Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ წელს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას საახალწლო განწყობის შენარჩუნების საბაბი არ მოუცია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საახალწლო მდიდრული სუფრებისა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში გამართული პომპეზური საზეიმო ღონისძიებების შემხედვარე გაუთვითცნობიერებელ ადამიანს საქართველო, შესაძლოა,

ყველაფრით უზრუნველყოფილ და უზრუნველ სახელმწიფოდ მოეჩვენოს. თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და შრომითი რესურსების კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ქვეყანას, მართლაც, აქვს იმის პოტენცია, რომ თავისი მოქალაქეებისათვის სოციალური გარანტიები შექმნას და ღირსეული პარტნიორი იყოს საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. თუმცა ყველა ამ რესურსისა და პოტენციის უყაირათო და დანაშაულებრივი გამოყენების გამო, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არათუ უმჯობესდებოდა, გარკეული თვალსაზრისით, რეგრესსაც კი განიცდიდა.

გასულ წელს ფორმალურად ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ციფრებში გამოხატულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებშიც თითქოს პოზიტიური ტენდენცია იყო გამოკვეთილი. მაგრამ ამით მოსახლეობას იოტისოდენა შვება არ უგრძვნია და მის სოციალურ მდგომარეობას იმედისმომცემი სტატისტიკისაგან ოდნავადაც არ უხეირია. ეკონომისტები ამ უცნაურ მოვლენას ნამატის არათანაბარი გადანაწილებით, ანუ კორუფციული სქემებით, ხსნიან, როდესაც ეკონომიკური ზრდით სარგებლობს - და თან არცთუ ურიგოდ - მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი, რომელსაც სხვადასხვა მანქანებით - ძირითადად, უკანონოდ - ხელი მიუწვდება ეროვნულ სიმდიდრეზე, ხოლო მეორე და თანაც უდიდესი ნაწილი მოკლებულია ამ სიკეთეს.

თუ არა კორუფცია და არასწორი მენეჯმენტი, რით შეიძლება აიხსნას ის, რომ ეკონომიკის ზრდის პირობებში სახელმწიფო თვეობით ვერ ახერხებდა ბიუჯეტის შესრულებას, ხოლო როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები გეგმის შესრულებას გვიპატაკებდნენ, სინამდვილეში, ეს ხდებოდა მხოლოდ ქაღალდზე, ათასგვარი ფინანსური მაქინაციების წყალობით, ხაზინაში კი რეალურად ფული არ არსებობდა.

გასულ წელს ხელისუფლება გამუდმებით საუბრობდა კონტრაბანდაზე, კორუფციაზე, ძალოვანი და ფისკალური სტრუქტურების უსუსურობასა და მათი თანამშრომლების მექრთამეობაზე, მაგრამ ამ საუბრებით არაფერი იცვლებოდა - სქემები იგივე რჩებოდა. ენერგეტიკა, ნავთობპროდუქტები, სიგარეტის ბიზნესი გასული წლების ქართული ეკონომიკის ყველაზე პოპულარული თემებია - თემები, რომლის შესახებ ვწერდით, ვააშკარავებდით, ვწუხდით, მაგრამ ვერაფერს ვცვლიდით.

საქართველოს უახლესი ისტორიის ერთადერთ პოზიტიურ და იმედისმომცემ მოვლენად რჩებოდა დიდი ნავთობსადენის პროექტი. ამგვარად იყო გასულ წელსაც, როდესაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის მშენებლობა დაიწყო. სხვათა შორის, ეკონომისტთა შეფასებით, ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც გასულ წელს დაფიქსირდა, ამ პროექტის რეალიზაციისა და კაპიტალდაბანდებების წყალობაა. თუმცა ვერც ერთი ქვეყანა, თუნდაც ისეთი მცირე მოცულობის, როგორიც საქართველოა, ვერ შეძლებს თავისი მეურნეობის განვითარებას და ქვეყნაში მძიმე სოციალური ფონის რადიკალურ გაუჯობესებას, მხოლოდ ერთი, თუნდაც ისეთი მნიშვნელობის პროექტის წყალობით, როგორიც დიდი ნავთობსადენია.

ქვეყანაში, რომელშიც ოფიციალურად მთლიანი შიდა პროდუქტის და ეკონომიკური განვითარების ზრდის ტემპი დაფიქსირდა, საბიუჯეტო წელი 250 მილიონიანი გარღვევით დამთავრდა. პენსიონერებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა გაუცემელი ხელფასებისა და შემწეობების დავალიანება განუხრელად იზრდება და საახალწლოდ ერთი თვის პენსიის დარიგება რის ვაივაგლახით ხერხდება. და ესეც მეტისმეტად გაჭირდებოდა, რომ არა საქართველოს მეგობარი ქვეყნების და დონორი ორგანიზაციების დახმარება.

გასულ წლებში ქართულ ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას საზეიმო დღეებში ნამდვილად არ მოუცია საახალწლო ამაღლებული განწყობის დიდხანს შენარჩუნების საბაბი, უფრო პირიქით. თუმცა გასული წლის მიწურულს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარი რევოლუციური ცვლილებების გამო, ახალი, 2004 წელი ბევრისათვის იმედის წლად იქცა. ამ იმედის საფუძველს ხელისუფლებაში მოსულ პერსონალიებზე და მათ პათოსსა და დაპირებებზე მეტად მოსახლეობის განწყობა იძლევა, რომელიც მთლიანად შემზადებულია ცვლილებებისათვის და თუ ეს ცვლილებები ადეკვატური არ აღმოჩნდა, არა გვგონია იმავე მოსახლეობამ, რომელმაც გასულ წელს თამამი და უპრეცედენტო მოქმედებით გააკვირვა მსოფლიო, მშვიდად და მორჩილად აიტანოს მორიგი ცრუ დაპირებები. იმედი დავიტოვოთ, რომ ამგვარი დაპირებების დრო საქართველოში 2003 წელთან ერთად დასრულდა.
XS
SM
MD
LG