Accessibility links

logo-print

"წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ბოლო ფაზა


შაბათს თბილისთან ახლოს, 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა

სახელობის სამხედრო პოლიგონზე, სტარტი აიღო ქართულ-ამერიკული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის მეოთხე დამამთავრებელმა ფაზამ, რომლის დროსაც მომზადებას უკვე ჯავშანსატანკო ბატალიონის მებრძოლები გაივლიან. 64 მილიონ დოლარად შეფასებული პროგრამის მსვლელობისას საქართველომ უკვე მიიღო 2000-მდე კარგად გაწვრთნილი პროფესიონალი ჯარისკაცი, რომლებიც საბრძოლო დავალებას სხვადასხვა კონფლიქტურ ადგილებში შეასრულებენ. ამასთან, ამერიკის მხარის გადაწყვეტილებით, "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის დახურვის შემდეგ ამერიკელი სპეციალისტები საქართველოში სხვა პროგრამებზე გააგრძელებენ მუშაობას.


ქართულ-ამერიკული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამამ სამხედრო პროფესიას საქართველოში ფასი დაუბრუნა. ყოველი ახალი კონტინგენტის დაკომპლექტების წინ შერჩევას სულ უფრო მეტი მსურველი გადის. ორი თვის წინ, როდესაც პროგრამის მეოთხე და უკანასკნელი, მექანიზებული ბატალიონი კომპლექტდებოდა, შესარჩევი ტური ორმა ქალმაც გადალახა. ერთ-ერთი წარმოშობით აფხაზეთიდანაა და ამიტომ საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა. მეორემ, ზემდეგმა ნანა ტაბატაძემ, რადიო "თავისუფლებას" უთხრა, რომ პროგრამაში ადგილი ყოველგვარი შეღავათის გარეშე, მამაკაცებთან კონკურენციის შედეგად მოიპოვა:

[ნანა ტაბატაძის ხმა] "სხვათა შორის, კაცი უნდოდათ და ქალი არაფრით არ უნდოდათ. მაგრამ მე პირობა დავდე, რომ გვერდით დავუდგებოდი. მეუღლე დაღუპული მყავს, მაგრამ შვილები მყავს, ორი გოგონა, რომლებიც მშობლებთან მყავს ახლა დატოვებული."

საქართველოს მექანიზებული სატანკო ბატალიონიც, წინა სამის მსგავსად, ექსტერიტორიული პრინციპით დაკომპლექტდა და მასში, კონტრაქტის საფუძველზე, საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელია გაერთიანებული. სამხედროების წვრთნის გრაფიკი ძალიან დატვირთულია: ფიზიკური ვარჯიში, ტექნიკის ექპლუატაცია, ტანკის ტარება, სროლები, ტაქტიკური და სამართლებრივი მომზადება. შაბათ-კვირას კი, განწესში მყოფი კონტინგენტის გარდა, სამხედროებს ქალაქში გასვლისა და ახლობლების ნახვის უფლება ეძლევათ. თუმცა ამ შეღავათით ვერ ისარგებლებს დისციპლინის დამრღვევი. სერჟანტმა თემურ ნიჟარაძემ გვითხრა, რომ "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამამ დაამსხვრია მითი ქართველი ჯარისკაცის უდისციპლინობის შესახებ:

[თემურ ნიჟარაძის ხმა] "ჯარისკაცი, პირველ რიგში, დისციპლინირებული უნდა იყოს. რაც ჯარს მოეთხოვება, ეს დისციპლინაა. მე რასაც ვაკვირდები, უკვე მეხუთე ფაზაა ჩვენი ჩამოყალიბების და დისციპლინაც უკეთესია და, საერთოდ, ყველაფერი მალე გამოსწორდება."

ქართულ-ამერიკული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით მომზადება უკვე სამმა ქართულმა ქვედანაყოფმა გაიარა, რომლებიც მალე ერთ, კერძოდ, მე-11 მოტომსროლელთა ბრიგადაში გაერთიანდება. ამ ბრიგადის ფორმირება ვაზიანის ბაზაზე უკვე მიმდინარეობს. ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი ქართველი სამხედროები ე.წ. "ცხელ წერტილებშიც" გამოჩნდნენ. ქართველ "კომანდოსთა" ერთი ასეული ცხინვალთან ახლოს, სამშვიდობო ბატალიონის შემადგენლობაში, მეექვსე თვეა ასრულებს სპეციფიკურ საბრძოლო დავალებას. 2 თებერვლიდან კი მე-16 სამთო-მსროლელთა ბატალიონის ასეული ერაყში გაემგზავრება. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა განაცხადა, რომ ქართული ჯარისა და სასაზღვრო დეპარტამენის ცალკეული ნაწილების წვრთნას ამერიკელი სპეციალისტები შემდგომშიც გააგრძელებენ, მაგრამ ეს არ იქნება "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში.

[რიჩარდ მაილსის ხმა] "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა იყო სპეციალური პროგრამა, რათა მოგვემზადებინა და აღგვეჭურვა ოთხი ბატალიონი. ასე რომ, ეს სეგმენტი მთავრდება. მაგრამ ჩვენ ვაპირებთ მუშაობა გაგრძელდეს არა მხოლოდ წვრთნისა და აღჭურვის მიმართულებით, არამედ გავწვრთნათ საქართველოს არმიისა და სასაზღვრო უწყების სხვა ქვედანაყოფები და, პარალელურად, დავეხმაროთ საქართველოს ხელისუფლებას სამხედრო უწყების რესტრუქტურიზებაში. ასე რომ, თანამშრომლობის პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება."

თებერვლის პირველ დეკადაში ამერიკელი ინსტრუქტორები კიდევ ერთი - ამჯერად ლოგისტიკის - ბატალიონის გაწვრთნას დაიწყებენ, რისთვისაც კვირის დასაწყისში პენტაგონმა საქართველოში 70-მდე სპეციალური ავტოტრანსპორტი გამოგზავნა. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ საქართველოს საკითხებში პოლკოვნიკმა ოთარ შალიკაშვილმა, რომელიც შაბათს გამართულ სამხედრო ცერემონიას ესწრებოდა, ილაპარაკა ასევე თანამშრომლობის ახალ გეგმებზე. შალიკაშვილმა ყურადღება შეაჩერა არასამთავრობო ორგანიზაცია "კიუბიკზე", რომელიც პენტაგონმა საქართველოს სამხედრო უწყების სამოქალაქო სამინისტროდ გარდაქმნის გეგმის შესაქმნელად შეიმუშავა.


[ოთარ შალიკაშვილის ხმა] "ზუსტად რომ ვთქვათ, არსებობდა სამი მოდელი, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ერთ-ერთზე შეჩერდა - მოდელზე, რომელიც სამოქალაქო პირების მხრიდან სამხედროებზე პირდაპირ კონტროლს უზრუნველყოფს. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი დასავლური სამხედრო სისტემის ფუნქციონირებისა. და ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს მხარეს სწორედ ის მოდელი, რომლის თანახმადაც, ქვეყნის პრეზიდენტი სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის მეშვეობით მართავს სამხედრო უწყებას."

მაგრამ ამ მოდელის ამოქმედებამდე საქართველოში გადასაწყვეტია რამდენიმე ძირითადი საკადრო საკითხი. 23 ნოემბრის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების მმართველობაში სრული გაურკვევლობა სუფევს. 19 სექტემბრის შემდეგ ვაკანტურია გენერალური შტაბის უფროსის პოსტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრ გენერალ დავით თევზაძეს 25 იანვარს უჩერდება უფლებამოსილება. ახალი ხელისუფლება კი ჯერჯერობით კვლავაც ღიად ტოვებს შეკითხვას, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში ქვეყნის თავდაცვის ძალებს.
XS
SM
MD
LG