Accessibility links

logo-print

უფლებადამცავი ორგანიზაციები ჩეჩნეთში მიმდინარე ძალადობას აპროტესტებენ


ანდრო ეული, პრაღა ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო,

რომ მოქალაქეობრივ უფლებათა მიუტევებელ დარღვევებს ბოლო არ უჩანს ჩეჩნეთში. აქტივისტები აცხადებენ, რომ დანაშაული ამ მხრივ ფედერალურ ჯართან ერთად ჩეჩენ მეამბოხეებსაც ეკისრებათ.


მეხუთე წელია უკვე, რაც ომი მძვინვარებს ჩეჩნეთში სეპარატისტ მეამბოხეებსა და ფედერალურ ჯარს შორის, და ამ ომში ყველაზე მეტად მშიდობიანი მოსახლეობა ზარალდება.

როგორც ნიუ-იორკში დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის, "ჰიუმენ რაიტს უოჩის" აღმასრულებელმა დირექტორმა კენეთ როთმა განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, რუსი სამხედროები ჩეჩნეთში, "რეგულარულად იტაცებენ, აწამებენ და კლავენ
მშვიდობიან მოქალაქეებს". მისივე თქმით, "ჰიუმენ რაიტს უოჩი" ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმ "სამხედრო დანაშაულის" გამო, რასაც ფედერალური ჯარი სჩადის ჩეჩნეთში [კენეთ როთის ხმა]: "ჩვენთვის გასაგებია რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება ძალა გამოიყენოს მეამბოხეთა წინააღმდეგ. მაგრამ წინააღმდეგი ვართ იმისა, რომ რუსეთის მთავრობა ბარბაროსულ მეთოდებს იყენებს ამ ომში. ის ფაქტი, რომ კვლავაც ხდება ადამიანების გატაცება, წამება და გაუჩინარება მიუტევებელი, დანაშაული, სამხედრო დანაშაულია ამ ომის კონტექსტში".

როთმა აღნიშნა ამასთანავე, რომ დანაშაულს სჩადიან ჩეჩენი მეამბოხეებიც, როცა აფეთქებებს აწყობენ და თავს ესხმიან რუს მოქალაქეებს, და რომ ყველაზე ავადსახსენებელი ამ მხრივ მძევლების აყვანა იყო მოსკოვის თეატრში 2002 წელს.

თომას დე ვაალი ლონდონის ომისა და მშვიდობის ინსტიტუტის ექსპერტია კავკასიის საკითხებში. მისი თქმით, დღეს ჩეჩნეთში არა ორი, არამედ სამი ძალა სჩადის ძალადობას - რუსი ჯარისკაცები, მეამბოხე სეპარატისტები და მოსკოვის მიერ დანიშნული ჩეჩნეთის პრეზიდენტის, აჰმედ კადიროვის უშიშროების ძალები, რომელშიც ჩეჩნები მსახურობენ. დე ვაალმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობისთვის კვლავაც ფედერალურ ჯარს აკისრია, თუმცა კადიროვის ძალები ამ მხრივ, შეიძლება ითქვას ტოლს არ უდებენ რუს ჯარისკაცებს.

ჩვენი რადიოს ჩრდილოკავკასიური რედაქციის დირექსტორს ასლან დუკაევს მიაჩნია, რომ კრემლმა ამჯერად გადაწყვიტა ჩეჩენ მეამბოხეებს თავად ჩეჩნები დაუპირისპიროს, და ამიტომაცაა, რომ აჰმედ კადიროვის ძალები დღეს იმას აკეთებენ ჩეჩნეთში, რასაც აქამდე რუსი ჯარისკაცები სჩადიოდნენ [ასლან დუკაევის ხმა]: "მრავლადაა იმის ნიშნები, რომ კადიროვის უშიშროების ძალები სულ უფრო აქტიურად მოქმედებენ, და ძალზედ ძნელია იმის თქმა, ვინ უფრო მეტ ძალადობას სჩადის, მაგრამ მექმნება შთაბეჭდილება, რომ რუსებს კადიროვის უშიშროების ძალების მეშვეობით სურთ მეამბოხეებთან გამკლავება. თქმა არ უნდა, რომ რუსების სურვილია, რომ ეს კონფლიქტი შიდაჩეჩნურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს".

დუკაევის თქმით, აჰმედ კადიროვის უშიშროების ძალებში, რომელსაც აჰმედის ვაჟი რამზანი მეთაურობს, სულ ცოტა 4,000 მებრძოლი, მათ შორის ბევრი ყოფილი პატიმარი მსახურობს. ასლან დუკაევმა აღნიშნა ამასთანავე, რომ რამზან კადიროვს არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის გატაცებასა და წამებაში ედება ბრალი, და თავისი წინაპრების სოფელში საკუთარი ციხე აქვს განხსნილი.

აჰმედ კადიროვის საგანგებო ძალების ლეგალური სტატუსი გაურკვეველია. ასლან დუკაევს მიაჩნია, რომ ესაა სრულიად უპრეცედენტო შემთხვევა, როცა რუსეთის ფედერაციაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტს საკუთარი უშიშროების ძალები ექვემდებარება.

"ჰიუმენ რაიტს უოჩის" ლონდონის განყოფილების დირექტორმა სტივ კროუშოუმ განცხადა, რომ ჩეჩნეთში შექმნილი ვითარება არა მარტო ამ რესპუბლიკის მოქალაქეების, არამედ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის უშიშროებას უქმნის საფრთხეს. კროუშოუს მიაჩნია, რომ რუსმა ხალხმა ანგარიში უნდა გაუწიოს ჩეჩნეთში მიმდინარე ძალადობიდან მომდინარე შედეგებს, და რომ შეუძლებელია მშვიდად იძინო მოსკოვსა თუ რუსეთის ნებისმიერ სხვა ქალაქში, ვიდრე ჩეჩნეთში არ დამყარდება ჭეშმარიტად სტაბილური ვითარება.
XS
SM
MD
LG