Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველ პოლიტიკოსთა განცხადებები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტს იწვევს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სამშაბათს, 13 იანვარს, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბაშიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, სადაც, უწყების ხელმძღვანელობის სახელით,

რუსეთის მხარემ გაოცება გამოხატა წინა დღით საქართველოს სახალხო ფრონტის ლიდერის ნოდარ ნათაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. ნოდარ ნათაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობასა და პოლიტიკურ პარტიებს უფლება აქვთ, ნებისმიერი ფორმით აიძულონ რუსეთი, საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს თავისი სამხედრო ბაზები. რუსეთის მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თბილისი ყველა ზომას მიმართავს რუსეთის სამხედრო ბაზების მიმართ პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად.


13 იანვარს, დღის პირველ ნახევარში, რუსული მედია ავრცელებდა ცნობას, რომ დღის განმავლობაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესი საპროტესტო ნოტით მიმართავდა საქართველოს მხარეს იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც წინა დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ ნოდარ ნათაძემ. თუმცა ზოგიერთი რუსული გამოცემა - მაგალითად, ინტერნეტგამოცემა "გრანი" - გაოცებას ვერ მალავდა, თუ როდის შემდეგ რეაგირებს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ პოლიტიკოსთა განცხადებებზე, ვინც ხელისუფლებაში არ არის. ასეა თუ ისე, შუადღისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცხადებულ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზურაბ აბაშიძეს რუსეთის მხარემ ნოდარ ნათაძის განცხადებასთან დაკავშირებით თავისი შეშფოთება გააცნო. ზურაბ აბაშიძეს რუსეთის რეაქცია ნოდარ ნათაძის მკვეთრ განცხადებებზე არ უკვირს:
[ ზურაბ აბაშიძის ხმა] " თუ ეს რაღაც სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება და არის მოწოდებები ძალისმიერი, პროვოკაციული და ა.შ., შეიძლება რაღაც რეაქცია მისცეს ერთ-ერთმა მხარემ. და გვითხრეს: იმედი გვაქვს, საქართველოს ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯებს, რომ რეალურ ქმედებას მათ მიმართ არ ჰქონდეს ადგილიო."
ზურაბ აბაშიძე იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს დროში რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე გააქტიურდება და მხარეები გადაწყვეტილებას მიიღებენ. მას ასეთი პროგნოზის იმედს აძლევს რუსული მხარის განცხადება, რომ, დაფინანსების გამონახვის შემთხვევაში, სამხედრო ნაწილებისა და ტექნიკის გაყვანა, შესაძლოა, დაჩქარდეს. სახელდება აუცილებელი თანხაც - 500 მილიონი დოლარი.
გულახდილად რომ ითქვას, ძნელი წარმოსადგენია, რა ეგულება რუსეთს ახალქალაქისა და ბათუმის ბაზებში იმდენი, რის გასაყვანადაც 500 მილიონი დოლარის დახარჯვა იქნებოდა აუცილებელი. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ორივე ბაზაზე მომსახურე პერსონალის 70 პროცენტზე მეტი ადგილობრივი მოსახლეობაა, ვისთვისაც ბაზების დახურვის შემთხვევაში საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა, საეჭვოა, რუსეთის მხარის გეგმებში შედიოდეს. საეჭვოა ისიც, რომ აშშ-მა, რომელმაც ორი წლის წინ დააფინანსა ვაზიანიდან და გუდაუთიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებული ხარჯები, 500 მილიონის გადახდა მოისურვოს. თუმცა თბილისში მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ლინ პასკო არ გამორიცხავს ასეთი სახის დახმარებას. თავის მხრივ, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს სტამბულში აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო ბაზები საქართველოდან:
[ ნინო ბურჯანაძის ხმა]"ეს ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შესრულდეს. სამხედრო ბაზები გაყვანილი უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიიდან. და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბაზების საქართველოდან გაყვანის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის ბევრად ნორმალური და კეთილმეზობლური ურთიერთობა იქნება, ვიდრე ეს არის დღემდე."
შეგახსენებთ: ნოემბრის მოვლენების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკოსები რუსეთთან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყების ინიციატივით გამოდიან.
XS
SM
MD
LG