Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკადრო წმენდა საოლქო საარჩევნო კომისიებში - ოპონენტები ფიქრობენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს


10 ოქტომბერს თბილისის საოლქო სასამართლოში თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე სარჩელს აღძრავს. გიორგი ჭონიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თანამდებობიდან

უსაფუძვლოდ გათავისუფლების მოტივით უჩივის. იგი, ყვარლის მე-16 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ ავაზაშვილთან ერთად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თანამდებობიდან 8 ოქტომბრის სხდომაზე გაათავისუფლა. სავარაუდოდ, იგივე ბედი ელის სენაკის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარესაც, რომელსაც დანარჩენ ორთან ის აკავშირებს, რომ იგი თანამდებობაზე ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციით დაინიშნა. შემთხვევითობა, დამთხვევა, თუ ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა? ჩვენ სწორედ ამ საკითხების გარკვევას შევეცდებით.

ყვარლისა და თელავის საარჩევნო ოლქების კომისიების თავმჯდომარეთა თანამდებობიდან გათავისუფლების ოფიციალური მოტივი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. რაც შეეხება არაოფიციალურ მოტივს, იგი, მართალია, პოპულისტურად ჟღერს, მაგრამ უდავოდ საგულისხმოა.

[ნუგზარ კუპრეიშვილის ხმა] "75 ოლქიდან 73-ში ხელისუფლებას თავის მიერ რეკომენდირებული ადამიანები დაუნიშნეს კომისიების თავმჯდომარეებად. სამ ოლქში ყოფილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც კი ვერ აიტანა. მათიც კი ეშინია ამ ხელისუფლებას. არ ენდობა იმიტომ კი არა, რომ ისინი გააყალბებენ, არამედ ისინი არ გააყალბებენ ხელისუფლების სასარგებლოდ".

ასე აფასებს მომხდარს "სამართლიანი არჩევნების" იურიდიული მრჩეველი ნუგზარ კუპრეიშვილი, რომელიც გიორგი ჭონიშვილის არაპორფესიონალიზმში დადანაშაულებას ნონსენსად მიიჩნევს - საქმე ისაა, რომ თელავის მე-17 საარჩევნო ოლქის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე გოგი ჭონიშვილი თელავის რაიონში 6 წლის განმავლობაში მუშაობდა "სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორად. საოლქო კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნისთანავე მისი შევიწროვების აშკარა კამპანია დაიწყო - სასამართლოში სარჩელი შეიტანა საოლქო კომისიის ძველმა თავმჯდომარემ, პერმანენტულად იწერებოდა საჩივრები. ნათელი გახდა, რომ ხელისუფლების კომპორმისი ფარსი იყო და იგი არაპარტიული თავმჯდომარის მოსაცილებლად თანმიმდევრულად მუშაობდა.

[გოგი ჭონიშვილის ხმა] "არც ჩემგან ყოფილა კომპორმისი, როცა მთხოვდნენ, რომ მე დამენიშნა 42-ვე თელავის საარჩევნო უბანზე მათ მიერ შემოთავაზებული თავმჯდომარეები. თავმჯდომარეების კანდიდატურები, ჯერ ერთი, ოფიციალურად შემოიტანა ამ სახელისუფლებო ბლოკმა და მერე კიდევ ცეესკოდან იყო ზეწოლა, გააუქმეს და გააბათილეს ჩემი განკარგულება უბნის კომისიების თავმჯდომარეების დანიშვნის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოდ, მე ვიტყოდი. და ამ გაუქმებას ზეპირიც მოაყოლეს კარნახი, რომ რაკი ეს გაუქმდა, უნდა აღადგინოთ ძველი საუბნო კომისიები, ის ძველი, რომლებმაც წინა წლებში და წინა არჩევნებში აბსოლუტურად შეცვალა ხალხის გამოხატული ნება და გააყალბა არჩევნები".

ამ უკანასკნელი დავალების შეუსრულებლობა გახდა სწორედ გოგი ჭონიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების ძირითადი მიზეზი - რვა ხმა შვიდის წინააღმდეგ, ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. მოწინააღმდეგეთა შორის არ იყო ცეესკოს თავმჯდომარე. იგი დღესაც მიიჩნევს, რომ თელავის მე-17 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის გასათავისუფლებად კომისიას სათანადო საფუძველი არ ჰქონდა.
რაც შეეხება ყვარლის თავმჯდომარეს, კომისიამ იგი პარტიებთან გარიგებებში დაადანაშაულა. ხელისუფლების ოპონენტებს არც ამ არგუმენტის სჯერათ. თუ ცეესკოს მომავალი სხდომა სენაკის თავმჯდომარესაც ანალოგიურ განაჩენს გამოუტანს, ცხადზე უცხადესი გახდება, რომ ხელისუფლება არც ერთი საარჩევნო ოლქის დათმობას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG