Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოადგება თუ არა საქართველოს რუსეთის გამოცდილება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი კვირას, რუსეთის ტელეკომპანია "ნტვ"-სთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად რუსეთის გამოცდილების გაზიარებას აპირებს.

მისი თქმით, ახალი ხელისუფლება სახელმწიფოში წესრიგს დაამყარებს, რადგან ხალხს წესრიგი მოენატრა. "საქართველო პატარა ქვეყანაა და უამრავი პრობლემა დაგვიგროვდა, რომლებიც ძალისმიერი მეთოდით გადაწყვეტას საჭიროებს", - განუცხადა რუსულ ტელეკომპანიას მიხეილ სააკაშვილმა.
მე შევეცადე გამერკვია, რამდენად გამოადგება საქართველოს, წესრიგის დამყარების თვალსაზრისით, რუსეთის გამოცდილება.


თავიდანვე უნდა ვაღიარო: რესპონდენტთა უმრავლესობას ტელეკომპანია "ნტვ"-თვის მიხეილ სააკაშვილის მიერ მიცემული ინტერვიუ ნანახი არ ჰქონდა. თუმცა ყოველ მათგანს საკუთარი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი რუსული გამოცდილების გაზიარებაზე საუბრისას.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს ლევან ბერძენიშვილს არ აეჭვებს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოსწონს რუსეთის პრეზიდენტის მიერ ოლიგარქებისთვის გამოცხადებული დაუნდობელი ბრძოლა. მისი აზრით, რუსული გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილი სწორედ კორუფციასთან ბრძოლის მეთოდებს გულისხმობდა:
[ლევან ბერძენიშვილის ხმა] " ბუნებრივია, იგულისხმება ოლიგარქების, ანუ უფრო ზუსტად, იმ ჩინოვნიკების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც, უკანონოდ და უსამართლოდ, მეტისმეტად გამდიდრდნენ საქართველოში."
ლევან ბერძენიშვილისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის დირექტორი გია ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ რუსულ გამოცდილებაში უნდა იგულისხმებოდეს ეფექტური სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბება, რაც, მისი აზრით, საქართველოში დღეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად არის ქცეული:
[ გია ჟორჟოლიანის ხმა] "თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმ ცვლილებებს, რაც მოხდა რუსეთში ელცინის რუსეთის შემდეგ, რაც გულისხმობს ხელისუფლების ინსტიტუტების უფრო ეფექტურ მუშაობას - თუ ასეთი შედეგი მივიღეთ, ეს სასურველი იქნებოდა."(სტილი დაცულია)
თვისუფლების ინსტიტუტის წევრი დავით ზურაბიშვილი საწინააღმდეგო მოსაზრებას გამოთქვამს. მისი განცხადებით, საქართველოს არ სჭირდება რუსული გამოცდილების გაზიარება, რადგან ეს გამოცდილება არაფრად წაადგება საქართველოს:
[ დავით ზურაბიშვილის ხმა] " ჩემი აზრით, წესრიგის დამყარების თვალსაზრისით, რუსული გამოცდილება არ შეიძლება გამოადგეს არც ამჟამინდელ და არც მომავალ ხელისუფლებას არასოდეს. ერთი ვიცით - ცარისტული რუსეთის გამოცდილება, მეორე - ბოლშევიკების, მესამე - ვიცით პუტინის გამოცდილება, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე კონტროლის დამყარებასა და ჩეჩნეთის მოვლენებში გამოიხატება. სხვა გამოცდილება არ ვიცით."
რამდენად შესაძლებელია საქართველოში ისეთივე მართული დემოკრატიის შექმნა, როგორიც დღეს რუსეთში არსებობს? რამდენად არის ქართულ საზოგადოებაში მოთხოვნილება რკინის ხელზე? - ფსიქოლოგ დიტო ნადირაძის აზრით, დღეს ჩვენთან პარადოქსული ვითარებაა შექმნილი: მიხეილ სააკაშვილის გულწრფელი მხარდამჭერები არიან ისინიც, ვინც ლიბერალური ღირებულებების ერთგულად აღიარებენ თავს, და ისინიც, ვინც ვერ მალავს რკინის ხელისადმი ნოსტალგიას:
[დიტო ნადირაძის ხმა] " ერთი ნაწილი საზოგადოებისა, რომელიც მოელის მისგან დემოკრატიულ რეფორმებს, ადამიანისადმი ჰუმანურ დამოკიდებულებას, ანუ იმას, რაც 200 წლის განმავლობაში არ იყო, და მეორე კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ასევე აქებენ იმის გამო, რომ, პუტინის მსგავსად, მაგარი ხელი იქნება, შეუძლია დისციპლინის დამყარება და მმართველობის არადემოკრატიულობის გამომჟღავნება. ესეც, ზოგიერთის პოზიციიდან, როგორც გასაკვირი არ უნდა იყოს, დღეს "შექებადია."(სტილი დაცულია)
მაინც რას გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი რუსული გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე საუბრისას, მეტ-ნაკლებად 25 იანვარს გაირკვევა, როცა ახალი პრეზიდენტი ინაუგურაციისას თავის საპროგრამო სიტყვით მიმართავს საზოგადოებას. იმის გარკვევას კი, რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ეს გამოცდილება საქართველოსთვის, გაცილებით მეტი დრო დასჭირდება.
XS
SM
MD
LG