Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 521-ე გამოშვება


დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" 521-ე გამოშვებას. დღეს შევეხებით საქართველოს პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის გარშემო წარმოშობილ დავას, თუმცა ამ საკითხზე ვიმსჯელებთ არა პოლიტიკური, არამედ ისტორიულ-კულტუროლოგიური კუთხით; შემდეგ, ექსპერტის დახმარებით, შევეცდებით დავადგინოთ, რამდენად სამართლიანად შუქდებოდა წინასაარჩევნო კამპანია საქართველოს მედიაში; შემოგთავაზებთ მასალას გერმანიის გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაინეს" ერთი არცთუ სასიამოვნო პუბლიკაციის კვალდაკვალ, რომელიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ზურაბ აზმაიფარაშვილის მოღვაწეობას ეხება. რადიოჟურნალის ბოლოს კი ვარსკვლავებს მივაშურებთ და გიამბობთ მარსზე ამერიკელთა წარმატებული კოსმოსური მისიის შესახებ. "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

შტრიხები საქართველო პრეზიდენტის ახალი რეზიდენციისათვის

დავით კაკაბაძე:
ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი ბინას ახალ რეზიდენციაში დაიდებს. საამისოდ შერჩეული შენობა თბილისში, ავლაბარში, ელენე ახვლედიანის აღმართის ბოლოს მდებარეობს. დავით პაიჭაძე შეეცადა, შენობის შესახებ რამდენიმე დეტალი გაერკვია.

დავით პაიჭაძე:
მე-20 საუკუნის, ალბათ, ყველაზე პოპულარული ქართული რომანის, "დათა თუთაშხიას", პერსონაჟმა მუშნი ზარანდიამ ჟანდარმერიაში 23 წელიწადს იმსახურა. ამ წლების დიდი ნაწილი მან კავკასიის ჟანდარმერიაში გაატარა. რომანში წერია, რომ "23 წელი, თუნდ რიგიანად განსწავლული, მაგრამ მდაბიო წარმოშობის კაცისთვის - ეს უპრეცედენტო მოვლენა იყო. სამსახურებრივი გამარჯვებების გამო ზარანდიაზე ამბობდნენ, ჟანდარმერიის მაკედონელიაო."

მსმენელის ნებაა, დღევანდელობას როგორ დაუკავშირებს ამ ციტატებს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ მოვიხმე, რომ კავკასიის ჟანდარმერია ისევ აქტუალური გახდა ქართულ სინამდვილეში. უფრო ზუსტად, აქტუალური გახდა კავკასიის ჟანდარმერიის ყოფილი შენობა, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აიგო და დღეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციად უნდა იქცეს. დაახლოებით 10 წელიწადია, ამ შენობაში თბილისის საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოა განთავსებული.

[კახა ტრაპაიძის ხმა] "კანონმდებლობით, 1987 წლის დადგენილებით, ეს არის აღრიცხული როგორც არქიტექტურული ძეგლი."

საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ კახა ტრაპაიძემ შენობის არქიტექტურულ ძეგლად ცნობის კრიტერიუმებიც ჩამოთვალა:

[კახა ტრაპაიძის ხმა] "პირველ რიგში, ეს არის არქიტექტურული მხარე, გარემოსთან შერწყმის ფაქტორები, ისტორიული განაშენიანება... საერთოდ, თბილისში ასე ცალკე რომელიმე შენობის, როგორც ძეგლის, შესახებ ევროპელებიც და იუნესკოც ნაკლებად ლაპარაკობენ. მთლიანად ქალაქ თბილისის ისტორიული განაშენიანების ურბანული ქსოვილი გახლავთ ძეგლი. ეს შენობა არის მისი ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი. მას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა აქვს და ქალაქის ისტორიული ნაწილის არქიტექტურულ სახეს განსაზღვრავს."

ასეთი მნიშვნელობის მიუხედავად, ძეგლი დღეს გარედანაც და შიგნიდანაც მოყვარეს უბრმავებს თვალს. ძველი, მოუვლელი და თითქმის ავარიული სახლები ირგვლივ, ანგრეული მისასვლელი გზა, ჩაშავებული კედლები და იატაკი... თუმცა შენობის სარეზიდენციოდ შემზადებას უკვე შეუდგნენ: ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა ირაკლი როსტომაშვილმა განმიცხადა, რომ დაიწყო ფასადზე მიდგმული, მანქანების ტექდათვალიერებისა და ექსპერტიზის მიზნით აგებული, ავარიული ფლიგელების დემონტაჟი. ირაკლი როსტომაშვილთან საუბრისას გაირკვა, ვის დაებადა იდეა, ე.წ. "ქალაქის გაის" შენობა პრეზიდენტის რეზიდენციად ექცია:

[ირაკლი როსტომაშვილის ხმა] "იდეა, მანდ განთავსებულიყო პრეზიდენტის რეზიდენცია, მოდის ჩემგან და გეტყვით, რატომაც: ავლაბრის შველის ერთადერთი შანსი არის ამ უბანში ასეთი ობიექტის განთავსება. ინვესტორები სხვაგვარად ვერაფრით ვერ მივმართე იქით. საბაზრო ეკონომიკა ამ ტერიტორიას იხსნის. უამრავი ინვესტიცია და დიდი კაპიტალი წამოვა. ავლაბარი დაუმსახურებლად იყო მიტოვებული. ამით მე ამოვისუნთქებ, რადგან იქ გეგმაზომიერად წავა ინვესტიციების ნაკადი."

რეზიდენციის ირგვლივ ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის პერსპექტივა, ეგებ, ერთგვარი პასუხიც იყოს ავლაბრის ამ ნაწილში მოსახლე მოქალაქეებისათვის, რომლებიც, ცოტა არ იყოს, უფრთხიან უბანში პრეზიდენტის დასახლებასა და, აქედან გამომდინარე, მათი აყრისა და გარეუბნებში ჩასახლების შესაძლებლობას. ირაკლი როსტომაშვილი გამორიცხავს მოსახლეობის დაზარალებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ირგვლივ გაშენებულ ბარაკებს, ცხადია, დაანგრევენ.

-
[კითხვა] "ანუ თქვენ უშვებთ, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის უშუალო სიახლოვეს შეიძლება საცხოვრებელი სახლები იყოს?
-
[ირაკლი როსტომაშვილი] რას ჰქვია, შეიძლება კი არა, აუცილებლად უნდა იყოს. რატომ არ უნდა იყოს?! მე მინდა, რომ ადამიანი ხედავდეს, სად ცხოვრობს პრეზიდენტი. სადაც ახლა შევარდნაძე ცხოვრობდა, იმას სჯობდა, ვთქვათ, კახეთში ეცხოვრა - იტყოდა მაინც, სოფელში ვცხოვრობო. ეს კი არც სოფელი იყო, არც ქალაქი, რაღაც ორღობეში უნდა გაგევლო... რაღაც სიმბოლო უნდა იყოს, პრეზიდენტი რომ ცხოვრობს და დროშა უნდა ფრიალებდეს"...

თბილისის მთავარი არქიტექტორის თქმით, რაკი შენობაში, საკუთრივ ჟანდარმერიის გარდა, ამ უწყების ყაზარმაც იყო განთავსებული, სივრცე რეზიდენციის ღირსეული მოწყობისათვის არსებობს. ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ დიდი სარემონტო სამუშაოები, შესაძლოა, არც იყოს საჭირო და, ძირითადად, კონსტრუქციულ სირთულეებს მოელის. უახლოეს ერთ თვეს, როგორც როსტომაშვილი ამბობს, შენობის ტანის გაშიშვლება დაიკავებს. ნალესებისა და მინაშენების მონგრევა-ჩამოფხეკის შემდეგ საბოლოოდ გაირკვევა, რა მდგომარეობაშია შენობა.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

საქართველოს მედია და არჩევნები. ინტერვიუ საზოგადოების კვლევის ცენტრის ექსპერტთან, მარინა მუსხელიშვილთან

დავით კაკაბაძე:
4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო და ადგილობრივმა მეთვალყურეებმა სხვა არჩევნებთან შედარებით წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. თუმცა, კრიტიკული შენიშვნები მაინც გამოითქვა. მაგალითად, ეუთოს მეთვალყურეთა მისიის აზრით, საარჩევნო კამპანიისას მედიის ყურადღება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისადმი იყო მიპყრობილი, სხვა კანდიდატები მედიაში თითქმის არ მოიხსენიებოდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი კი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი არჩევნებისას მედია უფრო ნეიტრალური სახით წარდგება ამომრჩევლის წინაშე. რატომ ვერ მალავს საქართველოს მედია თავის სიმპათია-ანტიპათიას კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიმართ და რამდენად ნორმალურია ეს? - ამ საკითხებზე თამარ ჩიქოვანი ესაუბრება საზოგადოების კვლევის ცენტრის ექსპერტს პოლიტიკური მეცნიერების კვლევის სფეროში მარინა მუსხელიშვილს.

(იხ. აუდიოვერსია)

დავით კაკაბაძე:
საქართველოს მასმედიის წინაშე არსებულ პრობლემებსა და ამოცანებზე თამარ ჩიქოვანი ესაუბრებოდა მარინა მუსხელიშვილს - საზოგადოების კვლევის ცენტრის ექსპერტს პოლიტიკური მეცნიერების კვლევის სფეროში. მე კი შეგახსენებთ, რომ ეთერშია რადიო "თავისუფლების" ყოველკვირეული რადიოჟურნალი "მეათე სტუდია", რომელსაც პრაღიდან დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

მართლაც ყველა დააშამათა თუ არა ზურაბ აზმაიფარაშვილმა? ერთი საგაზეთო პუბლიკაციის კვალდაკვალ

დავით კაკაბაძე:
გერმანიის გაზეთმა "ფრანკფურტერ ალგემაინემ" წინასაშობაო ნომერში, 23 დეკემბერს, გამოაქვეყნა თავისი საჭადრაკო მიმომხილველის წერილი სათაურით: "ზურაბ აზმაიფარაშვილი ყველას აშამათებს ". მაგრამ არ გეგონოთ, სტატიაში ქართველი დიდოსტატის მორიგ სპორტულ წარმატებაზე იყოს საუბარი. პირიქით, წერილის პათოსი მეტად უარყოფითი გახლავთ: ავტორი გვიამბობს იმ ხრიკებსა და მაქინაციებზე, რომელთა გამოყენებით ზურაბ აზმაიფარაშვილი - მიმომხილველის მტკიცებით - საკუთარი კეთილდღეობისა და სპორტული პოზიციის განმტკიცებას ცდილობს. ქართველი მოჭადრაკის, ფიდესა და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდიუმების წევრის მისამართით წერილში იმდენად მძიმე ბრალდებებია გამოთქმული, რომ გადავწყვიტეთ, დავკავშირებოდით სტატიის ავტორს, გერმანელ საჭადრაკო მიმომხილველსა და საერთაშორისო ოსტატს შტეფან ლიოფლერს.

ბატონმა ლიოფლერმა სატელეფონო საუბრის დასაწყისშივე სცადა, დავერწმუნებინე, რომ სტატია ზურაბ აზმაიფარაშვილისთვის ჩირქის მიცხობის მიზნით არ დაუწერია:

[შტეფან ლიოფლერის ხმა] "საქმე ეხება არა იმდენად ზურაბ აზმაიფარაშვილის პიროვნებას, რამდენადაც პროფესიულ ჭადრაკში შექმნილ მძიმე ვითარებას. და აი, ამ მძიმე ვითარებაში არის ერთი მოქმედი პროფესიონალი მოჭადრაკე, რომელიც ჭადრაკის მმართველ წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ეს კაცი ზურაბ აზმაიფარაშვილია. ჭადრაკის ფუნქციონერთაგან შეიძლება ბევრს ეგონოს კიდეც, რომ ზურაბ აზმაიფარაშვილი თავისი კოლეგა მოთამაშეების ინტერესებს იცავს, მაგრამ პროფესიონალ მოჭადრაკეებთან გამართული არაერთი საუბრის შედეგად თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ასე არ არის."

რას ფიქრობს თავად ქართველი დიდოსტატი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი მის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებზე? ამის დასადგენად გიორგი კაკაბაძემ ბატონი ზურაბი რადიო "თავისუფლების" თბილისის სტუდიაში მიიწვია და მას "ფრანკფურტერ ალგემაინეში" გამოქვეყნებული სტატია გააცნო.

[ზურაბ აზმაიფარაშვილის ხმა] "მე ამაზე ასეთ პასუხს გავცემ, რომ მე ნამდვილად მივედი ფიდეშიც და ნამდვილად მივედი ევროპის საჭადრაკო კავშირშიც, როგორც მე ვთვლიდი და დღესაც ვთვლი ჩემს მოვალეობად, რომ დავიცვა ჩემი კოლეგების ინტერესი, პროფესიონალ მოჭადრაკეთა ინტერესი. და ეს რაში გამოიხატება? თუკი მე ვთვლი, ნამდვილად, რომ ესა თუ ის ორგანიზატორი მეტად იმსახურებს, ვიდრე მეორე და ჩემი კოლეგებისთვის არის გაცილებით უკეთესი პირობები, მე აუცილებლად დავდგები ამ ორგანიზატორის მხარეზე, რომ ტურნირი გადაწყდეს იქ, სადაც ჩემს კოლეგებს უკეთეს პირობებს აძლევენ."

ახლა ვნახოთ, რას წერს ამაზე - ანუ მოჭადრაკეებისთვის სათანადო პირობების შექმნაზე - შტეფან ლიოფლერი: "ევროპის საჭადრაკო კავშირში ასეთი პრაქტიკაა მიღებული: ტურნირების მასპინძლებს იმის მიხედვით კი არ ირჩევენ, რამდენად ოპტიმალურ პირობებს უქმნიან ისინი მონაწილეებს და რამდენად უწყობენ ხელს ჭადრაკის პოპულარიზაციას, არამედ იმის მიხედვით, ვინ მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას პრეზიდიუმში. ვინც თბილისელ დიდოსტატს ერთდროული თამაშის მაღალსაპრიზოფონდიან სეანსზე მიიწვევს, საკუთარ შანსს მნიშვნელოვანწილად ზრდის. თავად მონაწილეებისთვის ევროპის მასშტაბით მოწყობილ ოფიციალურ ტურნირებს ნაკლები სიხარული მოაქვს. კრეტაზე გამართული ევროპის თასის გუნდურ გათამაშებაში, სადაც აზმაიფარაშვილმა პირველ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე საჩვენებელი მატჩი მოაწყო, საასპარეზო დარბაზი უარესი იყო, ვიდრე სხვა ღია ტურნირებზე. თურქეთში, ევროპის პირადი პირველობის დროს, მონაწილეები პირდაპირ გაატყავა "ოფიციალური სასტუმროს" ჩვეულებრივზე მაღალმა ფასებმა. ქართველი მოჭადრაკე კი იქ ოფიციალური მისიით, საპატიო სტუმრის როლში ცხოვრობდა."

ამ ბრალდებებზე ზურაბ აზმაიფარაშვილს ასეთი პასუხი აქვს: [ზურაბ აზმაიფარაშვილის ხმა] "მოგეხსენებათ, რომ ტურნირები ჩვენთან, ევროპაში, არ ინიშნება. ეს არის ტენდერი, ცხადდება ჩვეულებრივი ტენდერი, ტენდერში მონაწილეობს ყველა მსურველი ფედერაცია, და არა მარტო ფედერაციები, ცალკეული ორგანიზატორებიც. შემდეგ ევროპის საბჭოს სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ ყველა წინადადებას. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომელიც ჩვენ გვაქვს შემუშავებული, და ელემენტარულად ვიღებთ გადაწყვეტილებას იმ ქვეყანაზე ან ორგანიზატორზე, რომელსაც საუკეთესო წინადადება აქვს წარმოდგენილი. შარშან ეს შეჯიბრება, სხვათა შორის, უნდა გამართულიყო არა თურქეთში, არამედ საბერძნეთში. საბერძნეთმა ოთხი თვით ადრე, სამწუხაროდ, უარი განაცხადა შეჯიბრების ჩატარებაზე, ვინაიდან მან ვერ უზრუნველყო საპრიზო ფონდი 240 ათასი დოლარი. ჩვენ გამოვაცხადეთ ახალი ტენდერი, ჰოდა მონაწილეობა მიიღო, სამწუხაროდ, მხოლოდ ორმა ქვეყანამ - თურქეთმა და რუსეთმა. თურქეთის პირობები, მინდა გითხრათ, რომ გაცილებით უკეთესი იყო. და აბსოლუტურად ეჭვს არ იწვევდა, რომ შეჯიბრება თურქეთში უნდა გამართულიყო. ეს პირობები არ იყო იდეალური. მეც, ასე ვთქვათ, თანავუგრძნობ ნებისმიერ მოჭადრაკეს, რომ ეს ნამდვილად არ იყო იდეალური პირობები, მაგრამ ეს იყო აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი პირობები."

რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს აზმაიფარაშვილი უპირატესობას ანიჭებდეს ტურნირების იმ ორგანიზატორებს, რომლებიც მას ერთდროული თამაშის სეანსზე მიიწვევენ, ქართველი მოჭადრაკე ამბობს:

[ზურაბ აზმაიფარაშვილის ხმა] "რა თქმა უნდა, ზურაბ აზმაიფარაშვილმა თუ ჩაატარა ერთდროული თამაშის სეანსი, თუ ეს არის კომერციული სეანსი, მას ექნება გარკვეული ანაზღაურება ამ სეანსისა. ჩემდა სამწუხაროდ, 95 წლიდან მე პრაქტიკულად კომერციული სეანსი არ ჩამიტარებია. ყველა ჩემი სეანსი დაკავშირებული იყო საჭადრაკო პროპაგანდასთან."

კიდევ ერთი უზუსტობა, რომელიც, აზმაიფარაშვილის თქმით, შტეფან ლიოფლერის სტატიაშია დაშვებული, ეხება მტკიცებას, თითქოს კუნძულ კრეტაზე გამართულ ევროპის საკლუბო გუნდების თასის გათამაშებაში ქართველ მოჭადრაკეს ბოლო წუთს, ათასგვარი ხრიკის გამოყენებით მოეხერხებინოს ფიდეს შემცირებული ლიმიტის გატანა. როგორც გერმანელი მიმომხილველი მკითხველს განუმარტავს, ამ წესს მოთამაშეთა უმრავლესობა მიუღებლად მიიჩნევს, რადგან ფიქრისთვის გამოყოფილი შემცირებული დროის პირობებში საგრძნობლად ეცემა პარტიების ხარისხი.

[შტეფან ლიოფლერის ხმა] "შემცირებული ლიმიტი უდავოდ ხელს აძლევს აზმაიფარაშვილს, რადგან ის უკეთ მიესადაგება მისი თამაშის სტილს. ის უაღრესად შემოქმედებითი, მაგრამ, ამასთანავე, მეტად პრაქტიკული ყაიდის მოთამაშეა და მის მიერ ბოლო ხანს ნაჩვენები შედეგებიც აშკარად მოწმობს, რომ ახალი წესების პირობებში იგი საგრძნობლად მეტი წარმატებით თამაშობს."

ახლა ისევ ზურაბ აზმაიფარაშვილს მოუსმინეთ:

[ზურაბ აზმაიფარაშვილის ხმა] "იცით რა, იდეა იმისა, რომ ყოფილიყო შემცირებული კონტროლი, ნამდვილად არ წამოსულა ჩემგან. ეს არის საერთო იდეა, ვინაიდან ევროპის საკლუბო შეჯიბრებაზე ჩემპიონის ტიტულისათვის, ისევე, როგორც პირველი სამეულისთვის, იბრძვის დაახლოებით ათი გუნდი, ხოლო მასში მონაწილეობს 45. ეს არის გადასარევი ადგილი, ბრწყინვალე სასტუმრო, გადასარევი პირობები, თბილა... ადამიანს უნდა ელემენტარული დასვენება და, სხვათა შორის, ნორმალური კვება; და შვიდსაათიანი კონტროლი ამის საშუალებას მართლა ნაკლებად იძლევა. აქედან წამოვიდა ეს იდეა და არა იმიტომ, რომ, დავუშვათ, ვიღაცა ცდილობს, რომ ჭადრაკი მაინცდამაინც გადაიყვანოს ბლიც-კონტროლებზე და დაამახინჯოს მისი არსი. სხვათა შორის, ჩატარდა გამოკითხვა მოჭადრაკეებში და კლუბებში. 45 კლუბიდან 26-მა აირჩია ძველი კონტროლი და მიუხედავად იმისა, რომ პირველი სამი კლუბი სიძლიერის მიხედვით (მათ შორის, გარი კასპაროვის კლუბი "კაზანი", მონაწილეობდა გარი კასპაროვი ამ კლუბში, "ბოსნა" სარაევო - ყოფილი ჩემპიონი - და, სხვათა შორის, ახლანდელი ჩემპიონი, საფრანგეთის "ნაო"), სამივე მოსურნე იყო შემოკლებული კონტროლის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უმრავლესობამ გაიმარჯვა და ეს შეჯიბრება ჩატარდა ძველი კონტროლით. ასე რომ, მე მგონია, რომ ჩვენი კორესპონდენტი და საერთაშორისო ოსტატი, ბატონი შტეფან ლიოფლერი ცოტა ცოდავს ამაში, როდესაც ამბობს, რომ თითქოს ახალი კონტროლით ჩატარდა. მას ურჩევნია, რომ შეამოწმოს."

შემოწმებას რაც შეეხება. აი, კიდევ ერთი ციტატა "ფრანკფურტერ ალგემაინეში" გამოქვეყნებული წერილიდან:

"1996 წელს ფიდემ სცადა დაედგინა, საერთოდ გაიმართა თუ არა მეტად უჩვეულო სისტემით მოწყობილი ტურნირი, რომელშიც აზმაიფარაშვილმა საუცხოო შედეგით გაიმარჯვა და უზარმაზარი ნახტომი გააკეთა მსოფლიო რეიტინგში. ოფიციალურად გამოძიების შედეგი არ გამოუცხადებიათ."

სტატიის ავტორის თანამემამულე, ბერლინელი საერთაშორისო ოსტატი და გერმანიის საჭადრაკო ჟურნალ "შახის" მიმომხილველი დირკ პოლდაუფი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ზურაბ აზმაიფარაშვილს ჭადრაკის სამყაროში დიდად სახარბიელო სახელი ვერა აქვს დაგდებული.

[დირკ პოლდაუფის ხმა]: "დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ჭადრაკის სამყაროში იგი კარგი რეპუტაციით ვერ სარგებლობს. იქნებ ეს იმ ტურნირის ბრალიც იყოს, რომელიც 1995 წელს სტრუმიცაში მოეწყო და რომლის დროსაც არაერთი საეჭვო რამ მოხდა. იყო "ჩაწყობილი" პარტიები, რის შესახებაც, მოგვიანებით, ცნობილი გახდა და, სხვათა შორის, თვითონ ზურაბმაც აღიარა, რომ დიდი სისულელე ჩაიდინა. ეს ლაქა მან დღემდე ვერ ჩამოირეცხა."

როგორც ხედავთ, თუ შტეფან ლიოფლერი მაკედონიის ქალაქ სტრუმიცაში ტურნირის გამართვის ფაქტს საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს, მისი კოლეგა დირკ პოლდაუფი არ უარყოფს, რომ შეჯიბრება ჩატარდა. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ტურნირი, მართალია, შედგა, მაგრამ მისი მონაწილეები (ასეთი კი სულ ოთხი იყო) სათამაშოდ ნასვამ მდგომარეობაში ცხადდებოდნენ, რაც საუცხოოდ გამოიყენა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და ელოს კოეფიციენტთა ცხრილში უზარმაზარი ნახტომი გააკეთა.

ჩვენთან საუბარში ზურაბ აზმაიფარაშვილს არ დაუმალავს, რომ იმ ტურნირში მონაწილეობას შეცდომად მიიჩნევს, თუმცა დაბეჯითებით აცხადებს, რომ შეჯიბრება ჩატარდა:

[ზურაბ აზმაიფარაშვილის ხმა]: "მე არც ვპასუხობ ხოლმე სერიოზულად ამას, იმიტომ, რომ მძიმეა... რა უნდა უპასუხო? რომ არ იყო? ვეუბნები, იყო! შეუძლიათ შეამოწმონ. სამწუხაროდ, დღეს ის არბიტრი, რომელიც არბიტრი იყო ამ ტურნირისა, გარდაცვლილია და მას ვერ შეეკითხებიან, მაგრამ არსებობს მაკედონიის ფედერაცია, არსებობს ის მოჭადრაკეები, რომლებმაც ეს ტურნირი ითამაშეს და კიდევ არ ვიცი, რა ხერხები არსებობს იმისა, რომ ეს გამოიკვლიონ."

კიდევ ერთი, არცთუ სასიამოვნო ეპიზოდი, სამწუხაროდ, იმ გამარჯვებას უკავშირდება, რომელიც საქართველოს ვაჟთა ჭადრაკის ისტორიაში ალბათ უდიდეს წარმატებად უნდა ჩაითვალოს. ეს გახლავთ ზურაბ აზმაიფარაშვილის ოქროს მედალი შარშან, თურქეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატში, რომელიც, მართალია, "ძველი კონტინენტის" არაერთი უძლიერესი მოჭადრაკის გარეშე ჩატარდა, მაგრამ საკმარისად მაღალი დონისა იყო საიმისოდ, რათა მასში გამარჯვებამ კმაყოფილების გრძნობა აღგვიძრას. თუმცა, ამ გრძნობას ახლა ხინჯიც გამოერია. ციტატა "ფრანკფურტერ ალგემაინედან":
"ევროპის ჩემპიონის ტიტული მან არნახული შემთხვევის წყალობით მოიპოვა. გადამწყვეტ პარტიაში რუს ვლადიმირ მალახოვთან, რომელიც საბოლოოდ მეორე ადგილზე გავიდა, აზმაიფარაშვილი ოდნავ უკეთეს პოზიციაში შეცდა და ჩაფიქრებული სვლა ერთი სვლით ადრე გააკეთა, რასაც ეტლის დაკარგვა უნდა მოჰყოლოდა. მის ადგილზე თითქმის ყველა დიდოსტატი იქვე დანებდებოდა. მაგრამ ქართველმა მოჭადრაკემ მცდარი სვლა, უბრალოდ, დააბრუნა. ამის უფლება მას მეტოქემ მისცა, რომელმაც, ნეიტრალურ მოწმეთა დასწრების მიუხედავად, ოფიციალურ პირთან ურთიერთობის გაფუჭება არ ისურვა."

ზურაბ აზმაიფარაშვილს ვთხოვეთ, ჩვენი მსმენელისთვის აეხსნა, ზუსტად როგორ მოხდა ყველაფერი.

[ზურაბ აზმაიფარაშვილის ხმა]: "ცოტა ძნელი არის რადიო "თავისუფლების" მსმენელებისთვის ამის ახსნა, იმიტომ, რომ ვინც ჭადრაკთან ახლოს არის, იმისთვის გაცილებით ადვილი არის ამის გაგება... მე გამოვუცხადე მალახოვს ქიში, მან ჩააფარა ეტლი, მე ავტომატურად ჩავიწერე უკვე, სანამ ქიშს გამოვაცხადებდი, ეს სვლები, რომ მე გავცვალე ეტლი და მერე წავედი კუთი, რითაც, პრაქტიკულად, ჩემი პოზიცია, როგორც ბატონი შტეფანი წერს, ოდნავ უკეთესი კი არ იყო, პრაქტიკულად მოგებული, მე შემიძლია მას გავუსწორო, თუ საჭადრაკო ერუდიცია არ ჰყოფნის. მაგრამ მოხდა ესეთი კურიოზი, რომ ეტლის მაგივრად მე კუს ჩავავლე ხელი და, სხვათა შორის, დაფისთვის არც შემიხედია, და მეტოქის რეაქციამ უფრო გამაკვირვა, ვიდრე საკუთარმა, იმიტომ, რომ მეტოქემ თვალებში შემომხედა და მეც შევხედე და... მე ვუთხარი ერთი ფრაზა უბრალოდ, იცით... მეც დავიბენი, ახლა, ისიც დაიბნა... ეს კურიოზი როგორია, იცით, წამიერია. და მე ვუთხარი, ალბათ შენთვის ყველაფერი გასაგებია და რა გავაკეთო, გავაგრძელო თუ, ასე ვთქვათ... ნუ, მეორე ვარიანტი დანებება არის მაგ შემთხვევაში. და მეტოქემ მითხრა, არა გააგრძელეო."

მე შტეფან ლიოფლერს ვკითხე, ჭადრაკის ისტორიაში მსგავსი შემთხვევები თუ ყოფილა-მეთქი.

[შტეფან ლიოფლერის ხმა]: "არ მახსენდება. მხოლოდ ერთი შემიძლია გითხრათ: მე თვითონ გახლავართ მოქმედი მოთამაშე და ამ ერთი თვის წინათ, გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშისას, სასურველი სვლა ერთი სვლით ადრე გავაკეთე, რის შემდეგაც მაშინვე დავნებდი. ამის მსგავსი მაგალითი საკმარისზე მეტი არსებობს. ხოლო რაც შეეხება შემთხვევებს, როცა მოთამაშე სვლას აბრუნებს და მეტოქე ამაზე თანახმაა, ამდაგვარი არაფერი მახსენდება. არსებობს დაუწერელი კანონი: ასეთ სიტუაციაში ყოველგვარი დისკუსია ზედმეტია. შეცდი? - დანებდი. ღირსეული კაციც მაშინ გერქმევა."

რას ფიქრობს ყოველივე ამაზე ზურაბ აზმაიფარაშვილი?

[ზურაბ აზმაიფარაშვილის ხმა]: "დღევანდელი გადასახედიდან და ასე, ლოგიკურად როდესაც აანალიზებ ადამიანი, არა?, შეიძლება მართლაც სულგრძელობა უნდა გამოიჩინო და ყველაფერი დაკარგო და ამ დროს უნდა ადგე, დანებდე და წახვიდე... შეიძლება. მაგრამ როდესაც ეს თამაშდება და მართლა წამებში არის ყველაფერი, იქ ძალიან ძნელია ამის კონტროლი. ჩვენ გავაგრძელეთ პარტია. მე ვთამაშობდი, შემიძლია ვთქვა საკუთარ თავზე, საზიზღრად ამის მერე. საერთოდ სვლას ვერ ვაკეთებდი პირველი ოცი წუთი მართლა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი მე თვითონ ძალიან განვიცდიდი ამ მომენტს. და, მიუხედავად ამისა, მე მალახოვს, სხვათა შორის, სერიოზული შანსი მაშინვე მივეცი, რომ გაეკეთებინა ყაიმი. მალახოვი აცდა ამ ვარიანტს. ბოლოში, როდესაც უკვე პრაქტიკულად მე მივიყვანე მოგებამდე, და ის უნდა დანებებულიყო, მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ახლა ჩავწერთ ყაიმს, მე მოვაწერ ამას ხელს, იმიტომ, რომ ნამდვილად ის იმსახურებდა, როგორც ადამიანი, ამას. მალახოვმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა... არ ვიცი, ახლა როგორ არის... ინგლისურად ამას fair player-ი ჰქვია. პრაქტიკულად შემიძლია დავასახელო საჭადრაკო სამყაროში და, ალბათ, სპორტულ სამყაროში, ასეთი პიროვნებები იშვიათია, როდესაც საკუთარ, დავუშვათ, წაგებას აფიქსირებენ და მორალურ მხარეს მეტ ყურადღებას აძლევენ. არა, მალახოვმა მითხრა, რომ პარტია მე ლოგიკურად მოვიგე, ლოგიკურად გავიმარჯვე და არაფერი საწინააღმდეგო არა აქვს. ნუ, ხინჯად დამრჩა მე ეს მომენტი და განსაკუთრებით, ალბათ, ჩემ ეგრეთ წოდებულ "მეგობრებს". განსაკუთრებით აიტაცეს ეს, ვინაიდან მაქსიმალურად კრიტიკა უნდა გაუკეთონ იმ რეზულტატს, რომელიც მე სტამბოლში ვაჩვენე."

ამაში ბატონ ზურაბს ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რადგან ჩემს არც ერთ რესპონდენტს - არც შტეფან ლიოფლერსა და არც დირკ პოლდაუფს - ეჭვქვეშ არ დაუყენებია ქართველი დიდოსტატის უმაღლესი საჭადრაკო კვალიფიკაცია. სტამბოლის ტურნირში აზმაიფარაშვილის თამაშის შეფასებისას, შტეფან ლიოფლერმა სიტყვა "ფანტასტიკურიც" კი არ დაიშურა.

[შტეფან ლიოფლერის ხმა]: "Er hat ein phantastisches Turnier dort gespielt!"

თავის კოლეგას კვერს უკრავს დირკ პოლდაუფიც:

[დირკ პოლდაუფის ხმა]: "ზურაბ აზმაიფარაშვილის რეპუტაცია, როგორც მოჭადრაკისა, არავითარ ეჭვს არ იწვევს. იგი თამაშის უაღრესად ორიგინალური სტილით გამოირჩევა. მაგრამ ჭადრაკის სამყაროში ეჭვის თვალით უყურებენ მის ერთდროულ მოღვაწეობას, როგორც პროფესიონალი მოთამაშისა და ფუნქციონერისა."

ჩემი გერმანელი რესპონდენტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საერთაშორისო ჭადრაკში დღეს მძიმე ვითარებაა შექმნილი, ზურაბ აზმაიფარაშვილიც იზიარებს:

[ზურაბ აზმაიფარაშვილის ხმა] "დღეს ფიდე არის სერიოზულ კრიზისში. ჩვენ გვექნება თებერვალში როგორც ევროპის კავშირის სხდომა, ასევე ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს სხდომა, და თუკი არ იქნება მსოფლიო ჩემპიონატები დანიშნული თებერვლის თვეში, და თუ ჩვენ არ გვეყოლება ორგანიზატორები, მე პირდაპირ გეტყვით, რა იქნება ჩემი წინადადება კირსან ილიუმჟინოვისადმი. მე დავასწრებ მოვლენებს და ვიტყვი: შევთავაზებ ბატონ კირსანს, რომ კიდევ ერთხელ დაასპონსოროს, ასე ვთქვათ, ჩემპიონატები, კიდევ ერთხელ აიღოს თავის ზურგზე ეს მძიმე ტვირთი - გადაიხადოს ის რამდენიმე მილიონი დოლარი, თუ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა აქვს. თუ არა აქვს ამის შესაძლებლობა და ჩვენ ვერ ვნახეთ ელემენტარულად სპონსორი, არადა დღეს ვართ ჩვენ ძიებაში, სერიოზული ნაბიჯები შეიძლება გაკეთდეს აზერბაიჯანში, შეიძლება ტრიპოლიში... შეიძლება, არ არის ეს საუკეთესო ადგილები საჭადრაკო ტურნირების გასამართად, მაგრამ რა ვქნათ, მეტი გამოსავალი არ იქნება, და კირსანმაც თუ უარი თქვა, და ჩვენ თუ ვერ მოვნახეთ, მაშინ მე მექნება ასეთი წინადადება: მოვიწვიოთ საგანგებო სხდომა, სადაც ჩვენ, მთელი ხელმძღვანელობა, გამოვაცხადებთ ჩვენი გადადგომის შესახებ. მორალურად, მე მგონი, რომ ეს იქნება ძალიან გამართლებული ნაბიჯი იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს თავის საუკეთესო შეჯიბრებას."

თებერვლამდე დიდი დრო აღარ რჩება. რომ იტყვიან, აღდგომა და ხვალეო...

[მუსიკა - მღერის ფრენკ სინატრა "Take me to the moon"]

წარმატებული კოსმოსური მისია მარსზე

დავით კაკაბაძე:
როგორც ფრენკ სინატრა მღერის, ახლა ციურ სხეულებს მივაშურებთ, კერძოდ კი მარსს. მსმენელმა, ალბათ, იცის, რომ კვირას "წითელ პლანეტაზე" ამერიკული რობოტი დაეშვა. ამის შესახებ ჩვენც ვიუწყებოდით 4 იანვარს, საქართველოში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისადმი მიძღვნილი საგანგებო პროგრამის ახალი ამბების გამოშვებაში: [დავით პაიჭაძის ხმა] "დღეს მარსზე დაეშვა ამერიკული მარსმავალი სახელწოდებით "სპირიტ" და უკვე გამოაგზავნა დედამიწაზე "წითელი პლანეტის" პირველი სურათები. ამის შესახებ იუწყებიან შეერთებული შტატების "აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული სააგენტოს", ანუ ნასას წარმომადგენლები. ექვსბორბლიანი რობოტი, რომელიც 180 კილოგრამს იწონის, დედამიწიდან მარსისაკენ 7 თვის წინ გაეშურა. იგი აღჭურვილია მოწყობილობით მარსის ზედაპირის შესასწავლად. ექსპედიციის მიზანია იმის გარკვევა, არსებობს თუ არა მარსზე სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობები...." ეს იყო საარქივო ჩანაწერი: ჩვენი თბილისელი თანამშრომლის, დავით პაიჭაძის ხმა. ახლა კი მარიამ ჭიაურელს მოუსმინეთ: ის უფრო დაწვრილებით ისაუბრებს ამ, ჯერჯერობით, ფრიად წარმატებული კოსმოსური მისიის შესახებ.

მარიამ ჭიაურელი:
რამდენიმე დღეა, მარსიდან დედამიწაზე უმაღლესი ხარისხის ფოტოსურათები ჩამოდის - წითელ პლანეტაზე "სპირიტის" დაშვებიდან სულ მალე გამოგზავნილ შავ-თეთრ გამოსახულებებს 5 იანვარს უკვე ფერადი, სამგანზომილებიანი და მართლაც შთამბეჭდავი ფოტოები მოჰყვა. სხვათა შორის, მათი დათვალიერება ნასას საინტერნეტო გვერდზეა შესაძლებელი და ნამდვილად ღირს კიდეც...

მეცნიერები აღტაცებას ვერ მალავენ. [შონ მაკკიფის ხმა] "ნასასთვის ეს არის დიდებული ღამე. ჩვენ კვლავ ასპარეზზე ვართ. მე ძალიან, ძალიან ვამაყობ მთელი გუნდით! მარსზე ჩავედით! ეს უბრალოდ, დაუჯერებელი მიღწევაა". ეს სიტყვები ნასას დირექტორმა, შონ მაკკიფმა წარმოთქვა და ფრაზით "ჩვენ ისევ ასპარეზზე ვართო", როგორც ჩანს, მიუთითა იმ წარუმატებლობაზე, რომელიც ნასამ განიცადა: შარშან მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდის, "კოლამბიის" დაღუპვით, და 1999 წელს მარსმავალ "პოლარის" ხელმოცარული მისიით.

რაც შეეხება ამჟამინდელ წარმატებულ მისიას, ნასას მეცნიერები მარსმავალს ამზადებენ იმ ადგილის დასატოვებლად, სადაც ის დაეშვა (ლაპარაკია გუსევის კრატერზე) და პლანეტის ზედაპირზე სამოგზაუროდ. ეს მზადება კი, შესაძლოა, კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდეს. ამასობაში, ამერიკელი ასტრონომები მილოცვებს იღებენ: მაგალითად ევროპის კოსმოსური სააგენტოს, ესასაგან, რომლის მარსმავალ" ბიგლს", სამწუხაროდ, ნაკლები წარმატება ხვდა წილად. "ბიგლი" 25 დეკემბერს უნდა დაშვებულიყო მარსის ზედაპირზე, მაგრამ იმ დღიდან მისი სიგნალი აღარავის მისვლია. "ბიგლის" პროექტზე მომუშავე ევროპელებს ისღა დარჩენიათ, თავი დაიმშვიდონ ამერიკელი კოლეგების მიღწევით: [პიტერ ბარატის ხმა] "ძალიან გვიხარია, რომ ამერიკელებმა წარმატებით დასვეს მარსზე თავიანი "სპირიტი". ეს არის დიდი მიღწევა, პროექტზე მომუშავე გუნდის დიდი წარმატება! პირველი სურათებიც უკვე ძალიან შთამბეჭდავია და მოუთმენლად მოველით კვლევის გაგრძელებას", თქვა "ბიგლის" პროექტზე მომუშავე გუნდის პრეს-მდივანმა პიტერ ბარატმა.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, სპირიტი 90 დღე იმოგზაურებს, გაივლის 1 კილომეტრს და გზადაგზა თავს მოუყრის საინტერესო დეტალებს. ის აღჭურვილია მოწყობილობებით ზედაპირზე მტვრის, თუ ქვების შემადგენლობის შესასწავლად, წყლის საძიებლად, აღჭურვილია მიკროსკოპით ცოცხალი ორგანიზმის ნაშთების აღმოსაჩენად...

ამასობაში კი წითელი პლანეტისაკენ კიდევ ერთი რობოტი მიეშურება - "ოპორტიუნიტი", რომელიც 25 იანვარს უნდა დაეშვას მარსის საპირისპირო მხარეზე, იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც მინერალურ რკინაქვას მიაკვლიეს. სადაც რკინაქვაა, იგივე ჰემატიტი, ჩვეულებრივ წყალიც უნდა იყოს...

ასტრონომ რიჩარდ ტეილორის გამარტებით, ორივე ამერიკული მარსმავლით, ისევე როგორც ევროპული "ბიგლით", გამიზნულია იმის დადგენა: [რიჩარდ ტეილორის ხმა] "არის თუ არა ორგანული ქიმიკალიები, რომლებმაც მარსის ზედაპირზე ამოაღწია და რომლებიც მიუთითებს წყალთან დაკავშირებულ ბიოლოგიურ პროცესებზე. თუ ასეთ მითითებას მიაკვლიეს, თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლე არსებობს მარსის სიღრმეში".

რაც შეეხება მარსის ზედაპირს, რიჩარდ ტეილორი ეჭვობს, მას სიცოცხლის, რომ იტყვიან "ნიშან-წყალი" ეტყობოდეს - საამისოდ პლანეტაზე, მისი არსებობის თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე, მეტისმეტად მკაცრი პირობები იყო გამეფებულიო, დასძენს ტეილორი. თუმცა ასე ყველა ასტრონომი როდი ფიქრობს: ზოგი არ გამორიცხავს, რომ მარსზე, რახან მან ატმოსფეროსა და წყლის შენარჩუნება შეძლო, მიკრობები მაინც არსებობდეს.

და თუ მართლაც ასეა, ვინ იცის, პატარა მარსმავლის წყალობით მკვლევრებს იქნებ შესაძლებლობა მიეცეთ, თუ მარსელი მწვანე კაცუნები არა, მარსული მიკროორგანიზმები მაინც გამოიკვლიონ? იმედია, ისინი არ იქნებიან ისეთი აგრესიული, როგორც ომის რომაული ღვთაება, რომლის სახელსაც ატარებს ღამით წითლად მოელვარე, ჩვენგან 400 მილიონი კილომეტრით დაშორებული პლანეტა.

[მუსიკა - მღერის ფრენკ სინატრა "Take me to the moon"]

დავით კაკაბაძე:
ამ იმედით დავასრულოთ "მეათე სტუდიის" დღევანდელი გამოშვება. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG