართლაც აქვს რაღაც საერთო კინოსთან. შესაძლოა ამიტომ აღნიშნა სცენიდან მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა დავით ოქიტაშვილმა, რა კარგია, რომ აქ პოლიტიკოსებს ვერ ვხედავო:

[დავით ოქიტაშვილის ხმა] "როგორ შეიძლება ამ ქალაქს დააკლდეს კინო. ადამიანები დაიღალნენ იმ სიბინძურისგან, რაც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს... ის, რაც ამქვეყნად მეფობს, ეს საშინელი ურჩხული პოლიტიკოსები, ეს ჩვენ დაგვღუპავს, კულტურა და კინო თუ გადაარჩენს ქვეყანას".

თუმცა, ერთი პოლიტიკოსი ამ დროს მთლად სცენაზე იდგა - კინორეჟისორი ელდარ შენგელაია, რომელმაც კარგა მაგრად გაამხიარულა ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე მობრძანებული საზოგადოება:

[ელდარ შენგელაიას ხმა];. "მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მსიამოვნებს, რომ მთლად ასე "ჩაქნეულად" არ არის ჩვენი საქმე".

"მთლად ასე ჩაქნეულად არ არის ჩვენი საქმე" კიდევ იმიტომ, რომ ფესტივალის პროგრამაში ჩართული, ქართველი რეჟისორების ორი ფილმი - ოთარ იოსელიანის "ორშაბათის დილა" და დიტო ცინცაძის "გასროლის შიში", პირველი - ბერლინის ფესტივალის, მეორე - სან-სებასტიანის კინოფორუმის ლაურეატია. "მთლად ასე ჩაქნეულად არ არის ჩვენი საქმე" იმიტომ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არიან ენთუზიასტები, რომლებიც ახერხებენ მოაწყონ ყოველგვარ სნობიზმს მოკლებული ხელოვნების დღესასწაულები. თუმცა, პრობლემები ამ ხალხს ნამდვილად ჰქონდა. ფესტივალის დღეებში "რადიო თავისუფლება" ესაუბრა "პრომეთეს" დირექტორს, გაგა ჩხეიძეს, რომელიც აღშფოთებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ მოსკოვმა თბილისის მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალის დირექციას რამდენჯერმე შეაცვლევინა პროგრამა

[გაგა ჩხეიძის ხმა]: "დღესდღეობით საქართველოში ფესტივალის ჩატარებისთვის ლეგალური გზით, საჭიროა უფლებები მოიპოვო მათგან, ვისაც ეს უფლებები აქვს... მოსკოვში კერძო კომპანიებს ნაყიდი აქვთ ფილმები და ისინი არიან დისტრიბუტორები ამ ფილმის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, - გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ იძულებულნი ვართ მივმართოთ მოსკოვს. გარდა იმისა, რომ გარკვეულ თანხას ვიხდით უფლებების მოსაპოვებლად, ფილმის ტრანსპორტირების ხარჯებს, აღმოჩნდა, რომ ამ ფილმების ჩამოტანა გართულებულია ახალი საბაჟო წესების გამო - რუსეთიდან უნდა გადმოკვეთოს საზღვარი ფილმმა დროებითი გატანის რეჟიმით - თითო ფილმზე მინიმუმ 35 საბუთია გასაკეთებელი, უზარმაზარი ბიუროკრატული პროცესია".

დიახ, ფესტივალის აფიშა 5 დღის განმავლობაში მრავალჯერ შეიცვალა. კინოს მოყვარულებმა ყველაფერი ეს ჩვეული "ქართული არაორგანიზებულობით’ ახსნეს:

[გაგა ჩხეიძის ხმა]: "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს საბუთები ძალიან სწრაფად გავაკეთეთ, ფილმები მაინც გააჩერეს საბაჟოზე... ყოველდღე თხოულობენ ახალ და ახალ საბუთებს. ბოლოს მოგვთხოვეს კულტურის მინისტრის ნებართვა ამ ფილმების გატანაზე... რუსეთის კულტურის მინისტრის".

რუსეთის კულტურის მინისტრს ფესტივალის ორგანიზატორები მართლაც დაუკავშირდნენ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ იმ ფილმებიდან, რომელიც ფესტივალმა მოსკოვს შეუკვეთა, ნაწილი არალეგალურადაა შემოტანილი რუსეთში, ამიტომ მოსკოვიდან მათი დროებით გატანა შეუძლებელია. არალეგალური გზებით მუშაობა "პრომეთემ" არ მოინდომა. თბილისის მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალის დირექციის ასეთმა წესიერებამ კი კინოს მოყვარული დააზარალა.

[გაგა ჩხეიძის ხმა]: "რუსეთის საელჩომ საქართველოში საერთოდ ყველანაირ დახმარებაზე უარი განაცხადა... არც სმენიათ თითქოს, რომ არსებობს კულტურული კავშირები, კულტურული პროექტები. ჩვენ მათ მივმართეთ ფესტივალამდე დიდი ხნით ადრე, რომ წელს არის კალატოზიშვილის იუბილე... კალატოზიშვილი არა მარტო ქართული კულტურის ნაწილია. ის არის რუსული კულტურის ნაწილიც და თვითონაც უნდა იყვნენ დაინტერესებული მისი ფილმების ჩვენებით, გამოფენის მოწყობით. მაგრამ თავიდანვე თავაზიანი უარი მივიღეთ, რომ არანაირი სახსრები მათ არ გააჩნიათ კულტურული პროექტების დასაფინანსებლად. რომ შევადაროთ იმას, რასაც აკეთებს საფრანგეთის საელჩო, ამერიკის, გერმანიის, პოლონეთის, ისრაელის საელჩოები... დაინტერესებული არიან ფესტივალში მონაწილეობაში".

"დაანებონ თავი ამ მოსკოვს, მიმართონ უცხოური ფილმების პროდიუსერებს" - ასეთი პრეტენზიაც გაჩნდა "პრომეთეს" დირექციის მიმართ. მაგრამ, როგორც გაირკვა, მოსკოვიდან ფილმის ჩამოტანა თითქმის ათჯერ უფრო იაფი ჯდება, ვიდრე იმ ქვეყნიდან, სადაც ეს ფილმია გადაღებული. წრე აქაც შეიკრა: "პრომეთეს" ფული არ ჰქონდა - ქართველ ბიზნესმენებს სილამაზის კონკურსებისა და საეჭვო გემოვნების კონცერტების დაფინანსება ურჩევნიათ. საქართველოში ხელოვნების განვითარება ფაქტობრივად მხოლოდ დასავლეთის ქვეყნების საელჩოებისა და საერთაშორისო ფონდების მესვეურებს აინტერესებთ, - მიხეილ კალატოზიშვილის ბრწყინვალე გამოფენა, მაგალითად, ფესტივალის დღეებში ფონდმა "ღია საზოგადოება საქართველომ" დააფინანსა.

რაც შეეხება ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს, ჟიურის, რომელსაც პარიზის სინემატეკის ყოფილი დირექტორი, ამერიკელი კრიტიკოსი პიტერ სკარლეტი ხელმძღვანელობდა. ისინი ამბობენ, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ყველას უამბობენ, როგორ უყვართ კარგი კინო ქართველებს, რაოდენ დიდია საქართველოში ინტერესი მსოფლიო კინოში მიმდინარე პროცესების მიმართ და რაოდენ ორიგინალურია ქართველი მაყურებლის რეაქცია ამა თუ იმ ფილმზე.

როგორი იყო ეს რეაქციები, შეიძლება თუ არა საუბარი მსოფლიო კინოპროცესზე თბილისის მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამებით, რომელ კინემატოგრაფისტებს მიანიჭა უპირატესობა საერთაშორისო ჟიურიმ... ამის შესახებ ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, ჩვენს "კულტურულ მიმოხილვაში" გიამბობთ.
XS
SM
MD
LG