Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყება თუ არა საქართველოში "დინამიკური ქაოსი"


თამარ ჩიქოვანი, თბილისი თუ "ხავერდოვან რევოლუციად" წოდებული მოვლენებიდან ერთი კვირის თავზე ახალი ხელისუფლება პოსტრევოლუციის საფრთხის შესახებ საუბრობდა, ამჯერად სპეცსამსახურების ხელმძღვანელები

"დინამიკური ქაოსის" გამოწვევის ალბათობაზე აკეთებენ აქცენტს. ტერაქტები პოლიტიკური ლიდერების, მსხვილი ბიზნესმენებისა და მედიამაგნატების წინააღმდეგ - უშიშროების სამინისტროს ვერსიით, დაინტერესებული ძალები სწორედ ამ სცენარს გამოიყენებენ დინამიკური ქაოსის შესაქმნელად.

2 დეკემბერს, საღამოს, დაუდგენელმა პირმა თუ პირებმა ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის სპიკერის ირინა სარიშვილ-ჭანტურიას ბინის ფანჯრები დაცხრილეს. საზოგადოების ერთი ნაწილის სკეპსისის მიუხედავად, - 2 დეკემბრის ერთ-ერთი ტელევიზიის ღამის ეთერში გამოითქვა ეჭვი, რომ ირინა სარიშვილ-ჭანტურიამ თავდახსმის ინსცენირება მოაწყო, - 3 დეკემბერს ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მკვლელობის მცდელობის მუხლით. 3 დეკემბერს, გამთენიისას, კომპანია "ცენტრ-პოინტის" ოფისის მინების დამსხვრევასთან დაკავშირებით კი საქმე ხულიგნობის მუხლით არის აღძრული. შეგახსენებთ: "ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთი მეპატრონე სოციალისტური პარტიის თავმჯდომარის ვახტანგ რჩეულიშვილის მეუღლე მაია რჩეულიშვილი გახლავთ.
არის თუ არა ბოლო ორი დღის მანძილზე განვითარებული მოვლენები უშიშროების სამინისტროს მიერ პროგნოზირებული "დინამიკური ქაოსის" ნაწილი? შეგახსენებთ: საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობის შესახებ განცხადება 1 დეკემბერს უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა გააკეთა:
[ ნიკოლოზ ლალიაშვილის ხმა] "ქვეყანაში თუ მის გარეთ არსებული ინტერესთა ჯგუფების მიერ აქტიურად და ინტენსიურად ხორციელდება საქართველოს დინამიკურ ქაოსში შეყვანის გეგმა. ეს ზრდის საქართველოში პოლიტიკური ტერორის საფრთხის ალბათობას."
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, ირინა სარიშვილ-ჭანტურიას სახლზე თავდასხმა, ცენტრ-პოინტთან დაკავშირებული ინციდენტი და ჟურნალისტ ლუბა ელიაშვილის სახლის დაცხრილვის ფაქტები უახლოეს ვადებში იქნება გამოძიებული. მისი ვარაუდით, ამგვარმა ფაქტებმა, შესაძლოა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რაც, საბოლოოდ, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს გადაავადებს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს არ შედის ხელისუფლების ინტერესებში და, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის მთელი სიმკაცრით დასჯის დამნაშავეებს.
სხვათა შორის, "საეჭვო მოძრაობების" შესახებ ხელისუფლება ინფორმირებული უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია აცხადებს, რომ ძველი "კლანები" რევანშისთვის ემზადებიან:
[ ზურაბ ჟვანიას ხმა] " არის მცდელობები უცხოეთიდან შემოტანილ იქნეს იარაღის პარტიები. არის მცდელობები საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩნდნენ ისეთი ფიგურები, როგორიც არის იგორ გიორგაძე და ესეც იყოს გამოყენებული სიტუაციის ასარევად. თითქმის ყოველდღიურად ხდება სხვადასხვა ადგილზე - რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ - შეკრებები, თათბირები, იმის განსაზღვრა, ვის რამდენი თანხა შეუძლია შესძინოს საერთო საქმეს."
უცნაურია: თუ ხელისუფლება უკანონო ქმედებების შესახებ ინფორმირებულია, რატომ არ აღკვეთს უკანონობას?
XS
SM
MD
LG