Accessibility links

logo-print

წინა კვირის რუსეთის პრესა საკმაოდ ვრცლად გამოეხმაურა რუსეთ-საქართველოს ეკონომიკურ ფორუმს.


გიორგი კაკაბაძე, თბილისი წინა კვირის რუსეთის პრესა საკმაოდ ვრცლად გამოეხმაურა რუსეთ-საქართველოს ეკონომიკურ ფორუმს. გარდა ამისა, პრესა შეეხო საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და აშშ

შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების საკითხს.
გესაუბრებით ორიოდე წერილის შესახებ.

23 ოქტომბრის "პარლამენტსკაია გაზეტა" აღნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვალერი გორეგლიადმა. მისი თქმით, "აუცილებელია ორ ქვეყანას შორის ახალი სახელმწიფოთაშორისი სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულების გაფორმება, რადგან რუსეთი საქართველოს ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორად რჩება". ვალერი გორეგლიადმა გაზეთს უთხრა: "საქართველოს საგარეო ვაჭრობაში რუსეთის წილი დაახლოებით 20%-ია. რუსეთის ექსპორტის საფუძველს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მომსახურება და ელექტროენერგიის მიწოდება შეადგენს. გარდა ამისა, რუსეთი, როგორც მთავარი პარტნიორი, საქართველოს აწვდის ხორბალს, ქიმიური მრეწველობის პროდუქციას, სატრანსპორტო საშუალებებსა და მოწყობილობებს, მანქანებს, შავ ლითონებს, მედიკამენტებს. თავის მხრივ, რუსეთის ბაზარი წარმოადგენს გასაღების მთავარ ბაზარს ქართული ღვინოებისთვის, მინერალური წყლებისთვის და სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის. რუსეთის იმპორტის მნიშვნელოვან ობიექტს აგრეთვე მეტალურგიის ნედლეული წარმოადგენს."

გაზეთში ნათქვამია, რომ "ქართველ სპეციალისტთა შეფასებით, რუსეთიდან საქართველოში ორ მილიარდ ამერიკულ დოლარამდე შედის, რაც გაცილებით აღემატება მთელ უცხოურ დახმარებას." მაგრამ, როგორც ვალერი გორეგლიადი აღნიშნავს, რუსეთის ინვესტორების წილზე საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებულ კაპიტალდაბანდებათა საერთო მოცულობა მხოლოდ 1,5-2 პროცენტს შეადგენს." დაბალი საინვესტიციო აქტიურობა მაღალ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და ფინანსურ რისკებთანაა დაკავშირებული. ბევრი პარამეტრის მიხედვით, საქართველო განიხილება როგორც მაღალი რისკის ზონა სერიოზული კაპიტალდაბანდებებისთვის."

რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარის არკადი ვოლსკის თქმით კი, "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ინვესტიციური კლიმატი რუსეთის საქმიანი წრეებისთვის "მაინცდამაინც მიმზიდველი არ არის", მაინც არსებობს მთელი რიგი სისტემური ობიექტებისა, რომლებმაც შეიძლება თანამშრომლობას ჩაუყარონ საფუძველი."

20 ოქტომბრის "ნეზავისიმაია გაზეტაში" არკადი ვოლსკი აგრეთვე ამბობს, რომ "მზადდება, მაგალითად, ისეთი პროექტი, რომელიც არც რუსეთსა და არც საქართველოში არავის დასიზმრებია." გაზეთში ნათქვამია, რომ "არაოფიციალური ინფორმაციით, ვოლსკის, შესაძლოა, მხედველობაში აქვს ფოთი-წითელი ხიდის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რომელიც 5 მილიარდი დოლარის რუსულ ინვესტიციებს გულისხმობს."

და კიდევ ერთი ინფორმაცია ეკონომიკის თემაზე: საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით 23 ოქტომბრის გაზეთი "კრასნაია ზვეზდა" წერს: "ამერიკელებს, აშკარად, არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ, მათ მიერ გაწეული დახმარების მიუხედავად, საქართველო ეკონომიკური განვითარების დონით კვლავინდებურად უკანასკნელ ადგილზეა ყოფილი სიციალისტური ბანაკის 27 ქვეყანას შორის, ხოლო, კორუფციის დონის მხრივ, - პირველ ადგილზე.
სავსებით მოსალოდნელია, რომ მომავალი წლიდან თბილისისთვის გამოყოფილმა დახმარებამ 115-120 მილიონი დოლარიდან 77 მილიონ დოლარამდე დაიწიოს, რადგან უახლოეს პერიოდში ეკონომიკური ვითარების გამოსწორება და კორუფციის ალაგმვა ნაკლებად სავარაუდოა. ბუნებრივია, ეს აისახება შეიარაღებულ ძალებზეც, რომლებიც ისედაც სავალალო მდგომარეობაში არიან."
XS
SM
MD
LG