Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ოქრო - პოლიტიკური დევნის მთავარი იარაღი


ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ძალებმა კორუფციასთან ბრძოლა გამოაცხადეს და მთავარი დამნაშავეების ვინაობაც დაასახელეს. კორუფციაში ბრალდებულთა სიაში,

ძირითადად, მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური მოწინააღმდეგენი არიან - მაგალითად, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე. მას გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა, უდანაშაულობის პრეზუმპციის გაუთვალისწინებლად, ქართული ოქროს განიავება-მითვისება დააბრალეს, თუმცა ახლა სისხლის სამართლის საქმე სულ სხვა ფაქტზე აღძრეს.

წლების წინ ქვემო ქართლის გუბერნატორი ლევან მამალაძე მთავრობის სხდომებზეც კი ღიად ლობირებდა ოქროს საწარმო "კვარციტიდან" ავსტრალიელი ინვესტორების გაძევებას და იქ საკუთარი მეგობრის ზურაბ ლობჟანიძის პოზიციების გამყარებას. ლევან მამალაძისვე აქტიური ჩარევით იყო დანიშნული ზურაბ ლობჟანიძე სახელმწიფო საწარმო "მადნეულის" დირექტორად, რომელიც კვარციტის აქციების მფლობელიცაა.

ეგრეთ წოდებული "ვარდების რევოლუციის" შემდეგ პროკურატურამ მამალაძეს და მის თანამოაზრეებს ძველი საქმეები გაუხსენა და 2003 წლის დეკემბერში სისხლის სამართლის საქმე აღძრა საზღვარგარეთ ოქროს უკანონო გატანასთან დაკავშირებით.

ამ საქმეში მამალაძის ინტერესების დაცვა ადვოკატმა ალექსანდრე ალადაშვილმა იკისრა. სათანადო ორდერის მიღების მიუხედავად, გენერალურმა პროკურატურამ მას მასალები მაინც არ გააცნო. ხოლო 8 იანვარს ალადაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ლევან მამალაძის საქმე კვარციტის საქმისგან გამოაცალკევა და სასამართლოში მამალაძის დაკავების სანქციის გაცემაც მოითხოვა. სასამართლომ ეს მოთხოვნა ისე დააკმაყოფილა, რომ ადვოკატი საქმის მასალებშიც კი არ ჩაახედეს. ლაპარაკია 1997 წელს მამალაძის მიერ უცხოელი ბიზნესმენისგან 35 ათასი აშშ დოლარის გამოძალვის შესახებ.

[ალექსანდრე ალავიძის ხმა] "ხომ გეუბნებით, არაფერი არ ვიცი, არც გვარი. უბრალოდ, წაიკითხა მოსამართლემ და საქმის მასალებს არ გავცნობივარ. ისმის კითხვა: 97 წლის შემდეგ ეს საქმე დევს, ეს მისი ჩვენება არის და არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია ამას, არა? ესე იგი ჩათვალა გამოძიებამ, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულება, რომ ერთი ადამიანის თქმით ერთი ადამიანი დაიჭირო." (სტილი დაცულია)

მამალაძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, სატელეფონო ინტერვიუებში მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურ დევნას უწოდებს.

საქართველოში არ იმყოფება ოქროს წარმოების საქმესთან დაკავშირებული კიდევ ერთი ჩინოვნიკი, ზურაბ ლობჟანიძე. ჯერჯერობით მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა არ დაუწყიათ, თუმცა კი ადგილი აქვს სხვაგვარ დევნას.

9 იანვარს სააქციო საზოგადოება "მადნეულის" სამეთვალყურეო საბჭო ზურაბ ლობჟანიძის თანამდებობაზე ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხის განსახილველად შეიკრიბა. საბჭოს პროკურატურის მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით უნდა ემსჯელა, თუმცა მასალები თვალით არავის უნახავს. შესაბამისად, საბჭომაც უარი განაცხადა ლობჟანიძის უმიზეზოდ გათავისუფლებაზე.
სამეთვალყურეო საბჭოს ამ სიჯიუტის დასაძლევად საქმეში ჩაერთო საწარმოთა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი სერგო კოპროკაშვილი, რომელმაც ლობჟანიძის დაუყოვნებლივ გადაყენება მოითხოვა.

[სერგო კოპროკაშვილის ხმა] "თუ არადა, მეორე საკითხია იქ ჩადებული, პარტნიორთა კრების, აქციონერთა კრების მოწვევა, რომელზეც მერე ვიმსჯელებთ სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობაზე." (სტილი დაცულია)

"მადნეულის" სამეთვალყურეო საბჭომ ამჯერად კოპროკაშვილის ამ ზეწოლას გაუძლო და ლობჟანიძე დაუსაბუთებლად თანამდებობიდან არ გადააყენა. თუ ხელისუფლების წარმომადგენლები კორუმპირებულ მოხელეებთან საბრძოლველად მომავალშიც მხოლოდ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას და ზეწოლას გამოიყენებენ, კრიტიკას საკუთარ რიგებშიც წააწყდებიან. უფლებადამცველმა ელენე თევდორაძემ უკვე გაილაშქრა საკუთარი თანამებრძოლების მიერ კორუფციასთან საბრძოლველად ძველი, დრომოჭმული და არასამართლებრივი მეთოდების გამოყენების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG