Accessibility links

logo-print

რუსეთის პოლიტიკა ლოგიკურია, ლოგიკა არ არის ოფიციალურ განცხადებებში


უკვე ერთი კვირაა მთელი მსოფლიო აღიარებს რუსეთის კეთილშობილურ როლს 23 ნოემბერს საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირების უსისხლოდ დასრულებაში. ის-ის იყო იგორ ივანოვმა მართლაც დაიჯერა, რომ სწორედ

ისე უნდა მეზობელი საქართველოსთვის დახმარების გაწევა, როგორც ამას თვითონ აკეთებს, რომ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ მას ცივი წყალი გადაასხა. ვინ იფიქრებდა, რომ ბურჯანაძე (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტიდან სულ რაღაც ერთ კვირაში) არა სადმე სხვაგან, არამედ ეუთოს მინისტრთა შეკრებაზე პირდაპირ განუცხადებდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ მოსკოვში საქართველოს სეპარატისტულ ლიდერებთან მეგობრული შეხვედრების წარმართვა არ არის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ზრუნვა. თემას ნინო გელაშვილი განაგრძობს:


კიდევ ერთხელ გთავაზობთ ნაწყვეტს მაასტრიხტში, ეუთოს სხდომაზე ნინო ბურჯანაძის გამოსვლიდან:

[ბურჯანაძის ხმა]
"ჩვენ მზად ვართ უარი ვთქვათ ისტორიით გაპირობებულ ყველა სტერეოტიპზე და ურთიერთობა დავიწყოთ თავიდან. ამასთან, ეს უნდა იყოს ორმხრივი მოძრაობა და ჩვენმა რუსმა კოლეგებმაც უნდა გაიგონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამაკნინებელი ყოველგვარი მოქმედება, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასულ კვირაში მოსკოვში, აბათილებს ყველა დადებით სიგნალს და ჩვენ ძალაუნებურად დაპირისიპირებულ პოზიციაში გვაყენებს".

ბოლო კვირის მანძილზე ჩვენი რადიოს ექსპერტების მიერ მოსკოვის ურთიერთობა საქართველოს სეპარატისტული რეგიონებისა და აჭარის ლიდერ ასლან აბაშიძესთან რუსეთის მხრიდან საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის გამიზნულ გამოცდად და ასევე შანტაჟის განწირულ მცდელობად ფასდებოდა. მაგალითისთვის ერთ-ერთ მათგანს შეგახსენებთ:

[რონდელის ხმა] "ამ ვითარებამ კარტები არია რუსეთის და ახლა მათ დარჩათ მხოლოდ მუქარა და შანტაჟი",

- დიახ შანტაჟი, ალერსიანი, უფრო სწორად კი სამართლებრივი გამონათქვამებით შეზავებული შანტაჟი. რუსეთის არც პრეზიდენტსა და არც საგარეო საქმეთა მინისტრს არ ავიწყდებათ იმის ხაზგასმა, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს და, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთი ოსეთის რეგიონს საქართველოს ნაწილად განიხილავს, მაგრამ... მაგრამ რუსეთის პრესაში იბეჭდება იგორ ივანოვის ინტერვიუ, რომელშიც ჟურნალისტი საგარეო საქმეთა მინისტრს ეკითხება: "- საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის წინაშე დგას ორი საკითხი, თავიდან აიცილოს საქართველოს დაშლა და მეორეს მხრივ არ მიატოვოს ჩვენი მეგობრები - აჭარა, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი. როგორ აპირებს რუსეთი ამ მიზნების მიღწევას?". იგორ ივანოვმა თავისი ვრცელი პასუხი ამ შეკითხვაზე ასე დაიწყო: "- მე არ მიმაჩნია, რომ ეს ორი ამოცანა ურთიერთგამომრიცხავია. სტაბილურობა აჭარაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მხოლოდ ხელს შეუწყობს საქართველოში ვითარების გაუმჯობესებას და არა პირიქით". აჭარის ლიდერ ასლან აბაშიძესთან შეხვედრის შემაჯამებელ ბრიფინგზე კი იგორ ივანოვი შეეცადა, რომ ჟურნალისტები მოსკოვის მიუკერძოებლობაში დაერწმუნებინა და განაცხადა, რომ რუსეთი არასდროს არაფერს აკეთებს კულისებს მიღმა და არავის წინააღმდეგ შეთქმულებას არ გეგმავს. "სრულიად ბუნებრივია, რომ თბილისში კრიზისის შექმნამ და ხელისუფლების შეცვლამ არა მხოლოდ აფხაზეთში, აჭარასა და სამხრეთ ოსეთში გამოიწვია აღელვება, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში", - განაცხადა ივანოვმა. თუმცა, საბედნიეროდ, საქართველოს სხვა რეგიონების ხელმძღვანელები არ ჩასულან მოსკოვში, რომ პირადად გაეზიარებინათ თავიანთი მღელვარება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრისთვის. მოსკოვში მხოლოდ სეპარატისტული რეგიონებისა და ერთადერთი ავტონომიური ერთეულის ლიდერები ჩავიდნენ. სხვა რეგიონების წარმომადგენლები არ შეხვედრიან რუსეთის პრემიერ-მინისტრს და არ უთხოვიათ მისთვის - ჩვენს კუთხესთან ურთიერთობაში მაინც გააუქმეთ სავიზო რეჟიმი, ჩვენ ბოევიკებს რუსეთისკენ არ გამოვუშვებთო, ეს ითხოვა აჭარის ლიდერმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გარდა იმისა, რომ სრულიად მისაღებად მიიჩნევს მეზობელი, "მეგობარი" ქვეყნის ზოგიერთ რეგიონთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდეს, პრაქტიკულად არ მალავს, რომ მას საქართველოს ხელისუფლებაზე მეტად მისი ერთ-ერთი რეგიონის ლიდერის სჯერა. კერძოდ, ივანოვმა განაცხადა: "აჭარის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ თუკი აჭარასა და რუსეთს შორის შემოღებული იქნება უვიზო რეჟიმი, ავტონომიის ხელისუფლება მიიღებს ყველა ზომას, რომ არაკეთილსინდისიერმა ხალხმა ვერ შეძლოს ამ რეჟიმით სარგებლობა და რუსეთის ტერიტორიაზე არ შეაღწიონ იმათ, ვინც იქ არ უნდა შეაღწიოს. ამიტომაც, აჭარის ხელისუფლების პოზიციის გათვალისწინებით ჩვენ ძალიან ყურადღებით განვიხილავთ ამ საკითხს და ვეცდებით დადებითად გადავჭრათ იგი", - ეს გახლავთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები. არც საქართველოს ხელისუფლებას უცდია ოდესმე რუსეთი იმაში დაერწმუნებინა, რომ ის იქ არაკეთილსინდისიერ პირებს შეუშვებდა. რეალობაში ლოგიკა არსებობს, ლოგიკა არ არის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალურ განცხადებებში. ლოგიკის ძიებაში ერთი მოსკოველი ნაცნობის სიტყვები მახსენდება, რომელმაც დანანებით, გულწრფელად დაიჩივლა: "რატომ არ უნდა შემეძლოს ქობულეთში ჩასვლაო?". ქობულეთში ჩასვლას მას, ბუნებრივია, არავინ და არაფერი უშლის. ეგ არის, რომ სტატუსი - ტურისტის, სტუმრის სტატუსი აღარ მოსწონს იქ. და კიდევ, იგივე მოსკოველი ნაცნობი, მაგალითად, დღესაც, როცა ყველაფერი გადაწყვეტილია და მშენებლობის ნაწილიც დასრულებულია, იმედს მაინც არ კარგავს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი არ აშენდება.
XS
SM
MD
LG