Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ბრიტანეთის ჟურნალ "ეკონომისტის" კომენტარი კავკასიის რეგიონის გლობალური მნიშვნელობის შესახებ,

და დასავლეთის პრესის გამოხმაურება რუსეთის უდიდესი ნავთობკომპანია "იუკოსის" დამაარსებლის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრების შესახებ.

როგორც ჟურნალი "ეკონომისტი" აღნიშნავს თავის უკანასკნელ ნომერში, ენერგორესურსებმა მისმა სტრატეგიულმა მდებარეობამ გლობალური მნიშვნელობა შესძინა კავკასიას, თუმცა რეგიონში ისე დაიძაბა ამ ბოლო დროს პოლიტიკური ვითარება, რომ შეიარაღებული დაპირისპირება ყოველ წუთსაა მოსალოდნელი. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"15 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში, რამაც ილჰამ ალიევს მოუტანა გამარჯვება, მოურიდებლად იქნა გაყალბებული. დაახლოებით იგივე მოხდა საქართველოშიც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას. ასეა თუ ისე, ხსენებულმა არჩევნებმა "ახალი გაურკვევლობა წარმოშვა" რეგიონში. კავკასიის "ენერგოდერეფანმა" უნდა გაამდიდროს რეგიონი, მაგრამ თუ აზერბაიჯანის ახალი პრეზიდენტი ვერ აღკვეთს "კორუმპირებული მმართველი ელიტის" თარეშს, რესპუბლიკაში არეულობაა მოსალოდნელი. პრობლემას ჰქმნის რუსეთიც. მართალია მისი ჩარევა დღეს რამდენადმე შენიღბულია, მოსკოვი ცდილობს გაზარდოს ეკონომიკური ზეგავლენა კავკასიის რეგიონზე. როგორც აზერბაიჯანს, ასევე საქართველოსაც ისეთი ლიდერები ესაჭიროება, ვისაც ნამდვილად მისცა ხმა ხალხმა, და ვინც არაა სხვა ძალებზე დამოკიდებული. ბაქოში ოპოზიცია უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ უცხოელმა მეთვალყურეებმა მძაფრად არ გააკრიტიკეს 15 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები. ხოლო თბილისში ოპოზიცია აცხადებს, რომ ვაშინგტონს "მეტად რბილი" პოზიცია უკავია შევარდნაძის მიმართ."

საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდის მკვლევარს ანდერს ასლუნდს მიაჩნია, რომ "იუკოსის" დამაარსებლის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებით რუსეთი ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ჩაეფლო. სტატიაში, რომელიც გაზეთმა "ფიგარომ" გამოაქვეყნა, ამერიკელი მკვლევარი წერს:

"უსაფუძვლო და მიკერძოებულია მიხაილ ხოდორკოვსკისადმი წაყენებული ბეგარის გადაუხდელობისა და სახსრების მითვისების ბრალდება. პრეზიდენტ პუტინს სინამდვილეში ის აფრთხობს, რომ ხოდორკოვსკი საკმაოდ გავლენიანი და დამოუკიდებელი პიროვნებაა იმ რეჟიმისთვის, რომლის დამკვიდრება სურს ბატონ პუტინს რუსეთში."

გაზეთ "დეილი ტელეგრაფში" გამოქვეყნებულია ცნობილი რუსი ბიზნესმენის, ბორის ბერეზოვსკის სტატია, რომელშიც ბერეზოვსკი პუტინის გადადგომას წინასწარმეტყველებს. სტატიაში ვკითხულობთ:

"ამ წერილს ჩემს სახლში ვწერ, ლონდონში, სადაც თავისუფლად შემიძლია გამოვთქვა საკუთარი აზრი და ვიყო ოჯახთან ერთად, რისთვისაც ბრიტანეთის დემოკრატიულსა და სამართლიან საზოგადოებას ვემადლიერები. რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესმენი, მიხაილ ხოდორკოვსკი, ციმბირში დაკავების შემდეგ ორი კვირაა უკვე მოსკოვის ციხეშია მოთავსებული. მჯერა, რომ ბატონი პუტინი არ იქნება ხელმეორედ არჩეული რუსეთის პრეზიდენტად 2004 წლის მარტში, ვინაიდან მისმა მცდელობამ დაამყაროს არადემოკრატიული, ცენტრალიზებული პოლიტიკური სისტემა, კრახისთვისაა განწირული. პუტინის ავტოკრატული ზრახვები აშკარა იყო ჯერ კიდევ 2000 წლის გაზაფხულზე, როცა ქვეყანაში მისი შენიღბული, ანტიკონსტიტუციური გადატრიალება დაიწყო. ბედნიერი ვარ, რომ ინგლისში ცხოვრობ, მაგრამ მიყვარს ჩემი სამშობლო, და მოუთმენლად ველი შინ დაბრუნებას. კარგად მოგვეხსენება, რომ მხოლოდ რუსებს შეუძლიათ პუტინის მოთვინიერება. თუმცა მსოფლიოს ლიდერებს უნდა ეყოთ გამბედაობა სიმართლის სათქმელად იმის შესახებ, თუ რა ხდება დღეს რუსეთში".

ხოლო მას მედიის ყოფილი მაგნატი ვლადიმირ გუსინსკი გაზეთ "ფაინენშალ ტაიმსში" გამოქვეყნებულ სტატიაში იმას შეახსენებს მკითხველს, რომ რუსეთი დღეს საყოველთაო შიშმა მოიცვა. გუსინსკი წერს:

"რუსეთი შიშმა მოიცვა. ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს --- ყველას ვინც მაღლა წამოსწევს თავს --- ვლადიმირ პუტინისა ეშინია. ყველა მიხვდა, რომ მიხაილ ხოდორკოვსკის საჩვენებელი სასამართლოს შემდეგ, სხვების რიგიც დადგება. თუმცა შეშინებულია ბატონი პუტინიც. მას ის აფრთხობს, რომ ხალხი, ერთ მშვენიერ დღეს მას ჩეჩნეთში გაჩაღებულ სისხლისღვრას, თავისუფალი მას მედიის აკრძალვას, ძალოვანი სტრუქტურებისა და პროკურატურის ხელით განხორციელებულ რეპრესიებსა და კონსიტუციის ფეხქვეშ გათელვას შეახსენებს."
XS
SM
MD
LG