Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 იანვრის არჩევნებს კრიტიკულადაც აფასებენ


დავით პაიჭაძე, თბილისი 5 იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, წესისამებრ, პრესკონფერენცია გამართეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიათა წარმომადგენლებმა

- ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის წევრებმა.

რა თქმა უნდა, 4 იანვრის არჩევნები განწირული იყო საიმისოდ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები მას 2 ნოემბრის არჩევნებზე პოზიტიურად შეაფასებდნენ. ასეც მოხდა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ბრიუს ჯორჯმა, ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მათიას იორშმა აღნიშნეს პოზიტიური ძვრები და ცვლილებები, რაც 4 იანვრის საარჩევნო პროცესს განასხვავებდა ორი თვის წინანდელისგან. ჩვენი ყურადღება უფრო კრიტიკულმა შენიშვნებმა მიიპყრო.

[მათიას იორშის ხმა] "უეჭველია, რომ ეს არჩევნები შორს არის სრულყოფილებისაგან. ჩვენ არავის ვაკრიტიკებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ არჩევნებს აკლდა კონკურენცია. არც დრო იყო საკმარისი და არც ჩვენ გვავიწყდება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მხოლოდ 35 დღეა პოსტი უკავია."

4 იანვარს საარჩევნო ყუთებში მაინც სტენიდნენ ბიულეტენებს, თუმცა ამას ვერ შევადარებთ 2 ნოემბრის მოვლენებს - განაცხადა მათიას იორშმა და დასძინა, რომ არც ამომრჩეველთა სია იყო სრული, მაგრამ საერთაშორისო დამკვირვებლებმა მიიღეს სიები იმ პირობით, რომ მომავალ არჩევნებში მსგასი რამ აღარ იქნება.

ევროსაბჭოს წარმომადგენლის კრიტიკა გადასწვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესსაც:

[მათიას იორშის ხმა]: ცენტრალური და უფრო დაბალი რანგის საარჩევნო კომისიათა შემადგენლობა ამ ქვეყანაში კარგი არ არის. თუ ე.წ. "ბეიკერის ფორმულა" წინა არჩევნებზე ყოფილმა ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა, ახლა იგივე შეიძლება ითქვას მოქმედ ხელისუფლებაზე. ამდენად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლად არჩეულმა პარლამენტმა უნდა გააუქმოს ბეიკერის ფორმულა და დაამკვიდროს ყველა დონის საარჩევნო კომისიათა უკეთესი შემადგენლობა".

მათიას იორშის თქმით, საარჩევნო კომისიათა წევრები თავიანთი ქმედებით ზოგჯერ ხელს უწყობდნენ ფავორიტ კანდიდატს. საქართველოსთვის იმპერატიულია, მოახდინოს საარჩევნო კომისიათა დეპოლიტიზება. ეს არჩევნები წინაზე ბევრად უკეთესი იყო, მაგრამ რეალური გამოცდა მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება, - განაცხადა ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

4 იანვრის არჩევნების მიმართ მხოლოდ ევროპელი ექსპერტები არ გამოთქვამენ კრიტიკას. მე გავესაუბრე ტრადიციონალისტთა კავშირის წევრს ირაკლი მელაშვილს:

[მელაშვილის ხმა] "როცა გუშინ პირველ შედეგებს მოვუსმინე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ვიღაც მეუბნებოდა: დაუჯერე საკუთარ ყურებს, მაგრამ არ დუჯერო საკუთარ თვალებს."

ირაკლი მელაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, მაგრამ ამტკიცებს, რომ ციფრული მონაცემები ამომრჩევლის აქტივობის შესახებ გაზვიადებულია. ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობა აქტივობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ სასწაული შედეგები მივიღეთ, ამბობს ირაკლი მელაშვილი:

[მელაშვილის ხმა] "განსაკუთრებით საეჭვოა რაჭის 96%. იქ სოფლები დაშორებულია საარჩევნო უბნებს და გამოდის, რომ მოსახლეობამ დათოვლილი ტყეები ფეხით გაიარა ხმის მისაცემად. ან მცხეთა-მთიანეთის 93% ავიღოთ. გურიამ წინა არჩევნებზე ხელისუფლების ბლოკს მისცა 94% და ახლაც 94% აჩვენა. თუ ის, წინა მაჩვენებლი, იყო საეჭვო, რატომ არ არის საეჭვო ახლანდელი პროცენტი"?

ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ ბევრ ადგილას ადგილობრივმა ადმინისტრაციებმა, ლოიალობის დასადასტურებლად, დათვური სამსახური გაუწიეს ხელისუფლებას. ხელისუფლება თანახმაა, მიიღოს და გამოაცხადოს მაღალი პროცენტული მაჩვენებლები, რითაც, ირაკლი მელაშვილის აზრით, მიანიშნებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ხელისუფლება საკუთარი სურვილისამებრ განსაზღვრავს.
XS
SM
MD
LG