Accessibility links

logo-print

ახალი თაობის საქართველო შობას ზეიმობს


თავის საახალწლო სატელევიზიო მიმართვაში საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ გაგვახსენა, რომ 2003 წელს ხელისუფლებაში მოვიდა ახალი თაობა, და მოუწოდა ყველას,

მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში, 4 იანვარს კი ილია მეორემ თავად მისცა ხმა საქართველოს ახალ პრეზიდენტს. დღეს ახალი თაობის საქართველოში მართლმადიდებლები შობას ზეიმობენ. როგორი იქნება ეკლესიის როლი ახალ საქართველოში? - ამ კითხვით მივმართე შუა საუკუნეების ეპოქის სპეციალისტს, ახალგაზრდა ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილს.

ახალგაზრდა მორწმუნეები კმაყოფილებას ვერ მალავენ "ვარდების რევოლუციის" დღეებში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციით. ჩვენთან საუბარში ლევან გიგინეიშვილი იხსენებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის განცხადებას, რომელიც საქართველოს პატრიარქმა ედუარდ შევარდნაძის გადადგომის წინ გააკეთა:

[ლევან გიგინეიშვილის ხმა] "სწორი პოზიცია დაიკავა საქართველოს ეკლესიამ ამ კონფლიქტში, რადგან იქითაც და აქეთაც იყვნენ მორწმუნეები - ყოველ შემთხვევაში, თავს მიაკუთვნებდნენ მორწმუნეებს. ეკლესიას რომ დაეკავებინა ერთ-ერთის მხარე, ეს გამოიწვევდა განხეთქილებას... მოწოდება, რომ არ დაღვრილიყო სისხლი და არ ყოფილიყო ძალადობა... ასე უნდა მოეწოდებინა ეკლესიას, რადგან სიძულვილის ვნებას ნებისმიერ შემთხვევაში უპირისპირდება ქრისტიანობა. შეიძლება არ იცოდე პოლიტიკაში რა ხდება, ფიქრობდე, კონიუნქტურა ხომ არ არის, ამიტომ ცხადი არ იყოს რას აკეთებენ და რას ფიქრობენ პოლიტიკოსები, მაგრამ ყოველთვის ცხადია, რომ სიძულვილის ვნება არის ცოდვა."

ლევან გიგინეიშვილის თქმით, ახლა ჯერი ეკლესიის გარდაქმნაზეა. ეკლესია არ უნდა დარჩეს "მძინარე მზეთუნახავის" როლში და მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს სამოქალაქო საზოგადოების შექმნაში.

[ლევან გიგინეიშვილის ხმა] "ქრისტიანობა უფრო მიმართულია შინაგანი ცვლილებიდან გარეგანი ცვლილების დამყარებაზე - არა სტრუქტურის შექმნით, რომ საზოგადოება გახდეს სამართლიანი, არამედ პიროვნების შინაგანი შეცვლით. მაჰათმა განდიც ამბობდა, დემოკრატია გარედან კი არა, შიგნიდან მოდისო. მაჰათმა განდი აქაც თანხმდება ქრისტიანობასთან, რომ სამართლიანობა მოდის შიგნიდან და პიროვნული გარდაქმნა იწვევს საზოგადოების გარდაქმნას... ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიას, მაგრამ ის ხალხი, ვისაც არ ესმის, რა არის სამოქალაქო საზოგადოება, მათი მენტალიტეტის გარდაქმნა უფრო ძნელი იქნება, ვიდრე პოლიტიკური სტრუქტურის შეცვლა."(სტილი დაცულია)

ქართველი მორწმუნეები, რომლებიც ქვეყანაში რეფორმების განხორციელებას მოითხოვენ, შიშობენ, რომ თუ რეფორმატორებს შორის მხოლოდ ათეისტები იქნებიან, ქვეყანა ძალადობას და სისხლისღვრას ვერ გადაურჩება. მართალია, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის სოციალური ფაქტორი არ არის ისევე მნიშვნელოვანი, როგორც დასავლური ქრისტიანობისთვის, ჩვენი რესპონდენტის თქმით:

[ლევან გიგინეიშვილის ხმა] "მართლმადიდებლური ეკლესია არ მოუწოდებს ადამიანს, რომ რუსთაველის სიტყვებით რომ ვთქვათ, "იყოს პირუტყვი მჩმუნავი", ანუ არ ამოიღოს ხმა უსამართლობაზე... გარეგნული მოქმედებაც საჭიროა, რომ შენი მენტალობა ანახო, ოღონდ ეს არ უნდა იყოს სიძულვილით."(სტილი დაცულია)

ქართველი მორწმუნეების უმრავლესობა გასული წლის ნოემბრის მოვლენებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პიროვნებათა როლს, საერთაშორისო თანამეგობრობას, თუმცა რევოლუციის მშვიდობიან დასრულებას ღვთის მადლს უფრო უკავშირებს:

[ლევან გიგინეიშვილის ხმა] "მე ვეთანხმები ნინო ბურჯანაძეს: ღმერთმა დაგვიფარა... შეიძლებოდა გამწარებულ ხალხს მართლა რუმინეთის მაგალითისთვის მიებაძა... რუმინეთი დღესაც განიცდის ჩაუშესკოს დახვრეტას."

თუმცა პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა გამარჯვების ეიფორიაში არ უნდა გადაიზარდოს. გამარჯვების სიხარულმა ხალხს "კუდიანებზე ნადირობის" ვნება არ უნდა გაუღვიძოს. ჩვენი საუბრის ბოლოს ლევან გიგინეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ 2004 წლის შობის დღესასწაული საქართველოში სამოქალაქო მშვიდობის დამყარების პირველი ეტაპი იქნება:

[ლევან გიგინეიშვილის ხმა] "ვკითხულობდი იოანე ოქროპირის ერთ აზრს... შენ თუ ხედავო, რომ ღმერთმა ვიღაც დასაჯაო თავისი ცოდვების გამო, შენ თუ ნიშნისმოგება გაქვს, აი, ღმერთი სჯის და ღირსი იყოო, ეს შენი ცოდვააო, მაშინაც, როცა იცი, რომ ღმერთი სჯის, მაშინაც უნდა გებრალებოდეს, ნებისმიერ შემთხვევაში გულგრილობა და ნიშნის მოგება ცუდი მდგომარეობაა ადამიანისთვის."(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG