Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთნოუმცირესობებს ხელისუფლების პოლიტკორექტულობა არ აკმაყოფილებთ


ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება წლების განმავლობაში ახსენებდა საზოგადოებას, უფრო მეტად კი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რომ ქართული კულტურა ყოველთვის

გამოირჩეოდა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების მიმართ ტოლერანტობით. ასეთი განცხადებების ფონზე საქართველოში არბევდნენ განსხვავებული კონფესიების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებში ეთნოუმცირესობების გაერთიანებას ხშირად ეჭვით და შიშით აკვირდებოდნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს "არაქართველი" მოქალაქეები სიტყვას "ტოლერანტობა" ხშირად შეურაცხყოფადაც აღიქვამენ.

პოლიტკორექტულობა ზოგჯერ ფარისევლობაში გადაიზრდება ხოლმე - ერთია ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვაზე ზრუნვა და მეორეა მოტივები, რომელიც "მზრუნველებს" ამოძრავებთ. ეთნიკურ უმცირესობებს, ისევე როგორც, საერთოდ, უმცირესობებს, ძალიან მგრძნობიარე ხალხი ქმნის.. ადამიანი, რომელიც უმრავლესობისგან განსხვავდება, სხვებზე უფრო მტკივნეულად აღიქვამს მისი მისამართით გამოთქმულ ყოველ სიტყვას და ძალიან ხშირად მაინცდამაინც არ ენდობა უმრავლესობას.

მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი ეთნოუმცირესობები ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გამო. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ უკმაყოფილონი არიან საქართველოში მცხოვრები ეთნოუმცირესობებიც. სხვა საქმეა, რომ აქამდე საქართველოს ხელისუფლება მათ აქტიურობას ადვილად ახშობდა ხოლმე. მაგრამ ჩვენში ხელისუფლება შეიცვალა. 2004 წლის 13 იანვარს მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" წევრებმა მიმართეს თხოვნით ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაეხმარონ მათ, რათა აიძულონ საქართველოს პარლამენტი მიიღოს კანონი ნაციონალური უმცირესობების უფლებების შესახებ. ქართულ-ოსური კავშირის, "იბერირონის", ხელმძღვანელი მაია ცაბოშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მიესალმება თავად ეთნოუმცირესობებში გავრცელებული სტერეოტიპის ნგრევას - თითქოს ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება ეროვნული უმცირესობების უსაფრთხოების გარანტი იყო:

[მაია ცაბოშვილის ხმა] "მაპატიეთ, დავსვამ მარტივ კითხვას: როდის მოხდა ქართულ-ოსური კონფლიქტი, ქართულ-აფხაზური კონფლიქტი?.. ჩემთვის ორივე ერი, ქართველებიც და ოსებიც, ჩემი იყო და, როდესაც მე დამაყენეს ფაქტის წინაშე, რომ ესაა ეთნოკონფლიქტი, ვიღაცის მიერ მოგონილი ეთნოკონფლიქტი, სინამდვილეში ხომ ეს არ იყო ეთნოკონფლიქტი, კი, ბატონო, ხელისუფლება, ალბათ, აკეთებდა ამას, მაგრამ სადაა შედეგები?"(სტილი დაცულია)

შედეგი რომ იყოს, ეთნოუმცირესობებმა თავადაც უნდა იაქტიურონ. მაია ცაბოშვილის აზრით, უნდა იაქტიურონ არა მარტო ჯგუფურად, ეთნიკური ნიშნით გაერთიანებულ ორგანიზაციებში, არამედ ცალ-ცალკეც, როგორც საქართველოს მოქალაქეებმა:

[მაია ცაბოშვილის ხმა] "არ შეიძლება სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ყველას ჰქონდეს ერთი ხედვა რაღაცისადმი, მე, პირველყოვლისა, ვარ მაია ცაბოშვილი, მერე ვარ უკვე იმ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, რომლითაც ვამაყობ... " (სტილი დაცულია)

იმისათვის, რომ გალღვეს ყინული და ეთნიკურ უმცირესობებს აღარ დასჭირდეთ ვიღაცის მხრიდან გამოხატული "ტოლერანტობა", აუცილებელია ინფორმაციის მიწოდება - საზოგადოებამ უფრო ახლოს უნდა გაიცნოს ეს ხალხი. თუმცა მაია ცაბოშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ დღევანდელ ქართულ პრესას ხშირად არ აინტერესებს, რა აწუხებთ ეთნოუმცირესობების წარმომადგენლებს:

[მაია ცაბოშვილის ხმა] "როდესაც ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფებს არა აქვთ ინფორმაცია ერთმანეთის შესახებ, ეს ბადებს განცდას შიშისას და, როცა იბადება შიშის განცდა, ჩნდება ყრუ კედელი... რა შემთხვევაში ხდება ადამიანთა ჯგუფების დაკავშირება უმცირესობებთან, არა აქვს მნიშვნელობა, რომელთან - ეთნიკურთან, რელიგიურთან თუ სექსუალურთან?
პირველი, როცა ხაზი ესმება მის განსხვავებულობას; არის მეორე მომენტი, როცა არის დაუცველობის განცდა... სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში მეორე მიზეზის გამო ხდება ამის ხაზგასმა და ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ."

ეთნოუმცირესობებს საქართველოში ხელისუფლების პოლიტკორექტულობა აღარ აკმაყოფილებთ. მათ სურთ, თავიანთი შვილები სრულყოფილ მოქალაქეებად აღზარდონ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG