Accessibility links

logo-print

"ეუთოს კონფერენცია წარუმატებლად მთავრდება საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკის გამო" -


"ეუთოს კონფერენცია წარუმატებლად მთავრდება საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკის გამო" - ასე დაასათაურა შვეიცარიის "ნიოე ციურხერ ცაიტუნგმა"

ინფორმაცია ჰოლანდიის ქალაქ მაასტრიხტში გამართული თათბირის შესახებ, რომელშიც ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ. გაზეთის თქმით, სამი წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ ეუთოს 55-მა წევრმა ერთობლივი საბოლოო განცხადების მიღება ვერ მოახერხა.

"განსაკუთრებით მკაცრი კრიტიკა გაისმა აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ პაუელის მხრიდან. მან მოსკოვს მოუწოდა, შეასრულოს 1999 წელს ნაკისრი ვალდებულებები და თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოდან და მოლდავეთიდან... ეუთოს წევრებს შორის განხეთქილების არსებობა აშკარა შეიქნა ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარისა და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებაში. მისი თქმით, მოსკოვი ეუთოში დიდწილად იზოლირებულია. მინისტრების უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასო, განაცხადა სხეფერმა.

მაასტრიხტში გამართულ კონფერენციას "ვაშინგტონ პოსტიც" აშუქებს. ამ გაზეთში მოთავსებულ ცნობას ასეთი სათაური აქვს: "პაუელი რუსეთს საქართველოს გამო აფრთხილებს". ცნობაში აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მისამართით გამოთქვა არაპირდაპირი გაფრთხილება, შეწყვიტოს სეპარატისტული რეგიონების მხარდაჭერა და საქართველოში შექმნილი არასტაბილური ვითარების გამოყენება. ამავე საკითხისადმი მიძღვნილ წერილში გაზეთ "ფაინენშლ ტაიმსის" კორესპონდენტი ტომ უორნერი აღნიშნავს:

"კონფლიქტი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გამწვავდა ეუთოს ყოველწლიურ სამიტზე მაასტრიხტში, სადაც რუსეთმა მოლდავეთის პრობლემის მოგვარების მიზნით მის მიერ შემუშავებული გეგმის მხარდაჭერა მოითხოვა, ხოლო შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მოუწოდა, პირობა შეასრულოს და მიმდინარე წლის ბოლომდე გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან და მოლდავეთიდან."

ყოველკვირეულ "ნიუსუიკის" ბოლო ნომერში გამოქვეყნებულია ნაციონალური მოძრაობის ლიდერისა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ. გთავაზობთ ორ ნაწყვეტს ამ ინტერვიუდან:

"კითხვა: ვიდრე პარლამენტში შეიჭრებოდით, რამდენად მკაფიო გეგმა გქონდათ?
პასუხი: ზუსტი გეგმა არ მქონია. მხოლოდ ის ვიცოდით, რომ როგორმე უნდა შეგვეღწია პარლამენტში, რათა ისინი იქიდან გამოგვეგდო. ცხადია, მთელი ამ ხნის მანძილზე შიშით ვიყავით შეპყრობილი. მათ რომ ჩვენი შიში შეენიშნათ, შესაძლოა, მართლაც სახიფათო, აგრესიული ზომებისთვის მიემართათ.
კითხვა: როგორ აფასებთ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ჭიდილს საქართველოში გავლენის მოსაპოვებლად?
პასუხი: ვითარება მეტად რთულია, მაგრამ იძულებული ვართ, დავყაბულდეთ მას. რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ძალაუფლება აქ ძალიან პროამერიკულმა მთავრობამ იგდო ხელთ. უცნაურად იქცევიან. ორაზროვან განცხადებებს აკეთებს ივანოვი, ხოლო რუსეთის პრესა იმეორებს: სააკაშვილი - გამორიცხულია! რატომ? იმიტომ, რომ განათლება დასავლეთში მაქვს მიღებული. ეს პრიმიტიული მიდგომაა. თუ მოისურვეს, მათ შესწევთ უნარი, სიტუაცია აურიონ. მაგრამ არა მგონია, ეს ხელს აძლევდეთ. შეერთებულ შტატებს უდავოდ შეუძლია ამ მხრივ ზეწოლა მოახდინოს მათზე და ჩვენ ამერიკელებს სწორედ ამის გაკეთებას ვთხოვთ."
XS
SM
MD
LG